როგორ გავაშენოთ ლამაზი ბაღი: დიზაინერის რჩევები და ახალი ტენდენციები
14:55 07.12.2021 (განახლებულია: 18:43 07.12.2021)
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
გამოწერა
თითქმის ყველა ადამიანს აქვს სურვილი ლამაზი, დახვეწილი და საუცხოო ბაღი გააშენოს. ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ თუ ადამიანს რაღაც ნამდვილად უნდა, შეუძლებელი არაფერია.
„Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ ბაღის დიზაინერს ნარი ლატარიას. მის მიერ შექმნილი ბაღის დიზაინი ბევრს აღაფრთოვანებს და დიდ მოწონებას იმსახურებს. ნარი პრაქტიკულ რჩევებს გაგვიზიარებს, თუ როგორ გავაშენოთ ლამაზი ბაღი, და საკუთარი გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარია
ნარი ლატარია
© courtesy of Nari Lataria
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- სანამ ბაღის დიზაინერი გავხდებოდი, ინგლისური ენის პედაგოგი ვიყავი. პროფესიის შეცვლა ზრდასრულ ასაკში გადავწყვიტე, იმ ასაკში, როდესაც კარგად იცნობ შენს შესაძლებლობებს, ზუსტად იცი რა გინდა, რისი კეთება გსიამოვნებს. ჩემთვის ეს არის საქმიანობაც და ამავდროულად გატაცებაც. საქმე, რომელიც ყოველთვის არის საინტერესო, განსხვავებული, შემოქმედებითი და აზარტული.
რადგან მცენარეებს კარგად ვიცნობ, დავიწყე ფიქრი სანერგეზე და რამდენიმე თვის წინ გავხსენი დეკორატიული მცენარეების მაღაზია-სალონი, სადაც ამ დროისათვის საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან თავი მოვუყარე 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს, განსაკუთრებით ყვავილებს, რომელთა დანაკლისიც ხშირად მქონია ბაღების გაშენების დროს და რომლებიც ასე საჭიროა სრულყოფილი ბაღის შესაქმნელად.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
ნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
- როდის დაინტერესდით ყვავილებით, მცენარეებით და როგორ შეისწავლეთ ბაღის დიზაინი?
- დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, იქ, სადაც ეზოს გამწვანების კულტურა ოდითგანვე არსებობდა. ეს ჩემთვის ბუნებრივი გარემო იყო – სახლი დიდი ეზოთი, ხეებით, მწვანე მინდვრით და ყვავილნარით. მამაჩემი აგრონომი იყო და ლავზონია, ლიგუსტრუმი, კოპიტი და ევკალიპტი ბავშვობიდან ნაცნობი ხეები იყო ჩემთვის. დედაჩემის ყვავილნარში პერიოდულად თავს იწონებდა ამარილისი, ნარცისი, სედუმი, აზალია, კამელია, ფორზიცია და ყვითელი ხვიარა ვარდი, რომელიც განსაკუთრებით მომწონდა.
2015 წელს, როცა მივედი საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში ბაღის დიზაინის პროგრამის შესასწავლად, ჩემი პირველი პროფესია ძალიან დამეხმარა ახალი პროფესიის მარტივად ათვისებაში, რადგან ინგლისურენოვანი ლიტერატურისა და ინტერნეტ-მასალების დახმარებით მოკლე დროში შევძელი ეფექტურად და სიღრმისეულად დავუფლებოდი ყველა იმ უნარ-ჩვევას და ცოდნას, რაც ბაღის დიზაინერს სჭირდება.
თავს ნებას მივცემ და იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებების და ახლის ეშინია, მინდა გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ვუთხრა, ნუ გეშინიათ პროფესიის შეცვლის! ეს არასდროს არ არის გვიან.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
ნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
- რამდენად საინტერესო და აზარტულია ეს საქმიანობა თქვენთვის?
- რადგან არ მიყვარს ერთფეროვნება, მიყვარს სიახლეები, გამოწვევები, მოგზაურობა და ბუნება, ეს საქმიანობა ყველა ამ ჩემს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და გაერთიანებულია მასში. ასე რომ, ეს ზუსტად ის არის, რაც მე მიყვარს.
- დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს ლამაზი ბაღის გაშენება? საშუალოდ რამდენ ხანშია შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა?
