ქართულ-იტალიური დუეტი Duo LALIMBERTI, ანუ როგორ არ უნდა დაიკარგო ცხოვრების ორომტრიალში

© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრები ლალი ბურდულის უჩვეულო ცხოვრების ამბავს მოგითხრობთ.
საქართველოში უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. შემდეგ, სკოლიდან დაწყებული უმაღლესის ჩათვლით, ყოველთვის წარმატებული იყო და რასაც ჩაიფიქრებდა, ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდა. ერთხელაც მიშა ჭავჭავაძის რუსულ სახალხო თეატრში მოხვდა. იქ შემოქმედებითი გზა თავად მედეა ჩახავამ დაულოცა. მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ დიდი მსახიობის დალოცვა იმდენად იღბლიანი აღმოჩნდებოდა, რომ წლების მერე სრულიად უცხო ქვეყნის სცენაზე მდგარი გულწრფელ აპლოდისმენტებს არაერთხელ მოისმენდა.
მანამდე დიდი და რთული გზა გაიარა, სხვადასხვა მიზეზით არც ტკივილი დაკლებია, არც იმედგაცრუება, თუმცა ხელი არასდროს ჩაუქნევია. მხსნელად ყოველთვის სიყვარული ევლინებოდა და მისი სახელით და მის გამო ყველაფერს აკეთებდა. გავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ დღეს იტალიურ-ქართული დუეტი სახელად Duo LALIMBERTIუკვე ბევრმა იცის. ლალი ბურდული და მისი მეუღლე, ნიჭიერი, დაბადებით უსინათლო დუჩო ლიმბერტი სიმღერებს იტალიურად, ქართულად, ნეაპოლიტანურად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად და ბერძნულად მღერიან. იტალიაში კონცერტებით ყველგან გამოდიან, ამ გამოსვლებს არა იშვიათად საქველმოქმედო ხასიათი აქვს. ამჟამად თემატურად განსხვავებულ რამდენიმე ალბომზე ერთდროულად მუშაობენ. ერთ-ერთ მათგანს დაერქმევა „იტალია უმღერის საქართველოს”.
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ არ უნდა დაიკარგო ცხოვრების ორომტრიალში და საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება სამშობლოსგან მოშორებითაც შეძლო...
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული
- ქალბატონო ლალი, მინდა თქვენი ცხოვრების ამბის თხრობა საქართველოთი დაიწყოთ, აქ გატარებული ბავშვობა როგორ გახსენდებათ?
- ჩემი მშობლები ერთმანეთს კისლოვოდსკში შეხვდნენ, სადაც ორივე ისვენებდა. დედა, ეროვნებით სომეხი, იმ დროს იქაური ბიძის ოჯახში ისვენებდა. განშორების დროს დედამ მასზე შეყვარებული მოხდენილი, სილამაზით გამორჩეული ყმაწვილი მატარებლამდე მიაცილა, მაგრამ მამამ ის შინ აღარ გაუშვა და იმავე მატარებლით ორივე თბილისში ჩამოვიდა. ჩემმა შალვა პაპამ და ნატაშა ბებიამ (ბებია ბარამიძის ქალი იყო, რატომღაც ნატაშას ეძახდნენ) სიყვარულითა და სითბოთი მიიღეს ახალგამომცხვარი რძალი, რომელიც რუსული და ინგლისური ენების გარდა სხვა ენას არ ფლობდა. ეს სითბო და სიყვარული ორივე ოჯახმა მაშინაც შეინარჩუნა, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. პაპაჩემს, შალვა ბურდულს, რომელიც 1973 წელს უეცრად გარდაიცვალა, ბევრი ადამიანი დღესაც მადლიერებით იხსენებს.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული
- უზრუნველი ბავშვობა გქონდათ?
- დიახ, არაფერი გვაკლდა: პირველი ტელევიზორი, პირველი მაგნიტოფონი, პიანინო - პაპა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილიშვილისთვის ყველანაირი პირობები შეექმნა. მუსიკალურ სკოლაშიც მან მიმიყვანა, მლეთაშიც, ლომისობაზეც მან ამიყვანა და იქ ცხენზე პირველად შემომსვა. ყოველთვის მეუბნებოდა: „პაპული, უნდა მასახელო”. მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ერთი გამოცდით უნივერსიტეტში ჩავირიცხე, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი სტიპენდიანტი ვიყავი და წითელი დიპლომი მივიღე. მანამდე ჩვენს სკოლას შეფობას უწევდა კავშირგაბმულობის სამინისტრო, რომლის შენობაში არსებულ კულტურის სახლს სულიკო კოროშინაძე ხელმძღვანელობდა. იქ მიშა ჭავჭავაძის რუსულ სახალხო თეატრში მოვხვდი. ბევრი ადგილობრივი თუ საკავშირო კონკურსის დიპლომანტი ვარ. მინდა პატივისცემით ვახსენო ზორა ეგუტია, რომელმაც თავის დროზე გამაცნო მსახიობი მედეა ჩახავა. სწორედ ამ უკანასკნელმა დამილოცა პირველად შემოქმედებითი გზა. თუმცა იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ თეატრი და სცენა ჩემი საქმე არ იყო...
