მიხეილ სააკაშვილმა ექიმების მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა
22:01 28.10.2021 (განახლებულია: 01:03 29.10.2021)
© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
© Facebook / Mikheil Saakashvili
გამოწერა
სააკაშვილმა სამედიცინო დახმარებაზე და კონსილიუმის შემოწმებაზე უარი შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის დამონტაჟების შემდეგ განაცხადა
თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ადვოკატებთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სამედიცინო დახმარებაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ დაწერა თავის Facebook-გვერდზე.
სააკაშვილმა სამედიცინო დახმარების მიღებაზე და ექიმების კონსილიუმის შემოწმებაზე უარი შეხვედრების ოთახში ახალი მინის ბარიერის დამონტაჟების შემდეგ განაცხადა.
„დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდებოდი, ვინაიდან, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატები არიან. ჩემი პროტესტის შედეგად ადვოკატებთან ნორმალური ურთიერთობა აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი", - დაწერა სააკაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ადვოკატებმა რუსთავის ციხის ტერიტორია დატოვეს, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ექიმების კონსილიუმის წევრები შევიდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხეში უკვე 28-ე დღე შიმშილობს.