კობახიძე ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი კვლავ ღიად რჩება.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი უნდა გამოავლინონ – ესაა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობის გაგრძელების ერთადერთი წინაპირობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირაში კობახიძემ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრა გამართა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განიხილა. შეხვედრა შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პარტიებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს. ცვლილებების მიღება კობახიძის ამასწინანდელი განცხადების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მმართველი პარტია ცვლილებების მიღების აზრს ვერ ხედავს.

„ჩვენ გვქონდა განხილვა – შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არცერთი საკითხი დახურული არ არის. ჩვენ მსჯელობას ვაგრძელებთ... ერთადერთი ლოგიკური წინაპირობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ დავინახოთ – პოლიტიკურ პარტიებს სურთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, თუნდაც ბოიკოტის შეწყვეტა, პირობითად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციასთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას ისინი პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.
„დრო ბევრი გვაქვს – 2024 წლამდე სამი წელია. ჩვენ ყველას მიმართ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განისაზღვრება მათი ქცევიდან გამომდინარე. სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, რომელიც მათი მხრიდან ვლინდება საპარლამენტო მუშაობაში. აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი მხრიდან ესეც იქნება მხედველობაში მიღებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციები დაიწყო
მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება კითხვის ნიშნის ქვეშაა (რომელიც ჯერჯერობით პირველი მოსმენითაა მიღებული), ოპოზიციონერები დაჟინებით მოითხოვენ 2%-იანი გამსვლელი ბარიერის დაწესებას, მათ შორის 2024 წლის არჩევნებამდე. აქ ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებას გულისხმობენ.
მმართველ პარტიაში კი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის ბოიკოტისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაუსრულებელი საპროტესტო აქციების გამო დესტრუქციულ ქმედებაში ადანაშაულებენ.
არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპიროვნულად მისაღებად.
გამსვლელი ბარიერის შეცვლით ყველაზე მეტად პატარა პარტიები არიან დაინტერესებული. ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ამჟამად შეუძლია მხოლოდ სამ პარტიას – „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0