- ლამაზი ბაღის გაშენება ერთ დღეშიც შეიძლება, თუმცა მანამდე საჭიროა ლამაზი პროექტის შექმნა და ეს ნამდვილად არის შრომატევადი პროცესი. ქაღალდზე უნდა გადმოიტანო შენი განწყობა, ნააზრევი, რომელიც შემდეგ ხორცს შეისხამს და მატერიალიზდება.
შედეგი? ბაღს დრო უნდა მივცეთ. ზოგადად, არაფერს ისე არ უხდება ასაკის მატება, როგორც ბაღს. ის წლიდან წლამდე იზრდება, ივსება, სრულდება და ემსგავსება საკუთარ თავს. ასე რომ, ნუ განსჯით მას მისი გაშენების დღეს! შეაფასეთ იგი მინიმუმ 2-3 წლის მერე.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
ნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
- ეს სფერო რამდენად არის საქართველოში განვითარებული და დახვეწილი?
- მომსახურების ეს სფერო, რაც გულისხმობს ბაღის დიზაინს, მებაღეს, სანერგეს, ასე ვთქვათ, მაინც ახალია საქართველოში. არის ხარვეზები, მაგრამ საიმედოდ დახვეწის პროცესშია. მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება და ამ ყველაფერში დიდია ინტერნეტის როლი, რომლის საშუალებითაც უფრო მეტ ადამიანამდე მიდის ინფორმაცია, რომ არსებობენ სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც შეუძლიათ სასურველი ბაღის გაშენება ან არსებულის გადაკეთება.
- დღეს როგორი ბაღებია აქტუალური, ყველაზე მეტად როგორი ბაღები მოსწონთ და რის გაკეთებას გთხოვენ?
- ჩემი გამოცდილებით, კლიენტთა უმრავლესობა უპირატესობას მარადმწვანე, უფრო მეტად წიწვოვნების ბაღს ანიჭებს უპირატესობას. ჩვეულებრივ, მათ იზიდავთ ის მცენარეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ ეფექტურ იერს, არიან სტატიკურ მდგომარეობაში და არ მოითხოვენ განსაკუთრებულ მოვლას. მათ ნაკლებად აინტერესებთ მცენარეები, რომლებსაც არ იცნობენ და უნდათ ისეთი, რომელიც, მაგალითად, მისი მეგობრის ეზოში დგას და ,,მოდურია“. ერთადერთი მცენარე, რომელსაც ჰპატიობენ ფოთლების ცვენას, ვარდია.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
ნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
- საინტერესოა ბოლო დროის რომელ პროექტს გამოარჩევდით და რამდენად თავისუფალი ხართ ხოლმე, როგორც დიზაინერი, თუ გიწევთ კომპრომისებზე წასვლა დამკვეთის მოთხოვნების ან გარემო პირობების შესაბამისად?
- ბოლო პროექტებიდან გამოვარჩევდი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აფხაზეთის სამინისტროს დაკვეთით და ენდემური მცენარეების გამოყენებით შესრულებულ თემატურ პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ეს პროექტი იმითაც იყო გამორჩეული, რომ აქ უკვე მქონდა დადგენილი მცენარეების სია და მისთვის უნდა მომერგო ფორმა, ანუ დიზაინი.
რაც შეეხება თავისუფლებას მუშაობის პროცესში, ბაღის დიზაინი არ გულისხმობს მხოლოდ მცენარეების სწორად შერჩევას. ეს არის პროცესი, რომელიც მრავალი ელემენტისგან შედგება და რომლებიც თავისთავად გავლენას ახდენს პროექტის შინაარსზეც და ფორმაზეც. მე ვთვლი, რომ მათ შორის უმთავრესი დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დამყარებული ჯანსაღი საქმიანი ურთიერთობაა, ინფორმაციის ძირფესვიანად გაცვლა, რომელიც თავისთავად გულისხმობს ბაღის მომავალი მფლობელის სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას და კომპრომისზე წასვლასაც. ამის შედეგად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტაბახმელაში შეიძლება ევკალიპტის ხე აღმოჩნდეს პროექტში, ან 80 მ2 ეზოში – ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი.
