ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5 პროცენტი გახდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დასწია.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12,5 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე კვლავ მაღალი რჩება.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა
როგორც ეროვნულ ბანკშისებ–ში განმარტეს, ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის ძლიერი შიდა მოთხოვნა, რომელიც ამავდროულად მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის გაზრდილი სხვაობა უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას უწყობს ხელს, რაც ეკონომიკაში სავალუტო რისკების წყაროა.

„აღნიშნული რისკების დაგროვების ასაცილებლად ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დამატებითი ზომები მიიღო, რაც საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში ინფლაციის ხანგრძლივად მაღალმა დონემ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
„მომავალში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0