„გახარია შეტევისთვის ემზადება": რატომ დუმს ექს-პრემიერი

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
გახარიას პარტია ემზადება აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისა და „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დამარცხებისთვის.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია არსად გაუჩინარებულა – იგი შეტევისთვის, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის ემზადება, განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია Palitra News-ის ეთერში.
გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია 2021 წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება გახდა. „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ პოლიტიკოსმა მაისში თავისი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა და ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.

„გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. ჩვენ მიმდინარე პროცესები სხვადასხვა რეგიონში გვაქვს. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების მუშაობის პირველი დღე, შესაბამისად, იგი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, გახარია დუმს, „და ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ძალიან საინტერესოა ამავდროულად“, მიაჩნია ქემოკლიძეს.
„დუმილზე ერთი ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება – რომ ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს. როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ მდუმარე ადამიანი საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, ექს-პრემიერის პარტია ემზადება აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისა და „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დამარცხებისთვის.
გიორგი გახარიას საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
არჩევნები 2021
გახარიას პარტია ადგილობრივ დონეზე გააქტიურებას იწყებს
„ჩვენ ყოველთვის ვემზადებით შეტევისთვის, რადგანაც პოლიტიკური პროცესები ჩვენ გვავალდებულებს შეტევისთვის მოვემზადოთ. საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამაზე მეტყველებს“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
რაც შეეხება საკრებულოების დონეზე პარტიის გეგმებს, ქემოკლიძის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ისინი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებენ, რათა მუნიციპალიტეტებში კრიზისული სიტუაცია არ შეიქმნას.
„ჩვენ მათ მოქმედებებს და რეაქციებს ველოდებით... სისტემურ დონეზე არცერთ მათგანთან შეთანხმებას არ ვგეგმავთ. იდეოლოგიურ დონეზე ჩვენ სხვანაირად ვაზროვნებთ და ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სახელმწიფოებრივად, ვიდრე ერთი ან მეორე ძალა. მუნიციპალიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კრიზისები არ შეიქმნას, ჩვენ ორივე ძალასთან თანამშრომლობა მოგვიწევს“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
როგორც ადრე ქემოკლიძემ განაცხადა, პარტია იმ რაიონების საკრებულოებში, სადაც მათი ხმები „ქართული ოცნებისა“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი იქნება, თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატურებს წამოაყენებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ექს-პრემიერის პარტიის წევრების ხმები გადამწყვეტი იქნება იმ ქალაქებისა და რაიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა შემადგენლობებს შორის სხვაობა მინიმალურია.
ყველა ახალი ამბავი
0