ხელისუფლებამ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა – ძამაშვილი

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliგორის ჰოსპიტალი
გორის ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შევთავაზეთ, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
მანამდე ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ 19 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ხელისუფლებას სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა დააკისრა. მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე.

„ჩვენ სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე სტრასბურგის დაჟინებულ მოთხოვნას არ ასრულებდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“, – განაცხადა ძამაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელეს მოუწოდა „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული დასკვნა.
„სასამართლომ აგრეთვე დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითიც მიანიშნა მოსარჩელეს, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო“, – დასძინა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას არ გამორიცხავს
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში შუალედური ინფორმაცია ორჯერ გაგზავნა.
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს დროებითი ზომის გამოყენების თხოვნით – დაევალდებულებინათ საქართველოს ხელისუფლება, რომ ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ.
საპასუხოდ სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შესთავაზა 24 ნოემბრამდე, ორი კვირის ვადაში წარმოედგინათ არგუმენტები, ასევე სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხელისუფლებას კი მისთვის უსაფრთხოების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.
პრემიერმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი განაცხადა>>>
სააკაშვილმა 50-დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იგი 20 ნოემბრის ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროისათვის იგი ინტენსიური თერაპიის გამყოფილებაშია მოთავსებული.
მკურნალობის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც იგი სასჯელს მოიხდის.
სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0