ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალება: ოპოზიცია მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება" მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ მაჟორიტარ დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე მოსყიდვის მიზნით ზეწოლას ახორციელებდნენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.
ნუგზარ ფუტკარაძე, რომელმაც ოქტომბერში თავის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, გასულ კვირაში გარდაიცვალა. ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. შესაბამისად, ახალ საკრებულოში ამჟამად „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.

„მათ „ნაცმოძრაობის“ ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაბირება სურდათ, რათა საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი. ზეწოლა ჩვენი პარტიის სხვადასხვა წევრებზე ხორციელდებოდა. ერთ-ერთი პირველი, ვისი მოსყიდვაც დაიწყეს, ნუგზარ ფუტკარაძე იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა“, – განაცხადა კირთაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ.
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
ბრიფინგზე ასევე გაავრცელეს ფუტკარაძესთან აღნიშნული პირების შეხვედრისა და საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერები.
„მათ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს. საქმის კურსში პირადად ბატონმა ნუგზარმა ჩაგვაყენა და როდესაც ამ შეხვედრებმა აუტანელი ხასიათი მიიღო, ბატონმა ნუგზარმა თავად გააკეთა ჩანაწერები. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მხარემაც ჩაიწერა საუბარი. მან თავად მომიტანა ჩანაწერები“, – განაცხადა კირთაძემ.
ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
„რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, მაშინ მე თქვენგან ბოდიშს მოვითხოვ“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ფუტკარაძე №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა. საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ყველა ახალი ამბავი
0