ბრეგაძე: სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სააკაშვილმა, ციხის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარდა, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
რუსთავის მე-12 საპატიმროდან სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გიული ალასანია ხელისუფლებისგან სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ითხოვს
„ნებისმიერ გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, შეიქმნა მზარდი რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.
ყველა ახალი ამბავი
0