სარჯველაძე სააკაშვილზე: განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. სამედიცინო კონსილიუმმა საჭიროების შემთხვევაში მისი შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია გასცა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი რისკი არ არსებობს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა 19 ოქტომბერს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.
იუსტიციის სამინისტროში თანახმა არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს. მათი განმარტებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად.
„ხელაღებით იმის მოთხოვნა, სერვისის მიწოდება მაინცდამაინც განხორციელდეს რომელიმე კერძო კლინიკაში, ვინაიდან რომელიმე პატიმარს ასე სურს, სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია. როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?.. განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს, რადგან წესი ყველასთვის წესია", – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, ციხის საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფინქციური ჯგუფის დასკვნა ცნობილია, რომელშიც ნათქვამია, რომ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოსახერხებელია მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია.
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ბრეგაძე: კონსილიუმის წევრებს ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაუშვებენ
გუშინ, ციხის საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნას და რეკომენდაციებს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიონ ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.
თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში მათ დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გლდანის ციხეში იგეგმება იმიტირებული ბუნტი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0