თალაკვაძე ტიკარაძის ნაცვლად? ვინ ჩაიბარებს ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს

© press-service of the Parliament of Georgiaარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მინისტრის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტარისას.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს, ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტიკარაძე უწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

„ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და სწორედ იგი წარადგენს ახალ მინისტრს. დეპუტატებმა პროცესებს არ უნდა გაუსწრონ“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახალი მინისტრი იქნება „ღირსეული პროფესიონალი“.
ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს მინისტრის პოსტი. დასახელდა სამი კანდიდატურა – ნინო კობახიძე, ლევან რატიანი, ავთანდილ თალაკვაძე.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
რატომ დატოვა მინისტრმა თანამდებობა: ტიკარაძის განმარტება
ლევან რატიანი საქართველოში ცნობილი ექიმი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორია. ნინო კობახიძე ამჟამად სადაზღვევო სფეროში მუშაობს, მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
რაც შეეხება ავთანდილ თალაკვაძეს, იგი პარლამენტის ექს-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმაა. ამ ეტაპზე თალაკვაძეს ოზურგეთის მერის პოსტი უკავია, მანამდე კი იგი საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი იყო.
აღნიშნულ კანდიდატურებს უკვე დაემატა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, რომელიც გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
რეალურად ვინ დაიკავებს მინისტრის სავარძელს და ვინ გააგრძელებს პანდემიასთან ბრძოლას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0