კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – ამდენ სიყვარულიან თვალს რომელ პროფესიაში ნახავთ?

© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე
ნინი გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
თავისი პირველი გაკვეთილი 25 წლის წინ ჩაატარა სკოლაში, სადაც თავის დროზე მისი მშობლები სწავლობდნენ, ამის გამო დღემდე გაორმაგებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნინო გაჩეჩილაძემ სასერტიფიკაციო გამოცდები პირველივე წელს ჩააბარა. პატარებს შეხვედრისთანავე გამოუცხადა, რომ მათი „სკოლის დედიკოა“ და მათ ყველაფერში მისი იმედი უნდა ჰქონდეთ.
თვლის, რომ მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს და მოსწავლესთან ,,თანამშრომლობა“ ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმაა...
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე
ნინი გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე
- ქალბატონო ნინო, ყველაზე ემოციური 1 სექტემბერი გაიხსენეთ თქვენი ბავშვობიდან...
- რამდენი დროც უნდა გავიდეს, ბავშვობაში განცდილი დიდი ემოცია მეხსიერებაში ყოველთვის რჩება და ილექება, მოგვიანებით კი სიტუაციურად ამოტივტივდება ხოლმე. ღრმა ბავშვობიდან ასეთი ბევრი ეპიზოდი მახსენდება. ყველაზე ემოციური მაინც 1 სექტემბერი იყო. როგორც ნოდარ დუმბაძის ზურიკელას აცილებდნენ თბილისში სასწავლებლად, სწორედ ასე, სკოლის ეზოსკენ მთელი ოჯახი მომყვებოდა. საკმაოდ მრავლად ვიყავით... თავიდან ცოტა ვღელავდი, მეშინოდა ახალ გარემოში, შიშისგან მუხლები მეკეცებოდა, მაგრამ ერთ კვირაში შეიცვალა ჩემი განწყობა.
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე კარნავალზე საბავშვო-გასართობ ცენტრში
ნინი გაჩეჩილაძე კარნავალზე საბავშვო-გასართობ ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე კარნავალზე საბავშვო-გასართობ ცენტრში
- განწყობის შეცვლა თქვენი პირველი მასწავლებლის დამსახურება იყო?
- რა თქმა უნდა. დაწყებით კლასში მასწავლებელი ამირან ჯახუა მყავდა. კაცი–მასწავლებელი ძალიან იშვიათია სწავლის დაწყებით საფეხურზე, თუმცა არც მაღალ კლასში ჭარბობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, საერთოდ არ გვქონდა დისკომფორტი. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. იმდენი სითბო და სიყვარული გაგვიზიარა მოსწავლეებს, რომ არასოდეს დამავიწყდება. მისი ხმა, ინტონაცია და ემოცია დღემდე მახსოვს. მას არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა. მაშინ პირველ კლასს ნული კლასი ერქვა. დედამ ხუთი წლისა მიმიყვანა სკოლაში. აღნაგობითაც ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩანთას იატაკზე მივათრევდი. ამის გამო მგონია, რომ ამირან მასწავლებელი განსაკუთრებით მიფრთხილდებოდა. სულ ყურში ჩამესმოდა – „ნინი, წელში ნუ იხრები, საზურგეს მიეყუდე“, „ბუფეტში ფრთხილად ჩადი“ და ა.შ. მის მერეც ბევრი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ამირან მასწავლებელი ყოველთვის განსაკუთრებულად მახსოვს, ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს...
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
- პედაგოგის საქმიანობა დაიწყეთ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...
- დიახ, ეს სკოლა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის, თავისი დიდი ისტორიით და გამოჩენილი კურსდამთავრებულების სიუხვით. იმითაც, რომ ჩემი მშობლებიც აქ სწავლობდნენ და ეს კიდევ სხვანაირი პასუხისმგებლობაა. ალბათ ვერც ვიოცნებებდი, რომ მეც ამ სკოლაში მომიწევდა მუშაობა. ერთ დღესაც გავიგე, რომ იქ მასწავლებლის ვაკანტური ადგილი გამოჩნდა. სამი პრეტენდენტი ვიყავით. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი ზარანდიამ პატარა კონკურსი ჩაატარა და ყველას გაგვესაუბრა. 20 აგვისტოს დამირეკეს და საბუთების მიტანა მთხოვეს. ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება – ისეთი ბედნიერი ვიყავი!.. სკოლაში მისვლისთანავე მომცეს პირველკლასელთა საბუთები პირადი საქმეების შესავსებად და მოსაწესრიგებლად. ყურადღებით ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის ფოტოს, ვეცნობოდი მათ და მოუთმენლად ველოდი 1 სექტემბერს.
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
- 25 წლის წინ თქვენი პირველი გაკვეთილი როგორ ჩაატარეთ?