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
- სამომავლო გზის არჩევაში ვინ დაგეხმარათ?
- დედამ ადრე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ყოველდღიურად ვაკვირდებოდი, თუ რას და როგორ საქმიანობდა. ერთ მშვენიერ დღეს მან მიმიყვანა მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში, რომელიც აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე იყო. იქ ჩემ კეთილ ფერიად და დედობილად იქცა უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანი ანჟელა მიქაძე, რომელიც გაკვეთილების მოსამზადებლად უიშვიათესი ლიტერატურით მამარაგებდა. სწორედ მან მიმიყვანა თავის მეგობართან, ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან რჩევისთვის, თუ რა გზას დავდგომოდი სამომავლოდ. გასაუბრების შემდეგ ბატონმა ალექსანდრემ გზა დიპლომატიური საქმიანობისკენ დამილოცა. მირჩიეს ბედი მეცადა უნივერსიტეტის ახლად დაარსებულ საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე და მეორად ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების კურსი ზურაბ გელეყვას ხელმძღვანელობით გამევლო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული შვილებთან ერთად
ლალი ბურდული შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული შვილებთან ერთად
- არასტანდარტული და მოულოდნელი გადაწყვეტილება ბევრჯერ მიგიღიათ ცხოვრებაში?
- დიახ, რამდენჯერმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ყველას გაუკვირდა. ცხოვრების მანძილზე არჩევანს ყოველთვის ოჯახის სასარგებლოდ ვაკეთებდი და დღესაც ასეა. მაგალითად, ამავე მიზეზით ვთქვი უარი წინასადიპლომო პრაქტიკაზე დამასკოს უნივერსიტეტში. აქვე იმასაც ვიტყვი, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, 15 წლის ასაკიდან ჩემი ყველაზე დიდი სურვილი შვილების გაჩენა იყო, ამიტომ ოჯახი 19 წლისამ შევქმენი და დღეს ორი ვაჟის დედა ვარ. საუნივერსიტეტო პედაგოგიური პრაქტიკის დასრულებისას ჩემმა ხელმძღვანელმა შემაქო და პედაგოგიური საქმიანობის დაწყება მირჩია. მაშინაც დავარღვიე სტერეოტიპი და გეოგრაფიის მასწავლებლად გლდანის N173 სკოლაში ვთხოვე განაწილებით გაგზავნა. საბჭოთა პერიოდის დროს არსებული წყობა კადრების აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობდა, ავად თუ კარგად, სისტემა აწყობილი იყო, ამიტომ პოლიტიკურმა კარიერამ თავად მომძებნა: მე ჯერ გლდანის 115-ე სკოლის მდივნად ამირჩიეს, მერე კომკავშირის რაიონული კომიტეტის მდივნად. რაიკომის მეორე მდივნის თანამდებობის მერე თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად გადამიყვანეს, სადაც განათლებისა და კულტურის სექტორი ჩამაბარეს. ეს იყო ჩემი უკანასკნელი სამუშაო ადგილი ცხოვრებაში.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი  კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
- როგორც ვიცი, ამის შემდეგ საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს და შვილებს მიუძღვენით...
- 1990 წელს ჩემი მეორე ვაჟი დაიბადა. ცერებრალური დამბლის გარდა, ორი წლის ასაკში მას დიაბეტიც დაემართა. მე კი, ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. მაშინ განსაკუთრებულად ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა - მეორეხარისხოვანი. მივხვდი, რომ საზოგადოებისთვის ჩემი მსახურება დასრულდა და საკუთარი ცხოვრება მთლიანად პატარა კოტესთვის უნდა მიმეძღვნა. ინტენსიურად დავიწყე მისი ორივე ავადმყოფობის შესწავლა, მის დიაბეტზე ზრუნვა არაჩვეულებრივმა ექიმმა მარინა გორდელაძემ აიღო თავის თავზე და სწორ გზაზე დაგვაყენა. ახლაც მისი რჩევა-დარიგების წყალობით ვუძღვებით ცხოვრებას. იმდროინდელ გაჭირვებულ საქართველოში კოტეს გადარჩენისთვის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ასოციაციის არსებობაც კი მნიშვნელოვანი იყო.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი
- იტალიაში თქვენი ჩასვლაც ამავე მიზეზით მოხდა?
