„დადიანისეული ომები“, ანუ ოდიშის მთავრის ბრწყინვალება და სულიერი სიღატაკე

© Pexels / Pixabayმუზარადები
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს (1611–1657 წწ.) ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებდა: „რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის-მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა“.
სხვანაირი ვერც იქნებოდა. თუ მემატიანეებს დავუჯერებთ, სამეგრელოს გულზვიადმა მთავარმა ბავშვობა პაპის − „ბებერი მგლის“, კახთა მეფე ალექსანდრე მეორისა და მისი შვილების, დავით პირველისა და კონსტანტინე-მირზას სამეფო კარზე გაატარა, სადაც ყოველგვარი სიბოროტე, მლიქვნელობა, თვალთმაქცობა, სისასტიკე, ორპირობა და ცბიერება იყო გაბატონებული.
ასეთ პირობებში გაზრდამ დაღი დაასვა ლევან დადიანის პიროვნებას. სამწუხაროდ, მისი დადებითი თვისებები: სიმამაცე, გონებაგამჭრიახობა, მოუღლელობა, შრომისმოყვარება და სხვანი მისმა უარყოფითმა თვისებებმა გადაფარა და ეს ნიჭიერი მთავარი ეჭვმა, შურმა და ავხორცობამ ქართველ ბალთაზარ კოსად აქცია, რომლისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობდა.
ზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
ლევან II დადიანი - „კაცი ამაყი, ულმობელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და უებრო მხედართმთავარი“
ნაცვლად იმისა, რომ მისი ნიჭისა და გაქანების კაცი საქართველოს ისტორიაში შესულიყო როგორც მეორე ქუჯი, ან იოანე მარუშისძე, ღვთის რისხვად, ახალ მურვან ყრუდ ექცა იმერეთსა და აფხაზეთს და რაც თემურ ლენგებმა, ჯალალ ად დინებმა, შაჰ-აბასებმა და სხვა მტარვალებმა ვერ შეძლეს, მან განახორციელა.
სამეგრელოს ახალგაზრდა მთავარმა, ისარგებლა რა იმერეთის სამეფოს სისუსტით, ტახტის ხელში ჩაგდება დაისახა მიზნად. XVII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება ნამდვილად ხელსაყრელი იყო ოდიშის მთავრისთვის, რომ მიზანი სისრულეში მოეყვანა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმერეთის უფლისწულ ალექსანდრეს შეასმინეს – ცოლი − თამარ გურიელი ვინმე ქუთათელ ვაჭართან ღალატობდა. ალექსანდრემ არც აცივა, არც აცხელა და ცოლი თავისი შვილითურთ განუტევა − გურიელს გაუგზავნა თავლაფდასხმული.
იმერეთსა და გურიას შორის მტრობა ჩამოწვა. და ამოქმედდა ოდიშის ახალგაზრდა მთავარი ლევან დადიანი, რომელმაც „განიხარა მტერობა გურიელისა და მეფისა“. ის გურიის მთავრებს დაუმოყვრდა და 1622 წელს თავისი ულამაზესი და − მარიამი მამია გურიელის ვაჟს სვიმონს მიათხოვა. დადიანს მხარდაჭერა ჰქონდა აფხაზეთის მთავარ სეტემან შერვაშიძისგანაც, რომელიც მისი სიმამრი იყო. ერთი სიტყვით, თავადმა ლევანმა ოსტატურად შეკრა იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კოალიცია და გიორგი მესამის დასამხობად ხელსაყრელ ჟამს დაელოდა.
ქალი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ამბავი ქართველი ბანოვანისა და მის გამო დაქცეული იმერეთის სამეფოსი
ეს დროც მალე დადგა. იმერთა მეფემ რაღაცისთვის შერისხა უახლოესი კარისკაცი პაატა წულუკიძე (რომელსაც „წუწკის“ მეტსახელით იცნობდნენ), რომელიც ზუგდიდში გაიქცა, დადიანთან. ოდიშის მთავარი ქუთაისის სასახლიდან უკეთეს „ინფორმატორს“ ვერც ინატრებდა − „წუწკის“ რჩევებით ზურგმომაგრებულმა კარგად გამოიყენა იმერეთის სამეფოს ყველა სუსტი მხარე და ქუთაისის ასაღებად დაიძრა.
