გლდანის ციხის ყოფილ უფროსს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ალექსანდრე მუხაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, მას 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელი „ქილერა") ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
გუშინ საქართველოს პროკურატურამ მუხაძეს მსჯავრდებულთა წამებაში ახალი ბრალდება წაუყენა და მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
გამოძიების ცნობით, მუხაძემ და წინა ხელისუფლების პერიოდში სამხედრო პოლიციის უფროსმა მეგის ქარდავამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი წამების გზით აიძულეს ეღიარებინა არარსებულ ტერაქტში მონაწილეობა და ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
თავიდან სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის გამო მუხაძემ და ქარდავამ დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
წამება და გაუპატიურების მუქარა: პროკურატურა გლდანის ციხის ყოფილი უფროსის საქმეზე
გამოძიების ცნობით, მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა, მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.
წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება მუხაძისა და ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუხაძისა და ქარდავასთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის. ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა.
დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
მუხაძეს 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება მეგის ქარდავას, რომელზეც ასევე ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნით ის უკრაინის ტერიტორიაზე 2021 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.
ქარდავას ხუთ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი, კიდევ ექვსი საქმე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0