- 1994 წელს იტალიაში ჩავედი იმისთვის, რათა მენახა დედა, რომელიც ტოსკანაში უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მან გაიგო, რომ ნეაპოლში ვალენტინ დიკულს სარეაბილიტაციო ცენტრი ჰქონდა გახსნილი და ამ კლინიკაში კოტეს ჩვენება გადავწყვიტეთ. თანაც, დედასთან ახლოს ყოფნას რა ჯობს?! იტალიელმა ექიმებმა კოტესთვის საჭირო პირველადი ნევროლოგიურ-სარეაბილიტაციო ვარჯიშები გვასწავლეს. შემდეგ განგებამ მოისურვა, რომ ჩვენთვის საჭირო სკაფანდრების მეთოდით მკურნალობა თბილისში დაფუძნებულიყო. დღეს მადლიერებით ვიხსენებ ექიმ ვანიკო ბოკერიას, რომელმაც შეგვიყვანა სამკურნალო სიაში იმ პირობით, თუ თავად გავაკონტროლებდით კოტეს სისხლში შაქრის დონეს. ასევე მადლიერი ვარ ექიმ ირაკლი ნატროშვილის, რომელიც დღესაც კოტესნაირი პატარების ჯანმრთელობითაა დაკავებული. ამის მერე გავიდა წლები და კოტემ სიენის უნივერსიტეტი დაამთავრა. მალე სამაგისტრო დიპლომს დაიცავს, იგი პოლიტოლოგია და ამავდროულად მარკეტინგის სპეციალობასაც ეუფლება. იტალიაში საცხოვრებლად 2000 წელს გადმოვედით, რადგან უფროსი ვაჟი აქ სასწავლებლად ჩამოვიდა.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე
- თქვენი მეორე ვაჟი რა გზას გაჰყვა?
- ლადო მუსიკოსია, მარკეტინგის საკონსულტაციო ფირმა აქვს გახსნილი. უკვე დაოჯახებულია, არაჩვეულებრივი ქართველი მეუღლე სოციალური ქსელებით გაიცნო. იტალიელ მეგობართან ერთად მის მიერ დაარსებული მუსიკალური ჯგუფი Profusion იმით გამოირჩევა, რომ მათ კომპოზიციებში ქართული მელოდიებია. ისინი როკისა და ქართული ფოლკლორის მიქსს წარმოადგენს. მოკლედ, ჩემი ორივე შვილი იტალიაში წარმატებით დამკვიდრდა, ორივე წესიერი, კეთილი და ნიჭიერი ახალგაზრდაა.
- ვიცი, რომ იტალიელ მეუღლესთან დამეგობრებიდან 22 წლის მერე იქორწინეთ, როგორ მოხდა ეს ამბავი?
- „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი” - ასე გვიქადაგეს ოდესღაც. დღეს თავს უფლებას ვაძლევ, ვიხუმრო ხოლმე – მე და დუჩოს კავშირი რომ შემდგარიყო, ამისთვის განგებამ საბჭოთა კავშირი დაშალა, მე კი შშმ შვილი მაჩუქა–მეთქი. დუჩო იტალიაში პირველად ჩასვლის დროს გავიცანი, როცა ის უბნის პოლიკლინიკაში მუშაობდა. მის შესახებ დედაჩემისგან გავიგე – ჩვენს პოლიკლინიკაში ერთი ნიჭიერი მუსიკოსი და პოლიგლოტი მუშაობსო. დუჩომ სურვილი გამოხატა, რომ კოტეს შაქრის გასაზომი ხელსაწყოსთვის ჩხირების შეძენაში დაგვხმარებოდა. ყველაფერში აშკარად ჩანდა მისი უზადო ნიჭი და კეთილშობილება. ბოლოს იმითაც გამაოცა, რომ ერთი სიმღერა სტვენით წაიმღერა. ეს იყო პახმუტოვა-დობრონრავოვის “სინაზე” (Нежность), რომელიც ძალიან მიყვარს. საოცარია, მაგრამ დუჩოსთან ურთიერთობის დროს სულ მავიწყდებოდა, რომ ის... უსინათლოა. ბავშვობაში დუჩოს აუტუზმის ნიშნები და რიგი ნევროლოგიური გადახრა ჰქონდა. მისმა დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა დუჩოს თავისი ფიზიკური ნაკლი არ ეგრძნო. ის ერთ „რიგით” და თვითმყოფად გენიოსად თავისთავად ჩამოყალიბდა. რა ვიცოდი, რომ გავიდოდა დრო და ეს უსინათლო ნიჭიერი ახალგაზრდა ჩემი მეუღლე გახდებოდა... მანამდე, 2002 წელს იტალიაში მე სხვა ადამიანზე დავქორწინდი. მე და პაოლომ 16 წელი სიამტკბილობაში ვიცხოვრეთ. სამი წელი ლოგინად ჩავარდნილ პაოლოს ვუვლიდი. 2016 წელს დავქვრივდი და მაშინ პირველად, 26 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამსახური მომეძებნა.
