თბილისში მიმდინარე აქციებზე პოლიციამ 46 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება აქციაზე
დაკავება აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 46 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს დილიდან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები პარალელურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის პირები დააკავეს, რომლებიც გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
არეულობები და დაკავებები თბილისში: „ნაცმოძრაობის" აქციებზე ვითარება დაძაბულია
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. განიხილება კიდევ რამდენიმე საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0