ცვლილებები ელექტროენერგიის გადახდის ვადებში: ვისთვის რა იცვლება

© photo: Sputnikელექტროენერგიის მრიცხველი
ელექტროენერგიის მრიცხველი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) მიიღო.
კერძოდ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდას პენსიონერები ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეძლებენ, ხოლო სოციალურად დაუცველი პირების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები გადახდის საშეღავათო პერიოდით ყოველი თვის 22 რიცხვამდე ისარგებლებენ.
სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს: თბილისში – „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას" („თელმიკო"), ხოლო რეგიონებში – „ეპ ჯორჯია მიწოდებას".
რაც შეეხება დანარჩენ აბონენტებს (გარდა კომერციული აბონენტებისა), ისინი ელექტროენერგიის საფასურს დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდიან.
ელექტროენერგიის მრიცხველი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
„თელმიკომ“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის ზედმეტად დარიცხული საფასური დაუკორექტირა
პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, რომელშიც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა).
სემეკის ინფორმაციით, თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში „თელმიკოს" აბონენტთა ნაწილი, რომლისთვისაც ახალ მეთოდზე გადასვლით იცვლება მრიცხველის წაკითხვისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის ვადა, ორ ქვითარს მიიღებს:
პირველ ქვითარს ასეთი მომხმარებლები დეკემბერში მიიღებენ არსებული ე.წ. ბლოკური წაკითხვის (მრიცხველების წაკითხვა სხვადასხვა პერიოდში) მიხედვით, რომელზეც ასახული იქნება 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი – დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.
მეორე ქვითარს მიიღებენ დეკემბრის ბოლოს – ერთიანი წაკითხვის სისტემით (მრიცხველების წაკითხვა თვის ბოლო ოთხ დღეში), რომელშიც აისახება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.
საახალწლო დღესასწაულებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში, რომელშიც იქნება ასახული დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ფაქტობრივი მონაცემები (დარიცხვა განხორციელდება არაუმეტეს 30 დღეზე).
როგორც სემეკში აღნიშნავენ, ცვლილების გამო ადგილი არ ექნება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ზედმეტობით დარიცხვას და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0