არჩევნები, პანდემია, სააკაშვილი: სახალხო დამცველმა 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.
ომბუდსმენი პრობლემების მთელ სპექტრს შეეხო და ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
პანდემიასთან ბრძოლა
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება СOVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გამო.

„კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის. ბოლო პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3–4 ათასს აღწევს, 24 საათში ლეტალობის მაჩვენებელი 50-ის ნიშნულზე მერყეობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 12.631 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლარიზებული არჩევნები
სახალხო დამცველის თქმით, 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა.
წლის განმავლობაში გამოვლინდა მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელის შეშლის შემთხვევები მათთვის გადაადგილების შეზღუდვის გზით, ასევე ადგილი ჰქონდა შეკრების მონაწილეებისთვის სამართალდამცველი პირების მხრიდან კარვის დადგმაში ხელის შეშლის ფაქტებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცველების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.
სიტუაცია მასმედიასთან მიმართებით
სახალხო დამცველის შეფასების თანახმად, ქვეყანაში საშიში და მტრული გარემოა, რომელიც კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„2021 წელს სახალხო დამცველმა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, 5 ივლისის მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.
„2021 წლის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ, სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
სააკაშვილის ფაქტორი
სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
ლომჯარია: სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან
„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა. სასამართლოს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე გააკრიტიკა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედება შეაფასა როგორც პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.
ყველა ახალი ამბავი
0