მხატვარი, რომელსაც ცნობილმა პოეტმა უძღვნა ლექსი და პირობა, რომელიც დაირღვა

© courtesy of Inga Vacheishviliმხატვარი ტიტე შეყილაძე
მხატვარი ტიტე შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ამ ამბავს პატარა ისტორია აქვს. ახლახან ქართველი ხელოვანების დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ხელოვნებათმცოდნე, გალერეა „ვაჩეს" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ინგა ვაჩეიშვილი დამიკავშირდა.
მისი თხოვნა უბრალო და გასაგები იყო: საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა ნიჭიერი მხატვარი ტიტე შეყილაძე, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს ხოლმე. ქალბატონი ინგასთვის მას გადაუცია საკუთარი ჩანაწერები – ავტობიოგრაფიული მოგონებები, ზღაპრები და ლექსები, მაგრამ უთხოვია, რომ ისინი მხოლოდ გარკვეულ დროს გამოექვეყნებინა... თუ რაზეა საუბარი, ამას მასალიდან შეიტყობთ.
© Photo: Courtesy of Beka Sviravaბექა სვირავა და ცნობილი მხატვარი ტიტე შეყილაძე
ბექა სვირავა და ცნობილი მხატვარი ტიტე შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ბექა სვირავა და ცნობილი მხატვარი ტიტე შეყილაძე
მკითხველს შევახსენებ მნიშვნელოვან ფაქტებს მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან: 1977 წლიდან ის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. პერსონალური გამოფენა 1980 წელს, ხელოვნების მუშაკთა სახლში ჰქონდა. თავის დროზე მხატვრის ნახატები ხელოვნების მოყვარულებმა იხილეს ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში, მონაწილეობას იღებდა საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ასევე არის ჰოლანდიის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ასაკში შესული, მაგრამ ენერგიული ხელოვანი დღეს თბილისში ცხოვრობს და ბოლო წლებში გამოფენებს იშვიათად მართავს. პანდემიური სიტუაციის გამო ხალხმრავალ ადგილებს ერიდება, თუმცა ფუნჯს ხელიდან მაინც არ უშვებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება... ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონ ინგა ვაჩეიშვილს ორი კითხვა დავუსვი:
- ქალბატონო ინგა, როგორ აღმოჩნდა მხატვრის ჩანაწერები თქვენთან?
- ეს იყო 2010 წელს, როცა გალერეა „ვაჩემ“ მორიგ ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლა. მაშინ ბავშვურად გამოხატული სასიხარულო ემოციით ერთმა მხატვარმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. როცა გავეცანი, მითხრა, ტიტე მქვიაო და ამას ლექსიც მოაყოლა. გამეღიმა, რადგან მხატვრების ასეთ შემოქმედებით პასაჟებს მიჩვეული ვარ. მის ნამუშევრებს შევავლე თვალი, ისინიც ავტორივით თბილი და გულწრფელი იყო. იქვე მხატვარმა ბოდიში მოიხადა – ნახატები ჩარჩოში ვერ ჩავსვიო, რაზეც გული ჩამწყდა. გამოფენის შემდეგ მან მორცხვად გამომიწოდა თავისი ხელით აკინძული წიგნი „სოფელი საბაღნარო“, რომლის გარეკანიც მისივე მოხატული და გაკეთებულია. წიგნში თავისი ბალღობა, სიხარული და ტკივილია, ანუ მთელი მისი ცხოვრება...
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის ზღაპარი
ტიტე შეყილაძის დაწერილი ზღაპარი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის ზღაპარი
- თქვენ მითხარით, მისთვის მიცემულ პირობას ვარღვევო, რა იგულისხმეთ?
- მან მთხოვა, რომ ეს წიგნი მაშინ გამომეჩინა, როცა ის... აღარ იქნებოდა. მართალია, სიტყვის გატეხვა არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ ამჯერად მიცემული პირობა დავარღვიე და საამისო ახსნა და მიზეზიც მაქვს. სამწუხაროდ, ბევრი ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი სიცოცხლეში ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს ხოლმე და ჩვენგან დაუფასებელი მიდის. აღარ მინდა ჩვენი მხატვრების დაფასების გარეშე დაკარგვა. ამ მასალით მინდა, რომ ყველას შევახსენო ეს პიროვნება და, ამასთან, მის გულშემატკივრებს ვაცნობო, რომ ხატვის გარდა იგი წერს კიდეც. ასე რომ, ბატონო ტიტე, მაპატიეთ, თუ მოცემული პირობა დავარღვიე. სამომავლოდ მინდა, რომ მისი წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, დავუბეჭდო კიდეც.
