კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია – ესპანელებმა ხვიჩას მადლობა გადაუხადეს

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთთან მატჩით საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ანდერსონის გუნდს ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიამ ორჯერ გაუტანა და საქართველოს სენსაციურად მოაგებინა.
საქართველოსა და შვედეთის გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპის ავტორიტეტული სპორტული გამოცემები ალაპარაკდნენ.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გუშინ საქართველოს ნაკრებმა შვედეთი ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა და ორივე შემთხვევაში გოლის ავტორი სწორედ ყაზანის „რუბინის" 20 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის მთავარი კონკურენტი ესპანეთის ნაკრებია და თუ ვინმეს შვედეთის მარცხი აძლევდა ხელს, ეს სწორედ „ფურია როხაა". ესპანურმა გამოცემა MARCA-მ კვარაცხელიას დუბლი დაუფასა, ქართველ ახალგაზრდას ვებ-გვერდის მთავარი გვერდიც კი დაუთმო და ესპანეთის გმირი უწოდა.
„კვარაცხელია საქართველოს და ესპანეთის გმირია VIVA GEORGIA!" – ასე გამოიყურება MARCA-ს მთავარი გვერდი. ხოლო უშუალოდ სტატიაში ქართველ ახალგაზრდას მისი ოცნების კლუბში გადასვლაც კი უსურვეს. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი მადრიდის „რეალში" თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობს.
„შესაძლოა, „რუბინის" მოთამაშე ბევრმა ფეხბურთის ფანმა ჯერ არ იცის ვინ არის, მაგრამ ის ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, რომლის ოცნებაც „რეალში" თამაშია", – წერს MARCA.
ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემა AS-მა. ესპანურმა ვებ-გვერდმა ზოგადად საქართველოს ნაკრების ტაქტიკურ თამაშს გაუსვა ხაზი და ბოლოს კვარაცხელია ლეგენდარულ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც შეადარა.
„შვედებს იბრაჰიმოვიჩი და ისაკი ჰყავდათ, მაგრამ ანდერსონს არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი არცთუ ბევრი შანსიდან ორი გამოიყენა, თამაში დაასრულა, „სასწაული" შექმნა და შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე მიმავალი გზა გაურთულა", – წერია სტატიაში.
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი: საქართველო-შვედეთი. ქართველები გამარჯვებას ზეიმობენ - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
სენსაციური გამარჯვება: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთი დაამარცხა
ესპანელების მადლიერება და „ქება-დიდება" გასაგები და ლოგიკურია, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შექმნილ სენსაციაზე იტალიაშიც ისაუბრეს.
„20 წლის კვარაცხელია ფაქტობრივად საქართველოს ნაკრების ლიდერია. ყოველი სანაკრებო პაუზის დროს 2001 წელს დაბადებული ტალანტი, რომლითაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში „მილანი" სერიოზულად იყო დაინტერესებული, სცენაზე დგას და ევროპული გრანდების ზარს ელოდება", – წერს იტალიაში ყველაზე პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport.
თამაშის დასრულების შემდეგ ყურადღების ცენტრში მყოფმა კვარაცხელიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვედეთთან მატჩი მის კარიერაში საუკეთესო იყო.

„ასეთი მეტოქის დამარცხება ადვილი არ არის და ამით უფრო მოხარული ვარ, ვიდრე ორი გოლით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ 90 წუთის განმავლობაში ასე მაგრად გვეხმარებოდნენ", – აღნიშნა ახალგაზრდა ტალანტმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი უმოტივაციო გრანდი ჰყავს დამარცხებული. არცთუ ისე შორეული წარსულია ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება, რომელიც საქართველოს თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ სენსაციად შეირაცხა. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, გუშინდელ მატჩში სკანდინავიელები ოპტიმალური შემადგენლობითა და უდიდესი მოტივაციით გამოვიდნენ სათამაშოდ, მეტიც, ძირითად შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ვიხილეთ.
შვედეთის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 15 ქულა აქვს და ახლა ესპანეთს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში სკანდინავიელები სწორედ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში ანდერსონის გუნდს პლეი-ოფში თამაში სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწევს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნებმა" დაგროვებული 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0