სარჯველაძე სააკაშვილზე: ახლა ყველას მოვალეობაა ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესზე

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ამ ეტაპზე ყველას მოვალეობაა ორიენტირებული ვიყოთ უშუალოდ პაციენტის ინტერესსა და მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ქმედებებზე, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც გუშინ გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. გლდანის ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით გადაიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

„ამ შემთხვევაში პაციენტის ინტერესი მოითხოვს, რომ რაციონალურად შეფასდეს მდგომარეობა და საჭიროებების შესაბამისად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა–არგადაყვანასთან დაკავშირებით. უშუალოდ უნდა მოხდეს შეფასება ამ ვითარებაში კონკრეტული სერვისების მიწოდების რა საჭიროებები არსებობს. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში მიიღება სხვა ფაქტორებიც, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბრიდან საუბრობენ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაც გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
დაძაბული ღამე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
გუშინ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების შემდეგ ხელისუფლებამ კატეგორიული ტონი ნაწილობრივ შეცვალა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პარასკევს დაგეგმილია კონსულტაცია, რომლის დროსაც ექიმები გაწერენ, თუ რა კვლევებია საჭირო ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. თუ ციხის საავადმყოფოში აღნიშნული კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი გარემო არ იქნება, სააკაშვილს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შექმნილ ვითრებაში გასარკვევად სარჯველაძის გარდა გუშინ გლდანის ციხეში იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ამ დრომდე მოითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0