1623 წლის 9 დეკემბერს კოჭორაულთან გამართულ ბრძოლაში აფხაზთა, გურულთა და მეგრელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის სამეფოს ჯარი დაამარცხა, თუმცა თავადაც დიდი ზარალი განიცადა: „იქმნა ბრძოლა ძლიერ და მოსწყდნენ მრავალნი“. იმერეთის მეფე ბრძოლის ველიდან გაიქცა და მიიმალა. დადიანს, ალაფთან ერთად, უამრავი ტყვეც ჩაუვარდა ხელში − „მრავალი არა ჩინებულნი და მდაბიურნი“. წუწკი-პაატას რჩევით დადიანმა დატყვევებულ იმერლებს გასათავისუფლებლად დიდძალი ვერცხლი გამოართვა. ვინც თავის გამოსყიდვა ვერ შეძლო, ისინი თურქ მონათვაჭრებს მიჰყიდეს.
სამეგრელოს მთავარმა პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულად ჩათვალა და ზუგდიდში დაბრუნდა. თუმცა წუწკის რჩევით დადიანი იმერეთს პერიოდულად ესხმოდა თავს − ყოველ დღესასაწაულზე: შობას, ახალ წელს, ნათლიღებას, აღდგომასა და ამაღლებას. მართალია, დადიანმა მეფე ხელთ ვერ იგდო, მაგრამ ამ ლაშქრობებით დაუნდობელმა მთავარმა იმერეთი მთლად დააკნინა და დააბეჩავა.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა
მერე კი ლევან დადიანის სასახლეში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ ოდიშის მთავარმა იმერეთის მეფის სადევნად ვეღარც მოიცალა. ავხორცი თავადი თავისი ბიძის, იმ დროისათვის მთელ სამეგრელოში საკმაოდ პატივსაცემი ადამიანის − გიორგი ლიპარტიანის ცოლს ნესტან-დარეჯან ჭილაძეს გაუმიჯნურდა. რქების დადგმა ესე არ უნდაო, და ლევან დადიანის ცოლმა თამუნა შერვაშიძემ სასახლეშივე გაიჩინა საყვარელი პაპუნია ვეზირის სახით. სამეგრელოს მთავარმა, როდესაც მეუღლის ღალატი შეიტყო, ცოლს ცხვირი მოაჭრა, ცხენზე უკუღმა შესვა, თან იახლა, ჯარით აფხაზეთში შეიჭრა და სასტიკად დაარბია. თავადი შერვაშიძე სიძეს გაექცა და თავისი სახლეულით მთებს შეაფარა თავი. დადიანმა მთავრის რეზიდენცია ზუფუ (ლიხნი) აიღო და გაძარცვა, მოღალატე ცოლყოფილი იქვე დააგდო და მდიდარი ნადავლით დატვირთული ზუგდიდს დაბრუნდა:

„მიუხედით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალს აქათ ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ და კაპოეტის წყალზე (ბზიფი) შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავხოცეთ. ზოგი ხელთ დაგვრჩა და გამარჯვებულნი მოვედით“, − წააწერა მან ილორის ერთ-ერთ ხატზე.

დადიანმა კი გაიმარჯვა, მაგრამ აფხაზეთის მთავარი სამუდამოდ გაუორგულდა და ოდიშ-აფხაზეთის კავშირი გაწყდა. ლევანმა კიდევ ერთი შეცდომა იმით დაუშვა, რომ სარეცლის შემგინებელი პაპუნია ვაზირი არ დასაჯა და მხოლოდ მისი გურიაში გაძევებით დაკმაყოფილდა. პაპუნიამ მამია გურიელის კარზე ისეთი ინტრიგები დახლართა, რომ ოდიშის მთავარს გურიაც ჩამოაშორა. დადიანის ვეზირყოფილი გურიელს შეუჩნდა, ლევანი მანამ არ მოისვენებს, სანამ საკუთარ სამთავროსაც არ დააქცევს და მეზობელ სამთავროებსაც არ დაიპყრობსო, ამიტომ ჯობს დავასწროთ, დადიანი ჩამოვაგდოთ და ოდიშის მთავრად მისი ძმა იოსები დავსვათო.
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
სამარცხვინო მტრობა ამილახორთა და ერისთავთა: დამპყრობლისთვის ნაფეშქაშარი ერისთავის ცოლი
პაპუნიამ მოახერხა და მამია გურიელი შეთქმულებაზე დაითანხმა. მათ კავშირი გააბეს დადიანისგან განადგურებულ აფხაზეთის მთავართან სეტემან შერვაშიძესთან, რომელსაც ისედაც შურისძიება სწყუროდა. ამ კავშირს იმერეთის მეფეც შეუერთდა და დადიანის საწინააღმდეგოდ კოალიცია შეიქმნა.
