ფსიქოლოგის „ფიქრის ძალა“ და სიმწვანეში ჩაფლული სახლები, როგორც ოცნების ვიზუალიზაცია

© courtesy of Elene Khutsishviliელენე ხუციშვილი
ელენე ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
პროფესიით ფსიქოლოგია და ალბათ ამიტომაც მის ნამუშევრებში არაცნობიერში დალექილი, მისთვის ბევრი ემოციური თემაა წამოწეული და მხატვრულად გამოსახული. ნოემბერში ერთი წელი გახდება, რაც ხატვა დაიწყო. ამის სურვილი მასაც პანდემიის დროს გაუჩნდა.
26 ოქტომბერს ნათელა იანქოშვილის სახელობის გალერეაში თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე ,,შემოდგომა 2021” ელენე ხუციშვილის ნახატი, სახელად „ჰარმონია“ იქნება წარმოდგენილი. უკვე ეს ფაქტი შეიძლება მომავალში მხატვრის წარმატების საწინდარი გახდეს.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილი
ელენე ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილი
- ელენე, ფსიქოლოგის პროფესიას ადამიანი შემთხვევით არ ირჩევს ხოლმე...
- ფსიქოლოგის პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მეგობრებს ხშირად უთქვამთ, შენგან კარგი ფსიქოლოგი დადგება, ისე კარგად შეგიძლია მოსმენა, გაგება და რჩევების მოცემაო. ვფიქრობ, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი საუბარი ბევრს დახმარებია, მათი აზრით, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ, როცა გამოსავალს ვერ პოულობდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო სხვადასხვა ფსიქოლოგიური საშუალებები, მათ შორის, ჰიპნოზი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამ კუთხით არ ვმუშაობ, ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება ხოლმე მიღებული ცოდნა. სხვა ადამიანების წარმატების მიღწევაშიც მიმიძღვის წვლილი, ამას თავად მეუბნებიან და ეს ამბავი მახარებს.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- რომელია თემა, რომელიც ფსიქოლოგიაში განსაკუთრებულად გაინტერესებთ?
- განსაკუთრებით არაცნობიერის შესწავლა მაინტერესებს. ადამიანის გონების ჯერაც შეუცნობელი შესაძლებლობები, „ფიქრის ძალა''. როცა ბავშვი მეყოლა, სულ სახლში ვიყავი მასთან და ხატვაც მაშინ დავიწყე, ეს პანდემიის დროს მოხდა.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- მინდა მხატვარ ელენე ხუციშვილზე ფსიქოლოგმა ელენე ხუციშვილმა ისაუბროს. რატომ გახდა პანდემიური განმარტოება მხატვრის გააქტიურების მიზეზი?
- ძალიან საინტერესოა მხატვარ ელენე ხუციშვილზე საუბარი, რადგან სულ მცირე ხანია, რაც ამ ამპლუაში ვარ. ვფიქრობ, ხატვაში მან აღმოაჩინა ისეთი გზა, როცა მხოლოდ ბედნიერების გამომწვევ ემოციებზე შეუძლია კონცენტრირება. ამ გზით კი სხვა ადამიანებსაც გაუღვიძოს ტკბილი და თბილი მოგონებები, დააფიქროს ისინი და ახლის შექმნის სურვილი გაუღვივოს მათ. პანდემიამ სრულიად შეცვალა სამყაროს ყოველდღიური რუტინა. ჩემთვის, ავად რომ ვიყავი, თითქოს არაფერი შეცვლილა: ისევ პატარა მყავდა მოსავლელი, ისევ სახლში ვიყავი, ისე, როგორც წინა თვეები. ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ ისეთი საქმე მეკეთებინა, რაც მხოლოდ სასიამოვნო იქნებოდა და თანაც რისი უდიდესი ინტერესიც მექნებოდა. როდესაც ხატვაზე გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებდი, ძალიან ადვილი მეჩვენებოდა და ვფიქრობდი, აღარ გადავდებ, მეც უნდა ვცადო–მეთქი. გამოვჯანმრთელდი თუ არა, მე და ჩემი მეუღლე წავედით სამხატვრო საღებავების საყიდლად და ვცადე. პირველად საცდელად შევასრულე საბავშვო თემატიკის ნახატი, რომელიც დღეს ჩემი ახლობლის ბავშვის ოთახს ალამაზებს.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- დავაკვირდი, რომ თქვენი ნახატების უმრავლესობაში გამოსახულია სიმწვანეში ჩაფლული სახლი, ასევე ხშირად ჩანს ზამთრის თემა და ბავშვები, როგორ ახსნით ამას?
