რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენია ინფლაციის წლიური მაჩვენებელი?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გამცვლელი პუნქტი
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
პარლამენტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტი უკვე დააკორექტირა, ახლა ხალხის რჩეულები მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ემზადებიან. ამასობაში ფასები გარბის, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია... რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი?
გასული სამუშაო კვირა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის დამტკიცებით დაასრულა. სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, რა შეიცვალა და, რაც მთავარია, ეს ცვლილებები როგორ აისახება მის კეთილდღეობაზე. შეკითხვის დასკვნით ნაწილზე რა გითხრათ... არც მოკლე- და არც საშუალოვადიან პერიოდში პოზიტიური ეფექტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებები გარკვეულ ტენდენციაზე მიანიშნებს და ყურადღების გამახვილებას იმსახურებს.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 166 მილიონი ლარით იზრდება და 18.099 მილიონ ლარს შეადგენს. მოგეხსენებათ, შემოსავლების ზრდასთან ერთად მადაც მატულობს და ლოგიკურია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც გაიზარდა. წელს მთავრობა 297 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 19.796 მილიონ ლარს შეადგენს. ვინ თქვა, რომ პოზიტივი არ არის? საკუთარ თავზე ვბრაზობ. თავად განსაჯეთ, ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და წინასწარ ნავარაუდევი 6,9 პროცენტის ნაცვლად 6,7 პროცენტით განისაზღვრა. სხვა საკითხია, როგორ ვიგრძნობთ ამ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეები... მოჭარბებული სარკაზმი საჭირო არ არის, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია, ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება − ბრძანებს მკითხველი და დიდწილად მართალი იქნება. ცხოვრების გაძვირებაზე წინამდებარე სტატიაში მოგვიანებით გიამბობთ. მანამდე კი მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტის რამდენიმე მონაცემს შემოგთავაზებთ.
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10 პროცენტით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური ნიშნული 58,5 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება ჯამურად სულ 376 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის 355 მილიონი ლარით მოიმატა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა. 20 მილიონი ლარი კი 60 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის წახალისებას ხმარდება. 60 მილიონი ლარით თავდაცვის სამინისტროს, ხოლო 16 მილიონი ლარით დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯები 57,6 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი თანხა 35 მილიონი ლარით, ხოლო ინტერნეტიზაციის პროგრამის ხარჯები 22,6 მილიონი ლარით შემცირდა. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში 12 მილიონი ლარით ნაკლებია საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ხარჯები ჯამში 85 მილიონი ლარით მცირდება, მათ შორის: საშინაო ვალის მომსახურება 20 მილიონი ლარით; საგარეო ვალის მომსახურება 50 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო ვალის დაფარვა 15 მილიონი ლარით მცირდება.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
სულ ეს არის. რამდენად აისახება მიმდინარე წლის საბიუჯეტო პროცესის ტენდენციები მომდევნო წლის საფინანსო-პოლიტიკურ დოკუმენტში, დრო გვიჩვენებს. დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს – პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. მანამდე კი საფინანსო სფეროს ექსპერტ–ანალიტიკოსთა ყურადღება ეროვნული ბანკისკენ არის მიპყრობილი. ორიოდე დღეში ამ უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბება და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის საკითხზე იმსჯელებს. როგორი იქნება ვერდიქტი – მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, დარჩება უცვლელი თუ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს? არახალია, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიღებისას ინფლაციის მაჩვენებლით იხელმძღვანელებს.