მიუხედავად ყველაფრისა, შეთქმულებს მაინც აშინებდათ ოდიშის მთავრის სიძლიერე და მის სამფლობელოში ჯარით შეჭრის ნაცვლად მზაკვრობას მიმართეს. იმერეთის მეფემ, გურიისა და აფხაზეთის მთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ლევან დადიანი ღალატით მოეკლათ. მკვლელიც მოიძებნა − ვიღაც აფხაზი (სახელი უცნობია), რომელიც კარგად ყოფილა გაწაფული ამ საქმეში. მკვლელი მთავრის მერიქიფეს დაუახლოვდა და მისგან გაიგო, რა ჩვეულებაც ჰქონია დადიანს. მთავარი, თურმე, ყოველი ვახშმობისას ერთსა და იმავე ადგილზე ჯდებოდა და იქვე ღრიჭოდ დატოვებულ ტიხარს ზურგით მიაწვებოდა ხოლმე. აფხაზმა ამ ტიხარს მიღმა დამალვა გადაწყვიტა და მერიქიფე დაითანხმა, ვახშმობისას მისთვის ნიშანი მიეცა.
და მერიქიფემაც მისცა ერთ დღეს ნიშანი. აფხაზი კედელზე ზურგით მიწოლილ დადიანს მიეპარა... მისი ანგარიშით, ზურგიდან დიდი ძალით ჩაცემულ მახვილს ადგილზევე უნდა მოეკლა სამეგრელოს მთავარი, მაგრამ ლევანმა წინ წაწევა მოასწრო, მახვილმა გულამდე ვერ უწია − დადიანი მხოლოდ ზურგში დაიჭრა. მკვლელმა კი ცხენზე შეხტომა და სიბნელეში გაუჩინარება მოასწრო.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2020
საკუთარ ინტრიგებს შეწირული „უდღეური“ მეფე - ამბავი საქართველოს ისტორიიდან
დადიანი შეთქმულების გამოძიებას შეუდგა. მალევე დაადგინა, ვინ იყვნენ შეთქმულები და ისიც გაარკვია, რომ მკვლელს „წუწკი“ წულუკიძე, საკუთარი მერიქიფე და მისი ორი ძმა ეხმარებოდნენ. ლევანის ბრძანებით მის ძმასა და ტახტის მოცილეს − იოსებ დადიანს თვალები დასთხარეს და დილეგში ჩააგდეს; ვეზირი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ ზარბაზანში ჩატენეს და ჰაერში გაისროლეს; მერიქიფესა და მის ძმებს თვალებიც დასთხარეს და ცალ-ცალი ხელ-ფეხიც მოჰკვეთეს; მთავარ დამნაშავეს − უცნობ აფხაზს კი, ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს.
ლევან დადიანმა შეთქმულების მოთავეებთან ანგარიშსწორება გურიელით დაიწყო. 1625 წელს ის ჯარით შეიჭრა გურიის სამთავროში, თუმცა მამია გურიელი უკვე გარდაცვლილი დახვდა − მის შვილსა და დადიანის სიძე სვიმონს მძინარე მამა სარეცელზე დაეკლა და სამთავრო დაესაკუთრებინა. ლევანმაც მთელი რისხვა მამის მკვლელს დაატეხა.
ლანჩხუთთან გამართულ ბრძოლაში მეგრელებმა იმარჯვეს, სვიმონ გურიელი ტყვედ ჩავარდა. დადიანმა სიძეს თვალები დასთხარა, ცოლ-შვილი − მარიამ დადიანი და მისი მცირეწლოვანი ძე ოტია წაართვა და უკან, ზუგდიდში წამოიყვანა (თუმცა მარიამს სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია სიბრალული თვალისჩინწართმეული ქმარყოფილისადმი. თითქმის ოთხი ათეული წელი სწერდა თანაგრძნობისა თუ გამხნევების წერილებს იერუსალიმში, ერთ-ერთ ქართულ ტაძარში სამადლოდ შეფარებულ უსინათლო სვიმონ გურიელს), გურიის მთავრად კი მამია გურიელის ძმა, აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია დასვა.
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2020
ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“
გურიის შემდეგ ისევ აფხაზეთს შეესია ოდიშის მთავარი. შარვაშიძემ მორჩილება იკისრა და ხარკი იტვირთა − სანადირო მწევარ-მეძებარი, მიმინო და ქორ-შევარდენი უნდა ეგზავნა დადიანისთვის.