© courtesy of Inga Vacheishviliმხატვარი ტიტე შეყილაძე
მხატვარი ტიტე შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
მხატვარი ტიტე შეყილაძე
ადრე თავადაც მქონდა მცდელობა, რომ მხატვარი ინტერვიუზე დამეთანხმებინა, მაგრამ მისგან მორიდებული უარი მივიღე. როგორც ჩანს, ბატონი ტიტე ისევ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. დარწმუნებული ვარ, მასზე მასალის დაწერა ჩემი მხრიდან პირობის დარღვევად ნამდვილად არ ჩაითვლება...
თავის წიგნში „სოფელი საბაღნარო“ საკუთარი ცხოვრების ამბავი საინტერესოდ აქვს მოთხრობილი. გთავაზობთ ამონარიდს:
ტიტე შეყილაძე: „დავიბადე 1935 წელს, ზემო იმერეთში, გლეხის ოჯახში. ბაბუაჩემი, იაგორა შეყილაძე სოფელში განთქმული მონადირე და კარგი მომღერალი ყოფილა. მოვარდნილა და ჭიპლარი ნამგლით მოუჭრია გახარებულს. მისთვის პირველი შვილიშვილი მე გავჩნდი და ჩემზე უთქვამს, მომღერალი გამოვაო. მომღერალი არ გამოვედი, მაგრამ სიმღერა კი ძალიან მიყვარს. ხრეითი, ჩემი სოფელი, ეს ხომ ზღაპარია. მთები, ტყეები, კლდეები, ასწლოვანი ნაძვებით შემოსილი, ცამდის აზიდულა. თეთრ ღრუბლებს გზას უღობავს და მათ ნაწილ-ნაწილ, ბამბის ფთილებად შლის და ძირს, მწვანე სათიბებში ყრის. აქ ისინი ცოცხლდებიან თეთრ რაშებად და მოჯირითობენ სხვა მხრით ჰორიზონტისკენ. აქ კლდეებს შორის მოქცეული კამკამა ტბებია. ჰაერი კი გაჟღენთილია სხვადასხვა მცენარის სურნელით“.
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის შემოქმედება
ტიტე შეყილაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის შემოქმედება
ალბათ ასეთ სილამაზეში დაბადებულ ადამიანს სხვა არჩევანი არც ჰქონდა – ბავშვობაში ნანახი და აღქმული ეს სილამაზე ერთხელაც მის ნახატებში უნდა გადმოსულიყო და ასეც მოხდა. მხატვრის პეიზაჟები განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. ბავშვობა რთული ჰქონდა, რადგან ის ომის პერიოდს დაემთხვა...
ტიტე შეყილაძე: „ომში წავიდა მამა-მარჩენალი ოჯახისა და შეეწირა კიდევაც. სოფელში ბავშვები ძალიან ჯანმრთელნი და ძლიერნი იბადებიან. ჭამის მადა დიდი აქვთ. ჩვენ კი კლდეების, ტბებისა და ჰაერის გარდა არაფერი გვქონდა. უკვე ცხრა წლის ვხდებოდი, ჩემი სკოლაში შესვლა კი ჭიანურდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სკოლა მართლაც ცხრა მთის გადაღმა იყო. ზამთრობით ტბებისა და მდინარეების გადალახვა, რაც ჩვენ უნდა გაგვევლო, ვაჟკაცებსაც უჭირდათ. თანაც, ჩვენი კუთხიდან სამი ბავშვი თუ შევიკრიბებოდით, რომ ერთად წავსულიყავით. ბევრჯერ ყოფილა ამ გზაზე უბედური შემთხვევა. ამოვარდებოდა საშინელი ქარბუქი და წინ ვერავინ დაუდგებოდა. სწორედ ასეთმა ქარბუქმა იმსხვერლა ჩემი ბიძაშვილი გოგონა, რომელიც ჩემი ტოლი იყო და ბიცოლას მიჰყავდა სკოლაში. თავად ბიცოლა ბეწვზე გადარჩა. დედაჩემს ჩემი სკოლაში შეყვანა არც უნდოდა. ის ხედავდა უსწავლელი ბიჭები როგორ ხნავდნენ, თესავდნენ, და ნატრობდა, ნეტავ, ჩემიც მალე ასეთი კაცი დადგესო. არადა, ეს ბიჭები 14-15 წლისანი იყვნენ. დაჟინებული თხოვნით მაინც დავითანხმე დედაჩემი“.
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის ხელოვნება
ტიტე შეყილაძის ხელოვნება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის ხელოვნება
ახალგაზრდობაში მხატვარს ბევრ ცნობილ ქართველთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მორის ფოცხიშვილთან მეგობრობას მაინც გამორჩეულად აფასებს. პოეტს მისთვის მიძღვნილი აქვს ლექსი, რომელსაც მხატვარი ცხოვრებაში ყველაზე დიდ საჩუქრად მიიჩნევს:
„ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება
არც არავის არ არგია, ტიტე,
ჩემი გრძნობის ცრემლები
ჩემი დარდის საწნახელში
სულ ფეხებით ვჭყლიტე.
არ ინატრო გვირგვინი და დიდება,
არც რამ ტაში, ზარ-ზეიმი, ტიტე.
ჩვენ პატარა პალიტრა და
ასპარეზი გვჭირდება,
ცარგვალივით ვარსკვლავებს რომ იტევს,
ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება,
არც არავის არ არგია, ტიტე.“
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის ხელოვნება
ტიტე შეყილაძის ხელოვნება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის ხელოვნება
რაც შეეხება მასთან მეგობრობის ამბებს, მხატვარი იხსენებს:
ტიტე შეყილაძე: „მორისს ხშირად ვაწუხებდი ხოლმე, კვირა არ გავიდოდა, რომ მისთვის ახალი ნამუშევარი არ მეჩვენებინა. მის ოჯახში ყოველთვის იყვნენ მომღერლები და კომპოზიტორები, რომლებიც მის ლექსზე წერდნენ სიმღერებს, აგრეთვე პოეტები და მხატვრები. ქალბატონი როზეტა, მორისის მეუღლე, უპატივცემულოდ არავის უშვებდა. მორისს ხშირად გაუმართავს ჩემთვის ხელი, ფინანსურადაც მეხმარებოდა: „ტიტე, ეს შენ, ოღონდ საღებავები მეტი იყიდე“. ჩემს ნახატებს თავის ახლობლებს სთავაზობდა ხოლმე. ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. მე ბინის მისაღებად აღრიცხვაზე ვიყავი აყვანილი, წლები გადიოდა, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა. ისევ მორისი შევაწუხე. მან შემომთავაზა, მოდი, იოსებ ნონეშვილთან წავიდეთ, ის არის მაგის დიდოსტატიო.
იოსებს შინ ვესტუმრეთ. მას პირადად არ ვიცნობდი და ვღელავდი. სახლში მარტო დაგვხვდა, ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი, სულ იმეორებდა: „კი, კაცო, ტიტეს როგორ არ ვიცნობ, ეგ ხომ დიდი მხატვარია, ბინაც ექნება და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი დავსხდეთ და ჩვენი გაცნობა შესანიშნავი წარაფით აღვნიშნოთ“. ის თავის მამულში დაწურულ ღვინოს „წარაფს“ ეძახდა. ვერ წარმომედგინა, თუ საქართველოს მგოსანი ასეთი უბრალო და თავმდაბალი იქნებოდა. სუფრა თვითონ გააწყო. მართლაც კარგად მოვილხინეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხუმრობა ხომ არ იყო, საქართველოს ორ დიდ პოეტს შორის ვიჯექი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი და ისინი პატივს მცემდნენ და ბინის მიღებაში დახმარებასაც სრულიად უშურველად მპირდებოდნენ. მეორე დღეს მწერალთა კავშირიდან ბატონი იოსები უკვე მთავრობის ტელეფონით სთხოვდა ჩემი რაიონის აღმასკომის თავმჯდომარეს ალექსანდრე კორშიას, რომ ბინის საკითხი ჩემთვის რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა. ასეც მოხდა“.
