პრემიერი „მიკერძოებული ევროპარლამენტარების“ კრიტიკაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რატომ უჭერს მხარს ევროპარლამენტის დეპუტატებისა და კონგრესმენების ნაწილი სააკაშვილის გუნდს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიკერძოებული“ უწოდა ევროპარლამენტის დეპუტატებსა და კონგრესმენებს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.
ევროპარლამენტის დეპუტატები და კონგრესმენები ბოლო დროს არაერთხელ გამოვიდნენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ მკაცრი კრიტიკით რიგი მიმართულებების გამო. მათ შორისაა შიდაპოლიტიკური ვითარება, რომელიც უფრო გამწვავდა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია ასევე სასამართლო რეფორმა.

„ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს... პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ მიზნით ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიული სახსრებიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მილიონებს ხარჯავდა.
„შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი – არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან ღარიბაშვილმა დაამატა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ მეთაურობით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში შეძლო დაემტკიცებინა, რომ თავისი ქმედებებით შეუძლია „დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს უპასუხოს საქმით“.
ყველა ახალი ამბავი
0