ლომჯარია:აქციაზე დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი უცნობია ახლობლებისა და ადვოკატებისთვის

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliდაკავებები აქციაზე. 2021 წლის 10 ნოემბერი
დაკავებები აქციაზე. 2021 წლის 10 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20-ის ადგილმდებარეობა უცნობია.
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომავალში იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება.
დღეს თბილისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 46 პირი დააკავა.
დაკავება აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
თბილისში მიმდინარე აქციებზე პოლიციამ 46 პირი დააკავა
სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში 23 დაკავებული პირი მოინახულა. ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20-ის ადგილმდებარეობა უცნობია.
„სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
რაც შეეხება იმ 23 პირს, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დღეს მოინახულეს, ისინი მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დღეს დილიდან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები პარალელურად მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის პირები დააკავეს, რომლებიც გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად ახალი აქცია დააანონსა
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოთხოვნების შესრულებამდე პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. განიხილება კიდევ რამდენიმე საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0