© courtesy of Nari Latariaნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
ნარი ლატარიას დიზაინით შექმნილი ბაღი
© courtesy of Nari Lataria
- ბაღის შექმნის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგი, როგორი ნიადაგია საჭირო სასურველი ბაღის გასაშენებლად?
- ზემოთ ელემენტები ვახსენე და ნიადაგი არის სწორედ ერთ-ერთი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გასაშენებელი ბაღის მცენარეების ასორტიმენტზე, თუმცა იგი შეიძლება გამოიცვალოს ან გამდიდრდეს მისი სტრუქტურა და ხარისხი ნოყიერი ნიადაგისა და ორგანული სასუქების შეტანის გზით. ეს ყოველივე დამატებით ხარჯებს და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ სასურველია ნიადაგის ტიპის გათვალისწინებით დაირგოს ის მცენარეები, რომლებიც კარგად ხარობს მოცემულ ტერიტორიაზე.
- თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ხრიოკ და სრულიად მოულოდნელ სივრცეში საუცხოო ბაღი გაგიშენებიათ?
- ჩემი საქმიანობისთვის ასეთი სიტუაცია ჩვეულებრივია და მოსალოდნელიც, იმიტომაც მოგვმართავენ დასახმარებლად. როცა ახალი საპროექტო ეზოს სანახავად მივდივარ, უმეტესად ადგილზე მხვდება მოუწესრიგებელი ტერიტორია, რომლის დანახვაზე თითქმის ყოველთვის მეუფლება გაურკვევლობისა და შიშის გრძნობა – „აქ რა უნდა გამომივიდეს?!“ რომელიც, საბედნიეროდ, ნახაზის აგებისთანავე ქრება. შემდეგ ჩნდება იდეა და ამ იდეის საფუძველზე მომავალი ბაღი.
- ბაღში დასარგავად მცენარეებს რის მიხედვით არჩევთ ხოლმე?
- სანამ მცენარეებს ავარჩევ, უამრავი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო. უპირველეს ყოვლისა აბიოტური: ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და ა.შ. ამის მიხედვით ვარჩევ მზისა და ჩრდილის მოყვარულ მცენარეებს, შემდეგ ვითვალისწინებ დამკვეთის გემოვნებას, სახლის არქიტექტურულ სტილს, ბიუჯეტს. მეტი ეფექტისთვის ვარჩევ ფორმის, ზომის, ფერისა და ფაქტურის მიხედვითაც.
- თუ არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ყველა ტიპის ბაღს უხდება და ყველგან ხარობს?
- არსებობს მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც უპრეტენზიო ე.წ. low-maintenance მცენარეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, ასეთებია: სუკულენტები, ბალახოვნები, ბოლქვოვნები, ლავანდა, როზმარინი, თრიმლი, კოწახური და ა.შ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ტიპის ბაღს უხდება ყველა. ვფიქრობ, არ ვიქნები ბანალური, თუ ვიტყვი, რომ ვარდი არის ასეთი უნივერსალური მცენარე, რომელიც ერთნაირად გამოიყენება და უხდება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალური ტიპის ბაღს, ასევე ლავანდა და ბზაც.
- როდის არის საუკეთესო დრო ბაღის გასაშენებლად, ანუ რომელი სეზონია ამისთვის საუკეთესო?
- ბაღის გასაშენებლად რომ გაზაფხული და შემოდგომა არის საუკეთესო დრო, ეს თითქმის ყველამ ვიცით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარეს ვიღებთ ღია გრუნტიდან. მაგრამ თუ მცენარე დახურული ფესვთა სისტემითაა, ანუ ქოთანშია ჩარგული, მისი ჩარგვა თავისუფლად შეიძლება ზაფხულშიც კი, სანამ მწველი სიცხეები დაიწყება.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით, იდეებით ცდილობენ სახლის თუ აგარაკის ეზოში ლამაზი ბაღის მოწყობას, რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ?
- უნდა გაითვალისწინონ ყველაფერი ზემოთ ნახსენები: ნიადაგი, მიკროკლიმატი, ეზოს ფართობი, დასარგავი მცენარეების საბოლოო ზომები, ოჯახის წევრების მოთხოვნები, თუ როგორ აპირებენ ისინი ეზოს გამოყენებას, სახლის სტილი, ბიუჯეტი და, რაც მთავარია, თუ ამის საშუალება გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან.