კაცი, რომლის გახსენების დროს არაფრის შელამაზება არ გჭირდება- მერაბ ხაბაზის მოგონება

© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
დღეს გვინდა ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასული ერთი უნიკალური, ცოტა უცნაური და ძალიან კეთილშობილი კაცი გაგახსენოთ. ვინც მას პირადად იცნობდა გადაუჭარბებლად ამბობს, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან, მაგრამ ძალიან ბევრს და დიდხანს ამახსოვრებინებენ თავს...
1960 წლის „ზამთრის ერთ სუსხიან დღეს“, 12 დეკემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში, ხაბაზების ოჯახში გაჩნდა ვაჟი, რომელსაც მერაბი დაარქვეს. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და ზღვისპირეთში დაბადებულ ვაჟს მთების სიყვარული არ მოასვენებდა, თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე კი არა ერთ მწვერვალს დაიპყრობდა. სკოლა ბათუმში დაამთავრა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის სპეციალობაზე ჩააბარა. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში. მასზე დღემდე ბევრს ყვებიან, პირველ რიგში, როგორც საოცარ რაინდზე. სხვანაირად ხსენების საბაბი მას არც თავისი სიცოცხლით და არც ტრაგიკული დაღუპვით მოუცია...
მოახლოებულ 12 დეკემბერს, ვეცადეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ნიჭიერი მათემატიკოსი და გამორჩეული ალპინისტი. მასზე ამბების მოსათხრობად მის ახლობელ სამ ადამიანს დავუკავშირდით. ცნობილმა ჟურნალისტმა და ალპინისტმა, ივანე ჯაფარიძემ მერაბ ხაბაზზე იშვიათი უნიკალური დოკუმენტური მასალა მოგვაწოდა. ამიტომ სანამ მას ვთხოვთ რაიმე გაიხსენოს, მერაბის მონათხრობს გავეცნოთ:
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი: „მართალია, ქობულეთში მთები არ არის, მაგრამ ჩემი სოფელი საკმაოდ მთაგორიანია. ბავშვობაში ბევრს დავრბოდი ამ გორაკებზე. ახლომახლო პატარა კლდეებიც არის. მათზე ავდიოდი ხოლმე და ჩემს ამ ძრომიალს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. როგორც ყველა სოფლელი ბავშვი, მეც ხან სად დავძვრებოდი და ხან სად, თავისუფალი დრო ჩემთვის შეუზღუდავი იყო –რაც მსურდა იმას ვაკეთებდი. ასე, ნელ-ნელა გაღვივდა ჩემში ცოცვისადმი სიყვარული.წიგნების კითხვაც მიყვარდა. ბავშვობაში წავიკითხე ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის „ანაპურნა”, რომელიც ქართულად ლეგენდარულმა მთამსვლელმა ქალმა ალექსანდრა ჯაფარიძემ თარგმნა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შორეულ და ბუნდოვან მოგონებებად დარჩა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე მათემატიკის ინსტიტუტში, გავიცანი ხალხი, ვინც ადრე მთაში დადიოდა, მათ მასწავლეს გზები როგორ წავსულიყავი ალპინისტურ ბანაკში. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ მთა სერიოზულად გამიტაცებდა“.
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი
- ბატონო ივანე, პირადად თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მერაბ ხაბაზმა?
- ცხოვრებაში მრავალ ადამიანს შევხვედრივარ, ახალგაზრდასაც, თანატოლსაც, ასაკოვანსაც, მაგრამ იშვიათად მინახავს ისეთი დახვეწილი, განათლებული, ღირსეული, მშვიდი და მოკრძალებული პიროვნება, როგორიც მერაბ ხაბაზი იყო. 2001 წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მთამსვლელთა მოთხოვნით შეიქმნა საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდიუმის წევრი, მერაბ ხაბაზიც იყო.
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი
- მთასვლელები ხშირად იკრიბებოდით ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპურ კლუბში, იმ შეხვედრებიდანრას გაიხსენებთ?
- ქართულ ალპინიზმში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, კლუბში ხშირად ვიკრიბებოდით და ერთმანეთს შეხედულებებსა თუ მოსაზრებებს ვუზიარებდით, რაც არც თუ იშვიათად კამათშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ერთადერთი, ვინც თავის მოსაზრებას ან შეხედულებას მათემატიკური სიზუსტით, მშვიდად, აუღელვებლად, სულ რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბებდა და შემოგვთავაზებდა, მერაბი იყო. მისი ეს თვისება განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა. თუმცა, მისი ბიოგრაფია სხვებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, პირადად მასში იყო რაღაც არასტანდარტული და თავისთავადი, რაც ყველასაგან გამოარჩევდა.
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად
მერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად
ჩვენთან საუბარში ცნობილმა ალპინისტმა, მერაბ ხაბაზის მეგობარმა, ბენო ქაშაკაშვილმა გაიხსენა:
-საერთოდ ასეა, ჩვენშიც და უცხოეთშიც, ყველა ცდილობს ხოლმე, რომ გარდაცვლილი ადამიანი უფრო შელამაზებულად გაიხსენოს. აი, მერაბის გახსენების დროს არაფრის შელამაზება არ გჭირდება. სინამდვილეშიც ასეთი იყო: ვაჟკაცური, პრინციპული, ღრმა ცოდნისა და ინტელექტის მქონე პიროვნება და მთასვლელი. საკუთარი თავის და საქმეების აფიშირება არასოდეს უყვარდა, საოცრად მშრომელი ადამიანი იყო. მას ჰქონდა სამი ადგილი, სადაც ყოველთვის იყო: ან ოფისში იჯდა, ან ბოტანიკურ ბაღში, ლეღვთახევში, (სადაც ზამთარშიც ნახავდით) ან მთაში. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ზედმეტ სახელად „ბენჟამინს“ მეძახდა. მახსოვს, ზალიკო ქიქოძე და მერაბი მეგობრობდნენ და მე ცოტა არ იყოს, ვეჭვიანობდი, დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი... სხვათაშორის, როცა მერაბი გარდაიცვალა უცხოელმა მთასვლელებმა მასზე თითქმის ჰემინგუეის სტილში, საოცარი მოგონება დაწერეს. ისეთი, როგორსაც მხოლოდ ასეთ კაცზე თუ დაწერ, თანაც, გადაუჭარბებლად...