- და მაშინ მუსიკით თქვენი გატაცება გაგახსენდათ და დუჩო ლიმბერტის მიმართეთ?
- დიახ, ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მაქვს და მთელი ცხოვრება თვითგანათლებას ვეწევი, იტალიაში, თუ აქაური სერტიფიკატი ან დიპლომი არ გაქვს, კვლიფიციურ სამსახურს ვერ იშოვი. დასაქმების ცენტრში მირჩიეს ისეთი საქმიანობა მომესინჯა, რის გაკეთებისთვისაც განათლების საბუთი საჭირო არ იყო. ასეთად ერთადერთი სიმღერა გამოდგა. მომვლელად მუშაობას ვერ დავიწყებდი, რადგან კოტეს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა. ამიტომაც მივმართე ჩვენს მეგობარ დუჩოს და ვთხოვე დამხმარებოდა აკომპანიმენტში, რომ სადმე სიმღერა მესინჯა. იგი სიამოვნებით დამთანხმდა. დუჩო მარტო ჩემ ჩაწერას აპირებდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ სიმღერა ერთად ჩაგვეწერა. როდესაც ჩამწერ სტუდიაში ოთხ საათში ურთულესი საორკესტრო არანჟირება შექმნა და მომასმენინა, თუ როგორ ვმღეროდი ვირტუალური ორკესტრის თანხლებით, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისმა ხავერდოვანმა ხმამ და უაქცენტოდ ნამღერმა რუსულმა სიმღერამ საბოლოოდ მომაჯადოვა. ამას სხვა სიმღერებიც დაემატა და ერთ წელიწადში პირველი რუსული ალბომი ჩაიწერა. სიმღერებზე მუშაობის დროს მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. როდესაც დუჩომ გაიგო, რომ მორწმუნე ვარ, მაშინვე მოინდომა დაქორწინება, რომ ცოდვით არ დაემძიმებინა ჩემი ცხოვრება. ჯვარი დავიწერეთ რუსულ ეკლესიაში, რომელიც შერეულ ქორწინებას აღიარებს. პანდემიის დროს კი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში მამა ანდრია ლაცაბიძემ დუჩო-დავითის სახელით მართლმადიდებლურადაც მონათლა.
- დღეს თქვენი დუეტი სიმღერებს იტალიურად, ქართულად, ნეაპოლიტანურად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ბერძნულად ასრულებს... ძირითადად რაზე მღერით?
- ჩვენ მხოლოდ სიყვარულზე ვმღერით, რადგან სიყვარულია საყოველთაო გადარჩენა და სულის მალამო. პირველი კონცერტი 2017 წლის 17 სექტემბერს დუჩოს მშობლიური ქალაქის, სან ჯიმინიანოს თეატრის სცენაზე წარმატებით გაიმართა. ბოლო კონცერტი 2021 წლის 20 ივნისს ღია სივრცეში, ერთი იტალიელი ახალგაზრდა წყვილის დასახმარებლად გავმართეთ. მათ სამი არაჩვეულებრივი ბავშვი ჰყავთ და ამავდროულად მძიმედ დაავადებულ, მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავენ. კონცერტის დროს დუჩოს პირველი წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა და თავისუფალი შემოწირულობით შეგროვილი 655 ევრო ამ თბილ, გმირ ოჯახს ხელზე გადავეცით. დღეს ჩვენს საშინაო აუდიო studio-ში ჩაწერას მე ვუძღვები, კომპიუტერულ, აუდიო-ვიდეო უზრუნველყოფაც მე მაბარია. ტექსტების შექმნაზე, რითმულ და პოეტურ თარგმანზე კი დუჩოსთან ერთად ვმუშაობ. 2017 წელს გამოსულ პირველ ალბომს ჩვენ ვუწოდეთ „იტალია უმღერის რუსეთს”. დუჩო ძალიან გვიან, დედაჩემის გაცნობის შემდეგ გაერკვია იმაში, რომ საბჭოთა კავშირის რუსეთთან გაიგივება შეცდომაა, ისიც, რომ საქართველოს რუსეთი უწოდო. თუმცა რუსეთის ცნება მის ცხოვრებაში უკვე შემოსული იყო ჰოლივუდის ფილმიდან “ანასტასია”, რომელიც ცხრა წლის ასაკში ტელევიზიით „ნახა” - დუჩოც ამ ტერმინს იყენებს.
