მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება – რა ღონისძიებები გაიმართება საახალწლოდ

© Sputnik / STRINGERსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს პარასკევს, 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აანთებს.
როგორც მერმა აღნიშნა, წინა წლისგან განსხვავებით, როცა კოვიდ-პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად გაიმართა, წელს მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება.

„მინდა მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა.
„ამ პერიოდში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გასართობი ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, „საახალწლო სოფელში“ დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში საახალწლო წიგნის დღეები გაიხსნება
ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
„სადღესასწაულო დღეებში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიმართება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები, ასევე იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0