ჩალაუბანში ამოვლებული ჩურჩხელის საერთაშორისო აღიარება და ქართული „სნიკერსი“ ენერგიისთვის

© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილი
მაია ნარიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
დაფიქრებულხართ, ჩვენში ჩურჩხელას მარტო ქალები რატომ ავლებენ? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არავის აქვს. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლის თიხის ჭურჭელზე გამოსახულ ჩურჩხელის ამოვლების რიტუალზეც ჩანს, რომ ეს ჩვენში ერთ-ერთი ის საქმეა, რასაც ოდითგან მხოლოდ ქალი აკეთებს.
ეს მასალა ამ საოცარ ქართულ ენერგეტიკულ საკვებზე და ქართველ მეწარმე ქალზეა, რომლის მიერ ამოვლებულმა ჩურჩხელამ პროექტში Global Creat Women Award-2021 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. იმ პროექტში მსოფლიოს 140 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრი მაია ნარიაშვილი კვების პროდუქტების ექსპერტი გახლავთ და გემრიელ ჩურჩხელას ყველა წესის დაცვით აკეთებს. ამ ხელოვნებას ის თავისი კახელი ბებიებისგან ეზიარა. დღეს მის ჩურჩხელაზე დიდი მოთხოვნაა და არა მარტო საქართველოში. პამდემიამდე ქალბატონი მაია ხშირად მასპინძლობდა სპეციალურად მასთან ჩამოსულ ტურისტებს, რომლებსაც თათარის გაკეთებისა და თონის პურის ცხობის მასტერ-კლასებს უტარებდა.
© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილი
მაია ნარიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მაია ნარიაშვილი
- ქალბატონო მაია, ამბობენ, სოფელში გაზრდილი ბავშვები უფრო ლაღები და შინაგანად თავისუფლები არიანო, თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატებოდა ეს?
- საოცარი, ლაღი ბავშვობა მქონდა. ბევრ თანატოლთან ერთად გავიზარდე. ბებიას, მამის დედას რვა შვილიშვილი ვყავდით, აქედან ყველაზე პატარა მე ვიყავი. ასაკით ერთმანეთს მივყვებოდით. იმ ადამიანებთან ურთიერთობამ, მათმა ზრუნვამ და დახმარებამ ჩემს პიროვნულ თვისებებზე დიდი გავლენა მოახდინა. ბავშვობის მეგობრებთან დღემდე ვმეგობრობ. ახლა როგორიც ვარ, ეს მათი დამსახურებაა, ვისთან ერთადაც გავიზარდე. წარსულში დარჩენილი ბავშვობა მხოლოდ სიტყვითაა წარსული, თორემ მუდამ თან მდევს და მახალისებს, ცხოვრების ძალასა და სტიმულს მაძლევს. ჩვენ, ყველანი შიგნიდან ხომ მუდამ ის პატარა, მეოცნებე ბავშვები ვართ, დიდობის ნიღაბს რომ ჩარჩოში სვამენ...
© courtesy of Maia Nariashviliუცხოელი ტურისტები თონის პურის ცხობის მასტერ-კლასზე ჩალაუბანში
უცხოელი ტურისტები თონის პურის ცხობის მასტერ-კლასზე ჩალაუბანში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
უცხოელი ტურისტები თონის პურის ცხობის მასტერ-კლასზე ჩალაუბანში
- საქართველოში ბებიების გავლენა დიდია ბავშვის ცხოვრებაზე, მათი ხასიათის ჩამოყალიბებაზე, მათზე მოგვიყევით...
- ორი თბილი და ტკბილი ბებია მყავდა, ორი საოცრად მოსიყვარულე ადამიანი, რომლებსაც ჩემს გაზრდა-აღზრდაში თანაბარი წვლილი მიუძღვით. თუმცა, დედის დედისთვის ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი და მასთან სულ სხვა ურთიერთობა მქონდა. ის შედარებით გვიან გარდაიცვალა, ვიდრე მამის დედა, შესაბამისად, მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარება მომიწია.
© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილი
მაია ნარიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მაია ნარიაშვილი
- ბებიებისგან ხშირად ისმის ხოლმე ბრძნული სიტყვა-დარიგებები, მსგავსი რა გახსენდებათ?
- ჩემდაუნებურად მისი იმდენი ფრაზა აღმოჩნდა ჩემს ყოველდღიურ ყოფაში შეუმჩნევლად დამკვიდრებული, რომ ახლაც ვერ ვხვდები, მე მოვტაცე ისინი მას, თუ მან შთამინერგა და ცხოვრების სავალ გზაზე თანმდევად მიქცია... ბებია სულ ამბობდა, ადამიანი ვაჟკაცი უნდა იყოს, სულ ერთია, ქალია თუ კაციო. მას შემდეგ ამხელა ძალის მომცემი ფრაზა არავისგან გამიგია.
© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილის წარმოებული პროდუქცია
მაია ნარიაშვილის წარმოებული პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მაია ნარიაშვილის წარმოებული პროდუქცია
- დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მზარეულები იქნებოდნენ...
- ორივე ბებია ძალიან კარგი დიასახლისი იყო. დღემდე ვცდილობ მათსავით გემრიელი სადილების მომზადებას, მაგრამ როცა ის გემო მახსენდება, ჩემი მომზადებული მასთან ახლოსაც ვერ მივა. განსაკუთრებით მიყვარდა ჩურჩხელა, რომლიც დღემდე ჩემი საყვარელი ნუგბარია. მას ჩემი წინაპრები საუკეთესოდ აკეთებდნენ. ერთ დღესაც ჩემი ბებიების მეთოდები გავაერთიანე, მათი რეცეპტები გამოვიყენე და ძველებური ტრადიციული მეთოდით დავიწყე ყურძნის წვენის მობადაგება, შემდეგ კი ჩურჩხელების ამოვლება.
