პოლიტიკური აქციების „ფლეილისტი“ – ვინ ვისთვის მღერის

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
რომელი პარტიის გათვლა აღმოჩნდა უფრო ზუსტი და რომელ მუსიკოსებს ჰყავთ ელექტორალური ასაკის მეტი მსმენელი – შაბათს გაირკვევა.
კლასიკური პოლიტიკური აქციები საქართველოში უკვე წარსულს ჩაბარდა. დიახ, ტარდება, რასაკვირველია, მცირერიცხოვანი, ხშირად სპონტანური აქციები რიგითი მოქალაქეებისთვის ჩვეული ფორმით – ხმამაღალი ლოზუნგებით, პლაკატებითა და სხვა ატრიბუტიკით, მაგრამ როდესაც საკითხი ძალის დემონსტრირებას ეხება, საქმეში უკვე ნამდვილი პროფესიონალები ერთვებიან.
მასშტაბური აქციების ორგანიზებისას პარტიები ან მათი გაერთიანებები ყველაფერს, ყველა წვრილმანს წინასწარ გეგმავენ – დაწყებული რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანით, დამთავრებული თვით აქციების სცენარით. სცენა, უზარმაზარი ეკრანები, ხმის გამაძლიერებლები და მსგავსი ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა – ეს ყველაფერი სიახლეს აღარ წარმოადგენს. არც მუსიკაა ახალი, რომელიც აქციის დაწყებამდე ჟღერს, რათა იქ შეკრებილმა ხალხმა არ მოიწყინოს.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili„ქართული ოცნების“ აქცია
Акция Грузинской мечты в Тбилиси перед вторым туром выборов 27.10.2021
 - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
„ქართული ოცნების“ აქცია
ბოლო დროს მასშტაბური პოლიტიკური აქციები საქართველოში ისე გათანამედროვდა, რომ შოუს უფრო მოგვაგონებს. ახლა ათასობით მოქალაქეს სთავაზობენ არა ჩანაწერების მოსმენას, არამედ პირდაპირ კონცერტებს უმართავენ. პოლიტიკური გამოსვლების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ზოგჯერ კი შუალედებშიც სცენაზე გამოდიან ქართული შოუბიზნესის ნამდვილი ვარსკვლავები.
ქართველი მუსიკოსების, მსახიობების, რეჟისორებისა და სპორტსმენების პოლიტიზებულობა დიდი ხანია ყოველდღიურობად იქცა. ისინი ღიად და აქტიურად უჭერენ მხარს პარტიების ლიდერებს, ხშირად კი თავადაც მიდიან პოლიტიკაში და ზოგჯერ წარმატებასაც აღწევენ.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოქტომბრის აქციები ამომრჩევლებს დიდხანს ემახსოვრებათ.
ვინ ართობდა პუბლიკას 14 ოქტომბერს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე „საღამოს მთავარი ხმა“ გახდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერალი სოფო ბათილაშვილი, რომელმაც სახელი გაითქვა უსაზღვროდ პოპულარული მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ წყალობით. სოფოს და პროექტის ავტორების დამსახურებით ბავშვები და მოზარდები XX საუკუნის მივიწყებული ქართული სიმღერებით ამღერდნენ.
სოფო ბათილაშვილი ხშირად გამოდის ოპოზიციის აქციებზე. ამჯერად იგი პუბლიკის წინაშე წარდგა სიმღერით „ჰერიო, ბიჭებო“, რომელმაც მას „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთ ტურში გამარჯვება მოუტანა. პატრიოტული კომპოზიცია მან ქართული ფოლკლორის პოპულარულ შემსრულებელთან და მუსიკოსთან გიორგი უშიკიშვილთან ერთად შეასრულა.
ამ უკანასკნელმა მომღერალ ლელა წურწუმიასა და იმავე ბათილაშვილთან ერთად საქართველოს ჰიმნიც იმღერა. სხვათა შორის, სამივე მუსიკოსი ხშირად სტუმრობს „მთავარი არხის“ წამყვან პოლიტიკურ და გასართობ შოუებს.
ორგანიზატორებმა თინეიჯერებზეც იზრუნეს და სცენაზე რეპერი ლექს-სენი გამოიყვანეს.
აქციის კიდევ ერთი „ვარსკვლავური შემადგენელი“ საღამოს წამყვანი, მსახიობი ილო ბეროშვილი იყო. ილომ პოპულარობა მოიპოვა ცნობილ ქართულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ სერიალი ოპოზიციურ არხზე „ფორმულაზე“ გადის.
ორი კვირის შემდეგ, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქციის დღეს ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში. ვიდრე „ქართული ოცნება“ აქციას თბილისში მართავდა, „ნაცმოძრაობამ“ აქტივისტები ზუგდიდში შეკრიბა. მუსიკალური გაფორმების შერჩევისას პარტიამ ყველა თაობის გემოვნება გაითვალისწინა.
IPSOS-ის კვლევა მეორე ტურის წინ: თბილისის გარდა ყველა დიდ ქალაქში – პოზიცია თუ ოპოზიცია?>>
მოქალაქეების წინაშე გამოვიდა უფროსი თაობის საყვარელი მუსიკოსი მერაბ სეფაშვილი. მის შემდეგ სცენა რეპერმა ლექს-სენმა დაიკავა, რომელიც მთავარ სათქმელს შეეხო: „საქმით გამოაჩინე, ვინ რა კაციაო“.
და, რასაკვირველია, რადგან აქცია სამეგრელოს რეგიონში იმართებოდა, არც ტრადიციული „დიდოუ ნანა“ დაივიწყეს, რათა რეგიონის ყველაზე აპოლიტიკური ნაწილის გულებიც კი მოეგოთ.
იმავე საღამოს სცენაზე ცნობილი ოპერის მომღერალი და პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძეც გამოჩნდა. მას არ უმღერია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვინ მღერის „ოცნებისთვის“
„ქართული ოცნების“ აქციის ორგანიზატორებმა სხვა „მუსიკალურ მარშრუტს“ მიმართეს. შემსრულებლები სცენაზე აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე მიიწვიეს, დაახლოებით სამ საათზე. შეკრებილთა განწყობაზე იზრუნეს გელა გნოლიძის ბენდმა და გუფი-ლენდმა. სცენიდან კარგად ცნობილი ქართული და ინგლისურენოვანი სიმღერების თანამედროვე არანჟირება ჟღერდა.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოსულ აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ზუკა ხუციშვილის ნამღერი, რომელსაც ქართველი მსმენელი ლამის დაბადებიდან იცნობს. ზუკა მამასავით, გია ხუციშვილივით ქალაქურ რომანსებს ასრულებს.
აქციის დაწყებამდე სცენიდან გაისმა ჰიმნის კომპოზიტორ გიორგი დონაძის მიერ შექმნილი ახალი ვერსია „ქართული ხმების“ და წამყვანი ფოლკლორული ანსამბლების სოლისტების შესრულებით. საღამოს მუსიკალურ-ემოციური კულმინაცია კი გახდა სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“.
მმართველი პარტიის აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქცენტი მუსიკოსებზე გაეკეთებინათ – იყო მეტი მუსიკა და ნაკლები პოლიტიკური გამოსვლა.
რომელი პარტიის გათვლა აღმოჩნდა უფრო ზუსტი და რომელ მუსიკოსებს ჰყავთ ელექტორალური ასაკის მეტი მსმენელი, შაბათს გაირკვევა, როცა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ერთმანეთს ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0