საინტერესოა, რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“? უწყების მონაცემებით, ინფლაციამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,5 პროცენტი შეადგინა. კი, მაგრამ, რამდენად ზუსტად ასახავს ეს რიცხვი ფასების ზრდის დონეს? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი, რომელიც სახელმწიფო უწყებათა სტატისტიკურ მონაცემებს ეჭვის თვალით უყურებს. მოგახსენებთ, ინფლაციის დასათვლელად „საქსტატი“ სპეციალურ მეთოდოლოგიას იყენებს. კერძოდ, უწყება ყოველთვიურად 305 პროდუქტის ფასს იკვლევს და მას წინა წლის საშუალო ღირებულებას ადარებს. სამომხმარებლო კალათში შედის ყველაზე ხშირად მოხმარებული პროდუქცია – დაწყებული პირველადი მოხმარების სასურსათო საქონლიდან, დასრულებული ტანსაცმლითა და კომუნალური გადასახადებით. რა თქმა უნდა, ინფლაციის 12,5 პროცენტი არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა პროდუქტი თუ მომსახურება ამ მოცულობით გაძვირდა. თუ ბოლო სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ერთ წელიწადში ფასები მკაფიოდ არის გაზრდილი სწორედ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე.
სურსათით სავსე კალათა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს
მაგალითად, ზეთი და ცხიმი საშუალოდ 27,7 პროცენტით, თუმცა მხოლოდ მზესუმზირის ზეთი 52,2 პროცენტით გაძვირდა. ბოსტნეული და ბაღჩეული საშუალოდ 26,2 პროცენტით, ხოლო პომიდორი 117 პროცენტით, კარტოფილი კი 45 პროცენტით არის გაძვირებული. თუ პურის და პურპროდუქტების ფასმა 20,4 პროცენტით მოიმატა, მხოლოდ პური 22 პროცენტით გაძვირდა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული საშუალოდ გაძვირებულია 17,7 პროცენტით, მაგრამ მხოლოდ შაქრის ფასმა ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 33 პროცენტით მოიმატა. რძე, ყველი და კვერცხი საშუალოდ 17,9 პროცენტით გაგვიძვირდა, თუმცა მხოლოდ კვერცხის ფასი 39,2 პროცენტით არის გაზრდილი და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ერთსაც დავძენ, სურსათთან ერთად 44 პროცენტით მოიმატა ბენზინის და 35 პროცენტით დიზელის საწვავის ფასმაც.
ორნიშნა ინფლაციის ძირითად მიზეზად „საქსტატიც“, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც საგარეო ფაქტორებს ასახელებენ. „მოცემული მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სასურსათო პროდუქტისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდით“, – აღნიშნულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია თანამედროვე მსოფლიო გამოწვევაა, ჩვენში ეს პრობლემა გაცილებით მძიმედ დგას, ვიდრე ევროპასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბოლო მიმოხილვაში მიუთითა, რომ საქართველო ევროპაში ინფლაციის მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენთან უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, ვიდრე, მაგალითად, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთსა და რუსეთში.
„ფასები ასტრონომიულად არის გაზრდილი და აუცილებელია ხისტი მონეტარული გადაწყვეტილებები, ინფლაცია უნდა დაითრგუნოს“, – აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი კოვზანაძე და ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
დეზერტირის ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ რეკორდებს ხსნის – სტატისტიკის ახალი მონაცემები
გაითვალისწინებს თუ არა ეროვნული ბანკი ამ მოწოდებას, ორიოდე დღეში გაირკვევა. მანამდე კი ქვეყნის პირველი ბანკირი კიდევ ერთხელ გვანუგეშებს, რომ ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და პლანეტას აწუხებს. მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაშიც მაღალია.
„ინფლაცია გლობალური პრობლემაა, რომელიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მოიტანა. ბოლო მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ დეკემბერში, იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა უკვე გაამკაცრა. ჩვენ მომავალშიც დავაკვირდებით ვითარებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.
და, ბოლოს, ანალიტიკოსთა მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე უნდა იზრუნოს. რაც ნაკლებს დახარჯავს მთავრობა სუბსიდიებსა თუ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაში, ბაზარზე მით უფრო ნაკლები ფული იმოძრავებს და მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ფასებიც დაიკლებს. სუბსიდირებისა რა გითხრათ, მაგრამ საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურებას რაც შეეხება, ცნობილია, რომ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით მთავრობა ხარჯების გაზრდას გეგმავს...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0