აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებები – რა მიღწევები იყო 9 წლის განმავლობაში

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
საქართველომ რუსეთში 8 წელიწადში 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და რუსეთიდან ტურიზმის გააქტიურება – ამ და სხვა საკითხებს მოიცავს ზოგადი ანგარიში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პარლამენტს წარუდგინა.
აბაშიძე რუსეთთან არაფორმალური დიალოგის საწარმოებლად სპეციალურ წარმომადგენელად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რომელმაც თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აღდგენა დაასახელა. აბაშიძისა და ამჟამად რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის რეგულარულ შეხვედრებზე ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები განიხილება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა დიალოგის მთავარ მიღწევად დაასახელა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2006 წლის შემდეგ იყო შეწყვეტილი.

„2012-2020 წლებში მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა – რუსეთის ბაზარზე გავიდა 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია. ამ წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 22%-ით შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი – 37%-ით და შეადგინა 482 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი გაზრდილია 14%-ით, შეადგინა 812 მილიონი. სულ 1,3 მილიარდის დოლარის სავაჭრო ბრუნვაა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ.

არაფორმალური დიალოგის კიდევ ერთ მიღწევად აბაშიძე მიიჩნევს 2014 წელს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას, რომელიც 2008 წლიდან იყო შეწყვეტილი, და, შესაბამისად, ტურიზმის ზრდას.
„2019 წელს საქართველოს რუსეთიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა ესტუმრა – 1,5 მილიონი ტურისტი ერთ წელიწადში“, – განაცხადა აბაშიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის მოწვევის გაკეთება ვიზის მისაღებად რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა: სტოლტენბერგის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებაზე
წარმატებები იყო ჰუმანიტარული მიმართულებითაც. აბაშიძემ განსაკუთრებით აღნიშნა 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების ვადამდელი გათავისუფლება.
თავისი მუშაობის შედეგების შეჯამებისას მან აღნიშნა, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ტემპერატურის დაწევამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0