კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფი კი არ ძვირდება, იაფდება

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ადამიანს შეუძლია მისთვის ყველაზე მომგებიანი პაკეტი შეარჩიოს.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სააბონენტო სისტემის შემოღებით მგზავრობა უფრო იაფი გახდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მას შემდეგ, რაც კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თებერვლიდან სააბონემენტო სისტემის შემოღების შესახებ განაცხადა, იგი კრიტიკის ობიექტი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთჯერადი მგზავრობის ფასი გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ახლა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ერთი დღის, ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვის და ერთი წლის პაკეტების შეძენა. ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდას აპროტესტებენ
„ასეთი სისტემა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენ მას საქართველოში ვნერგავთ და ამაზე 2017 წლიდან მიდის საუბარი, როდესაც სატრანსპორტო რეფორმა დავიწყეთ. ეს რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი აბონემენტი, რომელიც ტურისტებზეა გათვლილი. აბონემენტი შეიძლება იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი ან წლიური. მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, თუ რომელ აბონემენტს აირჩევს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აბონემენტების ახალი სისტემით თბილისელები შეძლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ეკონომია გააკეთონ.
„ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს დღეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რამდენჯერ. ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის. ამიტომაც ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობენ, ჯამში მგზავრობა იაფდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიური მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტრანსპორტის ორ სახეობას იცვლის, რაც მას თვეში დაახლოებით 50–60 ლარი უჯდება. აბონემენტების შეძენის შემთხვევაში კი ისინი თვეში საშუალოდ 10–20 ლარის დაზოგვას შეძლებენ.
ამჟამად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ხდება „მეტრომანით“, რომელიც 2 ლარი ღირს. 1 თებერვლის შემდეგ ახალი ბარათი იქნება ასაღები, რომლის ფასზე მერიას ჯერ არაფერი უთქვამს.
ყველა ახალი ამბავი
0