- ადრე თუ გიფიქრიათ, რომ ბებოს ამოვლებული ჩურჩხელა სამომავლოდ თქვენი საქმიანობის წინაპირობა და სტიმული გახდებოდა?
- სიმართლე გითხრათ, ამ საქმის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ერთხელ ჩემმა მეგობარმა მთხოვა, სოფელში მისთვის სანდოდ მომზადებული ჩურჩხელა მეშოვნა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ვერ ვიშოვე. მაშინ ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი პატარა საქმე დამეწყო. მანამდე არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე ჩურჩხელის წარმოებას დავიწყებდი და ამ მიმართულებით თავის დამკვიდრებას შევეცდებოდი.
© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილის საერთაშორისო პროექტში გამარჯვებული ჩურჩხელები
მაია ნარიაშვილის საერთაშორისო პროექტში გამარჯვებული ჩურჩხელები - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მაია ნარიაშვილის საერთაშორისო პროექტში გამარჯვებული ჩურჩხელები
- საერთაშორისო პროექტში მიღებულმა ვერცხლის მედალმა ალბათ კიდევ ერთხელ დაგარწმუნათ იმაში, რომ სწორ გზაზე დგახართ...
- ასეა. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც საშუალება მომეცა ჩემი ქვეყანა სხვა ღირსეულ ქართველ ქალბატონებთან ერთად მსოფლიოს წინაშე წარმედგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. შევეცადე უცხოელებისთვის გამეცნო ქართული კულტურა, ისტორია, ჩვენი ცხოვრების წესი და ქართული გასტრონომიული კულტურა. ეს ჯილდო ჩემთვის მეტის გაკეთების სტიმული გახდა. მიღებული ჯილდო იმის დადასტურებაა, რომ მე შევძელი და ჩემი ქვეყნის სახე და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე საინტერესოდ წარმოვაჩინე.
- ჩურჩხელას ხუმრობით „ქართულ სნიკერსსაც“ ეძახიან, როგორ შეიძლება მსოფლიო ბაზარზე უფრო პოპულარული გავხადოთ ეს პროდუქტი?
- დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩურჩხელა ჯანსაღ პროდუქტად ითვლება და საქართველოს გასტრონომიული თვითმყოფადობის განუყრელ ნაწილად იქცა. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ჩურჩხელა მსოფლიოში პოპულარული გავხადოთ. ამისთვის ყველას უნდა განვუმარტოთ მისი სასარგებლო თვისებები. ჩურჩხელას გრძელვადიანი შენახვის უნარი და მაღალი კალორიულობა აქვს. იგი მცირე ზომის და გემრიელი პროდუქტია, მისი ყველგან წაღება მარტივია. ადრე, როდესაც მებრძოლები სალაშქროდ მიდიოდნენ, ან შორ მანძილზე, ჩურჩხელა, როგორც ენერგეტიკული პროდუქტი და სასიამოვნო წასახემსებელი საშუალება, აუცილებლად თან მიჰქონდათ. ჩვენს დროში ჩურჩხელას სამართლიანად აქვს მინიჭებული არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი.
© courtesy of Maia Nariashviliმაია ნარიაშვილის მიერ შეფუთული საკუთარი პროდუქცია
მაია ნარიაშვილის მიერ შეფუთული საკუთარი პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მაია ნარიაშვილის მიერ შეფუთული საკუთარი პროდუქცია
- პანდემიის დროს ბევრი დაუბრუნდა თავის სოფელს და მამაპაპისეულ სახლს, თქვენი სოფლის მაგალითზე რას იტყვით?
- ჩვენს სოფელში მიტოვებული სახლები თითქმის არ არის. ჩალაუბანი ძალიან ლამაზი სოფელია და მუდმივი მაცხოვრებლებით დასახლებული. დღევანდელი ცხოვრების პირობებში კარგი იქნება, თუ საშუალება მოგვეცემა ვაწარმოოთ საკუთარი მეურნეობა, მოვიყვანოთ ჯანსაღი პროდუქტი იმ რაოდენობით მაინც, რომ ჩვენი ოჯახი გამოვკვებოთ. დღეს ოჯახურ მეურნეობაში ვეწევით მეცხვარეობას, მებოსტნეობას და მევენახეობას. სამწუხაროდ, მათ რეალიზაციას ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვახდენთ. ალბათ სამომავლოდ ქვეყნის გარეთ მის გატანასაც მოვახერხებთ.
- და, ბოლოს, სად შეიძლება თქვენი ჩურჩხელა შევიძინოთ?
- ჩემი ჩურჩხელა და არა მარტო ის, მხოლოდ ბიო და ჯანსაღი პროდუქტი ,,ორბელიანის ბაზარზე" შეგიძლიათ შეიძინოთ. აქვე მინდა თქვენს მკითხველს და საერთოდ სრულიად საქართველოს წინასწარ მივულოცო შობა–ახალი წელი და ჯანის სიმტკიცე, ხვავი და ბარაქა ვუსურვო მათ. საქართველოში ქალაქი ყოველთვის სოფლით იყო ძლიერი. ქართულ სოფელს აქვს იმის პოტენციალი, რომ მთელი ქვეყანა გამოკვებოს, საამისოდ საჭიროა სიზარმაცეს ვძლიოთ და საკუთარი მეურნეობა ავამუშაოთ. მაშინ ოჯახიც კმაყოფილი გვეყოლება და ქვეყანაც წელში გაიმართება...
ყველა ახალი ამბავი
0