- მახსოვს, ისეთივე ღელვა დამეუფლა, თითქოს პირველ კლასში მე მივდიოდი. შევეცადე პატარებისთვის საზეიმო გარემო შემექმნა და საკლასო ოთახი არსებული საშუალებებით, საკუთარი ხელით მოვრთე. მინდოდა პირველ დღეს დაძაბულობის გარეშე ჩაევლო და ჩემს პატარებს ის განსაკუთრებული ჰქონოდათ. პირველმა გაკვეთილმა ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. კათედრის გამგე, არაჩვეულებრივი ქალბატონი გიული სოსელია საჭირო მითითებებს მაძლევდა. მან გამაფრთხილა, შეიძლება თავიდან რომელიმე მოსწავლემ იტიროს კიდეცო, მაგრამ, საბედნიეროდ, არავის უტირია. ზარი დაირეკა, პატარებს გავეცანი და ვუთხარი, რომ ისინი ერთმანეთისთვის სკოლის და-ძმები არიან, მე კი მათი „სკოლის დედიკო“ გავხდი. თუ რამე დასჭირდებოდათ, ყველაფერში დავეხმარებოდი. ბედნიერი ვიყავი, როცა მათ თვალებში პატარა შიში ნელ-ნელა გაქრა და გაბრწყინებული მზერა დავინახე. ამდენ სიყვარულიან თვალს სხვა პროფესიაში ნახავს ადამიანი?!. ჩემი პირველად ჩატარებული გაკვეთილიდან ბევრი წელი გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერებაა, როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს. ბედნიერია ადამიანი, როცა სამსახურიდან სახლში მიეჩქარება, სახლიდან კი სამსახურში.
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე მოსწავლეებთან ერთად
- მოსწავლეებთან ურთიერთობის რაიმე საკუთარი მეთოდი თუ გაქვთ შემუშავებული?
- რამდენიმე ტიპის მასწავლებელი არსებობს – მენტორი, მეგობარი და პარტნიორი. ბევრ სხვადასხვა ტიპს თვითონ ბავშვებიც ასახელებენ. ვფიქრობ, მთავარია, მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი იყოს. ასეთ მასწავლებელს შეუძლია ჩაწვდეს თითოეული მოსწავლის სულს, წაახალისოს მისი წარმატება და შთააგონოს, რომ ყველაფერს შეძლებს. ასეთი მასწავლებელი მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს და მათ საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს, რითაც ბავშვების თვითშეფასება და სოციალიზაცია მაღლდება.
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩილაძე
ნინი გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩილაძე
- გაკვეთილიც ერთგვარი კომფორტის ზონა უნდა იყოს...
- იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი, დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალური გარემოს შექმნას. აუცილებელია პოზიტიური დამოკიდებულება და სამართლიანობის დაცვა თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში. ვთვლი, რომ ყველაზე მართებული მიდგომაა – მოსწავლესთან ,,თანამშრომლობა“, ესაა ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმა. ჩვენ ყოველდღე, ყველა გაკვეთილზე ვთანამშრომლობთ. ასევე აუცილებელი პირობაა, გაკვეთილი იყოს საინტერესო და ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული. თუ მოსწავლე შეამჩნევს მასწავლებლის პოზიტიურ განწყობას, ის ხალისით თანამშრომლობს შენთან. მოსწავლე თუ მასწავლებელს ენდობა, ის მყისვე გამოხატავს სიყვარულს და თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გადადის.
© courtesy of Nini Gachechiladzeნინი გაჩეჩელიაძე თავისი ხელით მოხატულ საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად
ნინი გაჩეჩელიაძე თავისი ხელით მოხატულ საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ნინი გაჩეჩელიაძე თავისი ხელით მოხატულ საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ერთად
- თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით სასწავლო პროცესში?
- ჩემი ნება რომ იყოს, პირველ რიგში სკოლების ინფრასტრუქტურას მივხედავდი. უკვე რამდენი წელია ველოდებით 23-ე საჯარო სკოლის შენობის გარემონტებას. მწყინს, რომ ასეთ ისტორიულ ძეგლს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა კლასში შევიძენდი საჭირო ინვენტარს და, პირველ რიგში, ელექტრონულ დაფებს. ამ პანდემიის ჟამს მთელი კლასის ბუნებასთან წვდომა ვერ ხერხდება. ამიტომ დიდ ელექტრონულ დაფაზე შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მოვლენაზე დაკვირვება. ასევე მოვაწყობდი საინტერესო ლაბორატორიებს. აუცილებლად გავზრდიდი სკოლის ბიბლიოთეკის როლს. ბიბლიოთეკაში მომუშავე პერსონალი მოსწავლეებს დაეხმარებოდა წიგნის სამყაროს შეცნობაში. მოსწავლე წიგნის ჩაბარების დროს რაიმე საინტერესო კითხვარს შეავსებდა. აუცილებლად დავურთავდი წახალისების ფორმებს მოსწავლისა და მთელი კლასისთვის. უფასო წრეებს გავხსნიდი, სადაც თუნდაც კვირაში ერთხელ მოსწავლეები გაიღრმავებდნენ ცოდნას ამა თუ იმ საგანში. რა თქმა უნდა იმის მომხრე ვარ, რომ ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი იყოს უფასო კვებით. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად წახალისების ფონდს დავაარსებდი. მოკლედ, სკოლაში ისეთი გარემოს შევქმნიდი, რომ აქ მოსვლა როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის ზეიმის ტოლფასი იქნებოდა...
ყველა ახალი ამბავი
0