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი ქალიშვილთან ერთად
მერაბ ხაბაზი ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი ქალიშვილთან ერთად
ალპინისტზე სამი კითხვა მის მეუღლეს, რუსა ხაბაზსაც დავუსვით:
- ქალბატონო რუსა, როგორია მერაბ ხაბაზზე თქვენეული მოგონება?
- მერაბზე, როგორც მათემატიკოსზე და ალპინისტზე-თავად მათემატიკოსები და ალპინისტები უკეთ იტყვიან. ფოტოებსაც სხვები უღებდნენ. მე რა ფოტოებიც მაქვს, ყველა ჩემი „ფეისბუკის“ გვერდზე დევს. რა შეიძლება ასეთ მეუღლეზე თქვას ქალმა? როგორ უყვარდა? როგორ გაუარაფრდა სიცოცხლის 16 წელი?.. რა გითხრათ...
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი
- ერთმანეთი როდის გაიცანით?
- მე რომ ჩავირიცხე უნივერსიტეტში, მერაბმა იმ წელს დაამთავრა მათემატიკის ფაკულტეტი და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. მერაბი ჩემი ბიძაშვილის, ლევან ჩიქვინიძის სიყრმის მეგობარი იყო. ისინი უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ. ლევანის მეჯვარე და შვილის ნათლია იყო და იმდენად უყვარდა ლევანს, რომ თავის შვილს მერაბი დაარქვა. მერაბი ძალიან განათლებული იყო და კითხვა უყვარდა.
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი
მერაბ ხაბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი
- ამბობენ, წიგნის გარეშე მთაშიც არასოდეს უნახავთო...
- როცა სახლში ახალი წიგნები გამოჩნდებოდა, უკვევიცოდი, რომ მერაბი მთაში წასვლას აპირებდა- ზურგჩანთაში რამდენიმე წიგნი სულ ჰქონდა. ზეპირად იცოდა პოეზია, უყვარდა ვაჟას პოემები, გალაკტიონი. არაჩვეულებრივი თხრობის უნარი და ხალასი იუმორიჰქონდა.ესპანური ენა ძალიან კარგად იცოდა და ესპანური ჟურნალებისთვის მასალებს შეკვეთით წერდა. ეს ჟურნალები სახლში მაქვს და მათი გამოყენებით წიგნის გამოშვებას ვაპირებ. შემდეგ მინდა, რომ ის წიგნი ვინმეს ვათარგმნინო. მერაბზე წიგნის დაწერა ადრეც მინდოდა, მაგრამ არ ავჩქარდი, რადგან ვიცი, რომ ცხელ გულზე მხოლოდ ემოციები მოდის წინ, მინდა, რომ წიგნში მერაბი ისეთი გამოჩნდეს, როგორიც სინამდვილეში იყო.
© courtesy of Rusa Khabaziმერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად
მერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მერაბ ხაბაზი მეგობარ ალპინისტებთან ერთად
ამ მასალას ვასრულებთ მერაბ ხაბაზის მონათხრობით, რომელიც ივანე ჯაფარიძემ მოგვაწოდა. აქ ალპინისტი უშბაზე ერთ-ერთ ასვლას იხსენებს. საბოლოოდ, სწორედ უშბა აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო მწვერვალი...
მერაბ ხაბაზი: „1989 წლიდან ძირითადად ქართველებთან ერთად დავდიოდი და ვინ მოთვლის რამდენ მთაზე ვარ ბიძინასთან, აფისთან, ბენოსთან ერთად ნამყოფი. უკვე ისე კარგად გავიცანით, შევისწავლეთ ერთმანეთი, რომ უსიტყვოდ ვუგებთ. დასამახსოვრებელი იყო უშბის ინციდენტი.მაშინ ბიძინა, აფი, ირაკლი უგულავა და მე ვიყავით. მახსოვს, ავარიის შემდეგ როგორი მზრუნველობა და თანაგრძნობა იყო ჩემს მიმართ; როგორი იმედი იყო ეს სამი კაცი, რომ ერთი წამიც კი შიშის გრძნობა არ მქონია, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ: რა მეშველება, აქედან ვინ ჩამიყვანს მეთქი. ვიცოდი, რომ ეს სამეული ყველაფერს გააკეთებდა ამისათვის...მარშრუტზე თავში ათასნაირი ფიქრი მოდის. ფიქრობ ახლობელზე, მეგობარზე, სხვადასხვა გეგმებზე, საქმეებზე. ხანდახან მათემატიკაზეც კი მიფიქრია. გაგეცინებათ, მაგრამ ასეა“...
ასეთია რაინდი კაცის, მერაბ ხაბაზის ამბავი. ალპინისტის, რომელიც ზამთრის სუსხიან დღეს, ზღვისპირა ქალაქში დაიბადა და თავისი ღირსეული სიცოცხლით ბევრს დაამახსოვრა თავი...
ყველა ახალი ამბავი
0