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის ხელოვნება
ტიტე შეყილაძის ხელოვნება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის ხელოვნება
ბატონი ტიტე იხსენებს, რომ მორის ფოცხიშვილი ბევრს მოგზაურობდა. მისი გატაცება უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილი ლამაზი ჩარჩოები ყოფილა. ერთხელ, როცა მეგობარ სომეხ კოლეგებს მისთვის მოოქროვილ-მოჩუქურთმებული, დიდი, ლამაზი ჩარჩოები უჩუქებიათ, ერევნიდან ჩამოსულ პოეტს ისინი ტიტე შეყილაძისთვის უჩვენებია და რჩევა უკითხავს...
„როდესაც ისინი ერევნიდან ჩამოიტა, მაჩვენა და მკითხა, თუ რომელი ნახატი მოუხდებოდა. ჩვენ კირილე ზდანევიჩის, უჩა ჯაფარიძის, კორნელი სანაძის და კიდევ რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი მოვსინჯეთ. ბოლოს მორისმა მითხრა – ამდენს რატომ ვწვალობთ? აგერ ხარ შენ, ჩემო ბატონო, და ამის დამშვენება შენთვის მომინდია. ოღონდ, მე არ მოგახვევ თავს ჩემს აზრებს, რაც გინდა ის დახატეო. ჩემდამი გამოჩენილმა ასეთმა ნდობამ ძალიან ამაღელვა. იმ ღამეს რა დამაძინებდა! მთელი ღამე ვმუშაობდი, მას დღეც მივუმატე, ძალა თანდათან მემატებოდა, თითქოს ამ ნახატს მე კი არა, მორისი ხატავდა. ერთი დღის მერე ის ნახატი მორისთან მივიტანე. დიდი ნახატის შესაქმნელად ეს ძალიან მცირე დრო იყო, თითქმის ერთი ამოსუნთქვა. მორისი სიხარულს ვერ მალავდა, საქებარ ეპითეტებს არ იშურებდა. სურათი ჩარჩოში ჩავსვით და მისაღები ოთახის ცენტრში ჩამოვკიდეთ. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და, როგორც ვიცი, ჩემი ნახატი იქ ახლაც უცვლელად ჰკიდია“.
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის ხელოვნება
ტიტე შეყილაძის ხელოვნება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის ხელოვნება
პირად ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ ხელოვანის სულს მძიმე დაღი დაასვა. თუმცა მაინც შეძლო, რომ საკუთარ თავში სიკეთე და ხელოვნების სიყვარული ბოლომდე გადაერჩინა. ეს ლექსი მხატვარმა 2005 წლის ივნისში გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა:
„ძლივს ამოვედი მე შენს საფლავზე -
მოხუცი მამა, ოხვრით და ხვნეშით.
გული გაშავდა, გრძნობამ იელვა,
თვალთაგან მოდის ცრემლების თქეში.
მაინც რა არის, როგორღა ვუძლებ
მე უშენობას, რომ არა ვკვდები...
მენატრები და სულ მესიზმრება
შენკენ მავალი სიკვდილის გზები.
სულ მელანდება ეგ შენი სახე
და დამშვიდების მომესმის ხმები:
„მამი, ნუ სტირი, ქალი ხომ არ ხარ?
მე არ მოვმკვდარვარ, ნუთუ ვერ ხვდები...“
სწორედ გადარჩენილი სიკეთის დასტურია ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მხატვარმა ზღაპრების წერაც დაიწყო.
© courtesy of Inga Vacheishviliტიტე შეყილაძის წიგნის გარეკანი
ტიტე შეყილაძის წიგნის გარეკანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ტიტე შეყილაძის წიგნის გარეკანი
თავის წიგნში ტიტე შეყილაძე ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კითხვას სვამს და მასზე თავის პასუხსაც იძლევა:
„რა არის ჩვენი სიცოცხლე? – ამაზე ხშირად მიფიქრია – ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ თოვლის ფიფქია...“
ჩემი მხრიდან დავამატებ: ხელოვანის სიცოცხლე არასოდეს მთავრდება, რადგან მისი არსებობა სხვა ფორმით გრძელდება და ნახატებში რჩება ერთხელ და სამუდამოდ...
ყველა ახალი ამბავი
0