როგორია სააკაშვილის მდგომარეობა? ზელენსკიმ ღარიბაშვილისგან მკაცრი პასუხი მიიღო

© photo: press-service of the Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი
ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სააკაშვილის ქმედებებს პროვოკაციული და დესტრუქციული უწოდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეების ჩარევა დაუშვებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი უკრაინის მხარის ინიციატივით შედგა. ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
როგორ აფასებთ იუსტიციის სამინისტროს მიერ სააკაშვილის კადრების გავრცელებას?>>>
ირაკლი ღარიბაშვილმა ზელენსკის განუცხადა, რომ სააკაშვილი, ისევე, როგორც სხვა ქართველი პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას უწევენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და მას დაკავების დღიდან 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ზელენსკი საუბრისას ასევე შეეხო სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებსა და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

„სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მაშინ, როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებისთვის.
ზელენსკიმ ღარიბაშვილს თხოვნით მიმართა, განიხილოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც პრემიერმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
საქართველოს ელჩი კიევში კვლავ დაიბარეს უკრაინის საგარეო უწყებაში სააკაშვილის საკითხზე
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მეთაურმა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ „ისინი უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად".
პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მიუღებელია უკრაინის მოქალაქის მიმართ იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენება.

„უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს", – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკიმ ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. ამ დროისათვის ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია საპროტესტო აქციებს თბილისში ყოველდღე მართავს სხვადასხვა ლოკაციებზე. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
ყველა ახალი ამბავი
0