„მინდა უცხოელებს ჩვენზე ვათქმევინო, ნიჭიერი ხალხიაო“ – ქართველი პაროდისტი პოლონეთში

© courtesy of Oto kacharavaოთო კაჭარავა
ოთო კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჟამად პოლონეთში მყოფ ახალგაზრდა ნიჭიერ პაროდისტს ოთო კაჭარავას შეგახვედრებთ.
გასართობი ჟანრის მოყვარულები მას ჩვენში კარგად იცნობენ. მაყურებელმა ის უკვე იხილა „ნიჭიერში“ და „იუმორინაში“, არაერთხელ იყო მიწვეული სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მომავალ პროფესიად ოთომ ბიზნესის ადმინისტრირება აირჩია, რომლის სრული კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.
დღეს ვარშავაში ცხოვრობს და მუშაობს. თავისი ეფექტური გამოსვლით მან პოლონელი მაყურებლის ყურადღებაც მიიქცია, როდესაც „ნიჭიერის“ ადგილობრივ პროექტში გამოვიდა. ჩვენ დავინტერესდით როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა პაროდისტი უცხოეთში და რას აპირებს სამომავლოდ.
© courtesy of Oto kacharavaოთო კაჭარავა
ოთო კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ოთო კაჭარავა
- ოთო, რამდენი ხანია რაც პოლონეთში ხარ და ამ ქვეყანასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
- პოლონეთში დაახლოებით სამი თვეა, რაც ჩამოვედი და აქ მინდა გარკვეული ცხოვრებისეული და შრომითი გამოცდილება მივიღო. მე მყავს ჯგუფი „არტ პროჯექტი“, რომელთან ერთადაც უკვე 5-6 წელია შოუ-პროგრამებს ვატარებ. ისე გამოვიდა, რომ ისინი პოლონეთში ადრე ჩამოვიდნენ, მე კი სწავლის გამო საქართველოში დავრჩი. როცა უმაღლესი დავამთავრე, მეც მათთან ჩამოვედი.
© courtesy of Oto kacharavaოთო კაჭარავა
ოთო კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ოთო კაჭარავა
- ასეთი არტისტული ნიჭის პატრონს ლოგიკური იქნებოდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაგებარებინა, რატომ არ მოხდა ასე?
- თეატრალურზე ჩაბარება მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ გავითვალისწინე იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც მეუბნებოდნენ, საქართველოში თეატრალურს მომავალი არ აქვსო, თანაც შენი ნიჭის გამო პაროდიის სფეროში ისედაც შეგიძლია წარმატებას მიაღწიოო. როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ, რთულია სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პრაგმატულმა რჩევებმა მაინც გაჭრა. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მიჩნდება სინანულის განცდა იმის გამო, რომ თეატრალურზე არ ჩავაბარე, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ჩემ ასაკშიც საკმაოდ ბევრს მივაღწიე, ვმშვიდდები.
© courtesy of Oto kacharavaოთო კაჭარავა
ოთო კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ოთო კაჭარავა
- ვიცი, რომ პირველად მეზობლის პაროდია გააკეთე...
- დიახ, ასე იყო, მაშინ რვა წლის ვიყავი და ჩემი პაროდია იმდენად ზუსტი იყო, რომ ყველას მოეწონა, პირველ რიგში – თავად მეზობელს. წარმოშობით ზუგდიდიდან ვარ, ამ ქალაქის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე. სკოლაში მასწავლებლების პაროდიას კარგად ვახერხებდი და ამის გამო ძალიან ხალისობდნენ. მერე ზუგდიდში ბევრმა გამიცნო და სადაც კი მივდიოდი, ყველგან მთხოვდნენ ვინმეს პაროდია გამეკეთებინა. დროთა განმავლობაში გავთამამდი და ჩემი პაროდიების ნუსხაც განვავრცე.
- საქართველოში ხალხმა პირველად მაშინ გაგიცნო, როცა ქართულ „ნიჭიერში“ გამოხვედი...
- დიახ, ეს იყო 2017 წელს, როცა ფართო პუბლიკის წინაშე „ნიჭიერში“ გამოვედი. მაშინ პირველად გავიგე, რას ნიშნავს დიდ სცენაზე დგომა, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს. პირველად გავიგე პოპულარობის გემო, რადგან გაცილებით ბევრმა ადამიანმა გამიცნო. ამის მერე იყო „არტ პროჯექტი“, რასაც „იუმორინაში“ მონაწილეობის შემოთავაზება მოჰყვა. მერე „კომედი-შოუ“ და ასე ნელ-ნელა მოვედი ვარშავამდე.
- პოლონეთის პუბლიკამ ადგილობრივი „ნიჭიერით“ გაგიცნო?
- დიახ, ასეა. ამ ქვეყანაში სამუშაო ვიზით ჩამოვედი. სწავლის გაგრძელება ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამ მიმართულებით ფიქრი უკვე დავიწყე. პოლონური გარემო ჩემთვის უცნაური არ ყოფილა, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. სანამ აქ წამოვიდოდი, კორონა მოვიხადე და დღემდე ვერ გავიგე, აქაურ საჭმელს არ აქვს გემო თუ კორონას გამო ვერ ვგრძნობ. სხვა მხრივ ამ უცხო ქალაქში არანაირი სირთულე არ მქონია...
- უცხო ენების ათვისება არ გაგიჭირდება და სამომავლოდ არ გაქვს ჩაფიქრებული?
- როცა შოუ-გამოსვლის დროს ჩემი ნომრისთვის მჭირდება რომელიმე ენის იმიტაცია გავაკეთო, ამ საქმეს მარტივად ვუმკლავდები. ენების სწავლაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია. მინდოდა, რომ ერთდროულად მესწავლა ესპანური, პორტუგალიური და თურქული ენები, მაგრამ მათი ერთიანად სწავლა რთულია. მომავალში ვაპირებ ყველა ძირითადი ენა კარგად შევისწავლო.
© courtesy of Oto kacharavaოთო კაჭარავა
ოთო კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ოთო კაჭარავა
- პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში როგორ გშველის პაროდიის ნიჭი?
- ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ ძაღლის პაროდიას, რომლის დროსაც ხალხი ძალიან ხალისობს. როცა ტრანსპორტში ვარ, უცებ „ყეფას“ ვიწყებ და ყველა იწყებს ძაღლის ძებნას. მით უმეტეს, პირბადე მიკეთია და ვერ ხვდებიან, რომ ამ ხმებს მე გამოვცემ. ასე რომ, სადმე ტრანსპორტში შემთხვევით ძაღლის ყეფა თუ მოგესმათ და ვერსად დაინახეთ, იცოდეთ, რომ მე ვარ...
- სცენაზე ისეთი თავისუფალი ხარ, არა მგონია, ამას გარკვეული ნერვიულობა ახლდეს, ასეა?
- არადა, ზოგადად სულ ვნერვიულობ, როცა ვიცი, რომ სადმე უნდა გამოვიდე, არ აქვს მნიშვნელობა გამოსვლა ერთ თვეში მიწევს თუ ერთ დღეში. ტელეეკრანზე ამის გამო უფრო სხვანაირი ვჩანვარ. ადრე ნერვიულობა ცოტათი მაბნევდა, მაგრამ ახლა ეს მომენტი შედარებით დავძლიე. ერთი ვიცი, სადაც უნდა გამოვიდე, ძალიან მინდა, რომ ჩემი ნომრით უცხოელები ჩვენ მიმართ პოზიტიურად გავნაწყო და ვათქმევინო – ქართველები ნიჭიერი ხალხიაო...
ყველა ახალი ამბავი
0