„გულისთვალებით“ აღქმული სინამდვილე, უთვალთმაქცო ურთიერთობები და ბედნიერების თარიღები

© courtesy of Natia Khaduriნათია ხადური
ნათია ხადური - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
მკითხველს სოციალურ ქსელებში გაეცნო ფსევდონიმით „უდაბნოელი“. საკუთარ თავზე ამბობს, რომ არ გააჩნია სტანდარტები და რასაც გული ეუბნება, მხოლოდ იმას წერს.
პოეტი და პროზაიკოსი ნათია ხადური წარდგენილია ტიტულზე „პერსონა 2021“, გამოცემული აქვს ორი რომანი და პოეზიის ერთი კრებული. თავის ლექსებზე ამბობს, რომ მათ უმრავლესობას ადრესატი არ ჰყავს, მაგრამ ისინი ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც კონკრეტულად ვინმეს მიმართ დაწერილი სტროფები.
- ქალბატონო ნათია, თქვენი აზრით, რატომ შეიყვარა მკითხველმა „უდაბნოელი“?
- ალბათ უფრო იმიტომ, რომ ადამიანური გრძნობები უნიღბო სახით წარმოვაჩინე. ყველა პერსონაჟს თავისი განსაკუთრებული როლი და მომხიბვლელობა აქვს და ისინი სუფთა, ნამდვილ, უზღაპრო ისტორიას ქმნიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათში ჩავდე ადამიანების ცხოვრებაში ნამდვილი ურთიერთობების ფასი და წონა. რაღა თქმა უნდა, ისინი წარმოვაჩინე ჩემი გულის მიერ აღქმულად − ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, ან როგორიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს ნამდვილი, უთვალთმაქცო და უანგარო ურთიერთობები.
© courtesy of Natia Khaduriნათია ხადურის წიგნი
ნათია ხადურის წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ნათია ხადურის წიგნი
- თქვენი ძირითადი პროფესია რომელია და მუზას როდის დაუმეგობრდით?
- პროფესიით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. ამ პროფესიას გვიანდელ ასაკში დავეუფლე და ვგრძნობ, რომ ძალიან შემიყვარდა. თუმცა ახლა მხოლოდ ვწერ და როგორც კი ჩემი მესამე წიგნი დაიწერება, პროფესიულ პრიორიტეტებს შემდეგ დავალაგებ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დავუმეგობრდი მუზას, ეს იყო დაწყებით კლასებში, როდესაც პირველი აუდიტორია − ჩემი უბნის ბავშვები მოვიწვიე. მაშინ მე „ვიყავი“ წამყვანი ქეთევან მითაიშვილიცა და პოეტი ნათია ხადურიც. ჯერ წამყვანის სიტყვას წავიკითხავდი ხოლმე და შემდეგ ჩემს დაწერილ ლექსს ან ჩანახატს. ასე დაიწყო ჩემი და კალმის ურთიერთობა, რომელსაც მუზის წყალობა არასდროს აკლდა. თუმცა საზოგადოების წინაშე მხოლოდ ახლანდელ ასაკში გამოვედი.
© courtesy of Natia Khaduriნათია ხადური დასთან ერთად
ნათია ხადური დასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ნათია ხადური დასთან ერთად
- ახლახან მშობლიურ სკოლაში მოგიწყვეს შეხვედრა, როგორ ჩაიარა მან?
- დიახ, ჩემს სკოლაში მიწვეული ვიყავი წარმატებული კურსდამთავრებულის სტატუსით. თუ სადმე სიყვარული, თავმდაბლობა, მოკრძალება, ცოდნა და საქმისადმი ერთგულება არსებობს, სულ ჩემი სკოლის კედლებში ყოფილა ჩაღვრილი. საოცარი ემოციით, ჩახუტებითა და მშობლიური სითბოთი ამავსეს ჩემმა მასწავლებლებმა და ყველამ, ვინც ამ ღონისძიებას დაესწრო. ჩემი მასწავლებლები არიან ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები, უფალს ვმადლობ ყველაფრისთვის.
აქვე ვიტყვი, რომ ჩემი სკოლა დღეს პროფესორ ნოდარ ხადურის სახელს ატარებს. ეს დიდი სიხარული და ამავე დროს ტკივილიცაა ჩემთვის, რადგან ნოდარი ჩემი ბიძაშვილი იყო. როცა იქ ვიყავი, ვიგრძენი, რომ ჩემი სოფლის სკოლას მისი სითბო და ღიმილი ეფინა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს ემოციებს. სხვათა შორის, არაერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ნოდარის ძალისხმევით სკოლაში ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა.
© courtesy of Natia Khaduriშეხვედრა ნათია ხადურთან სოფელ ქვეშის ნოდარ ხადურის სახელობის საჯარო სკოლაში
შეხვედრა ნათია ხადურთან სოფელ ქვეშის ნოდარ ხადურის სახელობის საჯარო სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
შეხვედრა ნათია ხადურთან სოფელ ქვეშის ნოდარ ხადურის სახელობის საჯარო სკოლაში
- ვიცი, რომ თქვენს რომანებში მოვლენებს აღწერთ იმ ფორმით, როგორც მათ თქვენი „გულისთვალები“ ხედავს. უფრო ალამაზებთ სინამდვილეს თუ ამძაფრებთ?