გურია და აფხაზეთი რომ მოითარეშა, მერე იმერეთს მისდგა ლევან დადიანი. ამ ბრძოლისათვის სერიოზულად მოემზადა. გადაწყვიტა, იმერეთის წინააღმდეგ ირანი გამოეყენებინა და ისპაჰანს გამოუცხადა მორჩილება. გახარებულმა შაჰმა აქეთ დაუნიშნა ყოველწლიური ჯამაგირი ათასი თუმნის ოდენობით (რაც ძალიან დიდი ფული იყო იმ დროისათვის) და ყოველგვარ დახმარებას დაჰპირდა. ცბიერი მთავარი ამას არ დასჯერდა, ირანის ხელდასმულ ქართლის ვალს – როსტომ ხანს დაუმოყვრდა და გურიელთან გაყრილი თავისი და მარიამი ცოლად მიათხოვა.
სპარსული ჯამაგირი უნარიანად გამოიყენა მთავარმა − თავისი მოლაშქრეები კარგად აღჭურვა: გაიჩინა არტილერია (ერთ ფრანგს 30 ზარბაზანი ჩამოასხმევინა), შეიძინა თოფები, ტყვია-წამალი. საფუძვლიანი სამზადისის შემდეგ ჩათვალა, რომ გიორგი მეფესთან ანგარიშსწორების ჟამი დადგა.
მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2019
ურწმუნო ერისმთავრის სასჯელი: დიდებული ქართული ტაძრის ისტორია
ქუთაისის სამეფო კარის თვალის ასახვევად მან თავისი დისა და როსტომ ხანის ქორწინება გამოიყენა. ქართლში მიმავალ „მაყარს“, რომელიც მარიამ დედოფალსა და მის ძეს აცილებდა, გზად იმერეთი უნდა გაევლო. გიორგი მესამე იმის ჩიტი არ იყო, რომ დადიანის დაყრილი საკენკი აეკენკა და „მექორწილეებს“ ბაღდათთან ახლოს, კაკას ხიდთან დახვდა ჯარით. მაგრამ ამ ბრძოლაში იმერთა მეფე სასტიკად დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. როსტომ ხანმა კი მარიამი და მისი შვილი თბილისში წაიყვანა და დიდებული ქორწილი გადაიხადა.
გაუთავებლად გაგრძელებული ნადიმ-ღრეობების შემდეგ დადიანმა, როგორც იქნა, მოიცალა „სახელმწიფო საქმეებისთვის“. მან იმერეთის მეფეს თვალების დათხრა გადაუწყვიტა, მაგრამ ვეღარ გაბედა. მოგვიანებით იძულებულიც კი გახდა, დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ მეფე ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა:
„მოერევნენ გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მოგვარეს ლევან დადიანსა. წარიყვანა გიორგი მეფე და წარვიდა ოდიშს და პატიმარ-ჰყო მუნ მეფე. ხოლო მან მოითხივა ვაჭარნი ჩიხორისა და ჩხარის სომეხნი და ურიანი სახსრად მეფისა გიორგისა. მაშინ ალექსანდრე უღონოქმნილმან მისცა იგინი სრულიად და დაიხსნა მამა თვისი“.
სამშვილდის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
მწარე გაკვეთილი წარსულიდან, ანუ ქართველ მეფე-მთავართა სათავისო მცდელობა
მეფის საფასურად დადიანმა ასევე მიიღო საჭილაო და სამიქელაო, ხოლო იმერეთიდან გადმოსახლებული ვაჭრები (50 კომლი) რუხში ჩაასახლა.
ერთი სიტყვით, დადიანმა ვერ გამოიყენა ეს გამარჯვება. იმ დროს, როდესაც ასე ახლოს იყო მიზანთან, იძულებული გახდა, ხელი აეღო იმერეთის ტახტზე...
„დადიანისეული ომები“, რაც თითქმის 25 წელი გაგრძელდა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. XVII საუკუნის პირველ ნახევარში იმერეთის მოსახლეობა თითქმის განახევრდა. დიდად დაზარალდა გურიაც, რომელსაც ოსმალებმა აჭარა წაართვეს და იძულებით გაამუსლიმანეს. მოისრა აფხაზეთიც − იქ ქართველების ნასახლარ-ნაფუძარზე ჩრდილოკავკასიელი გადამთიელები დასახლდნენ და დროთა განმავლობაში რეგიონის ისლამიზაცია მოახდინეს, რითაც კარგად ისარგებლა ოსმალეთმა და მყარად მოიკიდა ფეხი აფხაზეთში. ძალიან დაზარალდა თავად ოდიშის სამთავროც − მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ლევან დადიანი ძალისხმევასა და სახრებს არ იშურებდა სამთავროს ასაყვავებლად...
ყველა ახალი ამბავი
0