- ვიცი, რომ ახლა მუშაობთ ალბომზე „იტალია უმღერის საქართველოს”, რომელი ქართული სიმღერები შევა მასში?
- ქართული ფონეტიკის შესწავლას დუჩომ ორი წელი მოანდომა. მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა ქართულ ალბომზე ფიქრი და მისი შექმნა. დუჩო ქართულ ენასთან „შეჭიდებაზე” ანიტა რაჭველიშვილის მეუღლემ, ბატონმა ოთარმა შეაგულიანა. დათო არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს” ლაშა ღლონტის არაჩვეულებრივი შესრულებით იყო პირველი ქართული სიმღერა, რომლის სწავლაც მან დუჩოს სთხოვა. ამ სიმღერას სხვაც დაემატა და ახლა უკვე თითქმის მზადაა ორმაგი ალბომი – 21 სიმღერიდან მხოლოდ სამი დაგვრჩა ჩასაწერი. დუჩო გახლავთ ამ ყველაფრის არანჟირების ავტორი, ორკესტრირების შემქნელი და შემსრულებელი. იმისთვის, რომ იტალიელებისთვის გასაგები იყოს, თუ რაზე მღერის მათი თანამემამულე თავის უცხოელ მეუღლესთან ერთად, თითოეულ ქართულ სიმღერას იტალიური თარგმანიც ექნება დართული. ხოლო მანამდე ჩვენს მსმენელს ცნობილი სიმღერა „კართან მოდგა შემოდგომა" შევთავაზეთ. მან ქართული აუდიტორიის დიდი ყურადღება მიიპყრო, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდით. მთელი ეს წლები მე და დუჩოს გვინდა, რომ სხვა იტალიელებმაც გაიგონ, თუ რა სილამაზითა და სიმდიდრითაა უხვად დაჯილდოებული ჩემი სამშობლო.
- საქართველოში თუ იყავით თქვენს იტალიელ მეუღლესთან ერთად?
- 2018 წლის ივლისში მე და დუჩო საქართველოში გავემგზავრეთ. კლასელებმა შეხვედრა გადავწყვიტეთ და მსოფლიოს ყველა კუთხიდან შევიკრიბეთ. დუჩო მოჯადოებული დარჩა იმ სითბოთი, სათნოებითა და სიყვარულით, რომელიც მას ჩემმა ნათსავებმა, მეგობრებმა თუ ახლობლებმა გულუხვად უწილადეს. ქართული კერძები არ გაკვირვებია, რადგან სიდედრი სულ ანებივრებს ხოლმე ჩვენებური გემრიელობებით. საქართველოში მე და დუჩომ მოვილოცეთ წმინდა ადგილები - სვეტიცხოველთან, ჯვართან შეხვედრის განცდა დუჩომ თავის ქართულ სიუიტაშიც ჩააქსოვა. წმინდა მამა გაბრიელის საფლავთან დუჩო დიდხანს შეყოვნდა. როდესაც შინ დაბრუნება შევთავაზე, მთხოვა დამეცადა – მამა გაბრიელისთვის სათქმელი ბოლომდე არ მითქვამსო. ვინ იცის, რა შესთხოვა წმინდა სალოსს...
- ჩვენი საუბარი პაპის მოგონებით დაიწყეთ, როგორ ფიქრობთ, შეასრულეთ მისი დანაბარები?
- პაპა იყო ის კაცი, რომელსაც უყვარდა სტუმრები, იყო კეთილი, გულუხვი და ქველმოქმედი ადამიანი. ძალიან ლამაზად მღეროდა. პაპა და მამა სულ შთამაგონებდნენ, რომ ქართველობა არ დამეკარგა. მე კი ვცდილობდი შვილებისთვის შემეწყო ხელი, რათა ცხოვრების ორომტრიალში არ დაკარგულიყვნენ. ამასთან, სხვა ეროვნების და რწმენის ადამიანების მიმართ პატივისცემაც ჰქონოდათ. რაც მთავარია, არ დავიწყებოდათ, ვისი გორისანი არიან. უფლის წყალობით, ეს, მგონი, მოვახერხე...
ყველა ახალი ამბავი
0