- ალბათ ორივეს ერთად − ვალამაზებ და ვამძაფრებ კიდეც. ჩემს რომანებში ნამდვილად ჩავდე გული და ისეთი განცდები გადმოვეცი, რომლებიც ალბათ სამყაროში არსებულს აღემატება. აი, მაგალითად, ვწერ იმასაც, რასაც ჩემი სული წარმოსახავდა, სინამდვილეში კი არ არსებულა. სხვათა შორის, კარგად გააზრებული, ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული სინამდვილე გაცილებით მეტი სიმშვიდის მომტანია, ვიდრე რომანტიკულ-ეიფორიული მდგომარეობა...
- „არასრულწლოვან ასაკში ჩემმა გათხოვებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ფუნდამენტური მიდგომები ურთიერთობებთან“ − ეს თქვენი ნათქვამია. რაშია გამოიხატება ასეთი მიდგომები?
© courtesy of Natia Khaduriნათია ხადური
ნათია ხადური - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ნათია ხადური
− ისინი გამოიხატება შემდეგში: სინამდვილეში, მოზარდმა არ იცის გრძნობის წონა, მან უბრალოდ იცის ის, რომ სიყვარული კარგია. ამას ზოგადად ვამბობ, რადგან ჩემ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულად იყო. მე არც მყვარებია და საერთოდ არც მიფიქრია სიყვარულზე. მე ვფიქრობდი მხოლოდ წიგნზე, განათლებაზე... როდესაც ასეთი თოთო ფსიქოლოგიით ეჯახები აისბერგს, შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლის მიმართულებას და ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. კარგი ის არის, რომ ჩემი სულის ფუნდამენტი ყოველთვის იყო და არის არა მატერია, არამედ ურთიერთობათა სიწრფელე და სინამდვილე. სამწუხაროა, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სიყვარული ორი ადამიანის თანაცხოვრებით მოდიოდა, რომ მიიხედ-მოიხედები და სიყვარულიც მოვა. როცა მიიხედ-მოიხედები და სიყვარული არსად წავა, ის არის სინამდვილეში ნამდვილი გრძნობა. ნებისმიერი ურთიერთობის ფუნდამენტი ყოველთვის სიყვარულია...
- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
- ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერების ორი თარიღი არსებობს – ეს ორი შვილის დაბადების დღეებია. არსებობს სხვა დღეებიც, როდესაც ბედნიერება მედგა სულში. თუმცა ისინი ზენიტში ავიყვანო და ვთქვა, რომ ბედნიერების მწვერვალები დაპყრობილი მაქვს–მეთქი, ტყუილია. იმდენად, რამდენადაც ყველაფერი ბოლოს მაინც წარსულია...
- მწერალი (პოეტი) ნათია ხადური ყველაზე ხშირად რაზე ეკამათება ხოლმე უბრალოდ ნათია ხადურს?
- პოეტი ნათია ხადური საკუთარ თავთან ისეთი აუტანლად მოქიშპეა, ვერც კი წარმოიდგენთ. ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ერთმა ნათიამ მეორე ნათია ცოტათი მოარჯულა და კამათმაც ცოტა უფრო მშვიდობიანი დიპლომატიის ელემენტები შეიძინა. სულ მინდა, რომ არავის ვაწყენინო, მაშინაც კი, როცა ამის რეალური საბაბი არსებობს. სულ მინდა, რომ ცოტათი მაინც მივბაძო „ღვთისმოსავ“ ადამიანს, უპირობოდ შემეძლოს სიკეთის ქმნაც და მიტევებაც, სიყვარულიცა და დათმობაც, მეგობრობაცა და თავმდაბლობაც. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მაქვს.
© courtesy of Natia Khaduriნათია ხადური
ნათია ხადური - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ნათია ხადური
- ფატალისტი ხართ თუ გჯერათ, რომ ადამიანის ხელშია ყველაფერი?
- ფატალიზმს რადიკალურად ვემიჯნები. თუმცა არც იმაზე ვამყარებ იმედს, რომ ადამიანი ყოვლისშემძლეა. უდიდესი და უპირველესი ღმერთია. რასაკვირველია, ადამიანებიც უნდა ვირჯებოდეთ, მაგრამ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“. ნამდვილად არ და ვერ დავიბრალებ, რომ ყველაფერს ჩემი დიდი ჭკუის გამოისობით ვაკეთებ. არა. ღმერთმა ინება, რომ უნდა მეწერა, მან მომცა წერის უნარ-შესაძლებლობა.
- როგორ გრძნობს თავს „პერსონა 2021“-ის ტიტულზე წარდგენილი მწერალი?
- ეს არის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების განცდა და გაზიარება. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რომ თუნდაც მხოლოდ მოიხსენიებენ შენს სახელს, ჯერ მარტო ეს ღირს ერთ ცხოვრებად. მერე ასეთი მასშტაბური პროექტის თანამონაწილეობა ხომ თავისთავად ბედნიერებაა. ამის ზუსტად აღწერა ახლა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, დადგება დღე და აუცილებლად დავწერ ამ ღვაწლმოსილ და საოცარ ადამიანებზე, ვინც დააფუძნა პროექტი „პერსონა“ და ვინც წარმოაჩინა ასევე საოცარი ადამიანები. საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, პროექტს უდიდესი ღვაწლისა და დამსახურების პატივცემული, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0