- ალბათ ეს ჩემი საოცნებო საცხოვრებელი გარემოა და ამიტომ ნახატების უმეტესობაში ეს ოცნებაა გამოსახული. ზოგადად, სახლი მწვანე ეზოთი სიყვარულთან, სიმყუდროვესთან, ტკბილ ოჯახსა და ბავშვობასთან ასოცირდება. ზამთარი და თოვლიც ბავშვობას მახსენებს. კარგად მახსოვს სოფელში მეზობლის ბავშვებთან ერთად გუნდაობა, თოვლის პაპის გაკეთება, სველი ხელთათმანები და შემდეგ აგუზგუზებულ ღუმელთან აწითლებული ცხვირ-პირით გასათბობად ჩამოჯდომა. მართალია, სიცივე არ მიყვარს, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- ალბათ ბავშვობის თემა მას მერე უფრო გააქტიურდა, რაც დედა გახდით. სამყაროს მიმართ თქვენ დამოკიდებულებაში რა შეცვალა ამ ფაქტმა?
- დედობა მართლაც ენით აუწერელი რამეა. მანამდე ბევრი ფილოსოფიური ახსნა მომისმენია ამ თემის, მაგრამ რეალობა გაცილებით მეტი აღმოჩნდა. განუზომელ სიყვარულსა და სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაც გაჩნდა. ეს კი, რა ასაკშიც უნდა იყოს ადამიანი, მარტივი არაა. თუმცა, ამ გამოცდილების გარეშე ცხოვრებას ნამდვილად არ ვისურვებდი.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- კონკრეტულ თემებზე სერიული ნამუშევრები გაქვთ...
- ჩემი ნახატები ყველა ორიგინალია და ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მომეწონება ხოლმე, იმ თემაზე სერიებს ვქმნი. მაგალითად, მაქვს სერიები: ''ჯადოსნური სამყარო'', ''ზღაპარი'', ''თოვლიანი დილა''. როცა ვინმეს უკვე გაყიდული ნახატი ძალიან მოსწონს, მთხოვს, რომ ასეთივე დავუხატო. რახან ასლებს არ ვაკეთებ, სერიებს ვთავაზობ ხოლმე, შეკვეთით დიდ ტილოებზეც ვხატავ.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- ყველაზე უჩვეულოდ თქვენი რომელი ნახატი გაჩნდა და შეგიძლიათ ის ამბად მომიყვეთ?
- ყველაზე უჩვეულოდ მაინც მახსენდება ტილო ''სიხარულის მოლოდინში“. როცა დასაძინებლად ვწვები ხოლმე, თავში სულ მიტრიალებს - რა შეიძლება დავხატო. მაგრამ იმ ღამით ცხადად დამიდგა ეს სურათი თვალწინ. შევეცდები „მოგიყვეთ“: საღამოა, ბებია ლამპით ხელში აივანზე დგას და ელოდება შვილიშვილების ჩამოსვლას, ერთგული ძაღლიც ეზოს ჭიშკარს მისჩერებია, ციცინათელები ირევა სიმწვანეში და ონკანიდან წყლის ჩხრიალიც „ჩამესმის“. წარმოსადგენად ეს მარტივი იყო, მაგრამ მეშინოდა როგორ მოვახერხებდი ამის ტილოზე გადატანას. დილით შევუდექი ხატვას და როცა მონახაზი ჩამოყალიბდა, მივხვდი, რომ გამოვიდა, რაც მთავარია, ჩემი ის ემოცია ზუსტად გადმოვეცი. რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ამ ნახატმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ''დედა'' გაახსენა, რამაც ძალიან გამახარა.
© courtesy of Elene Khutsishvili Artელენე ხუციშვილის ნამუშევარი
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ელენე ხუციშვილის ნამუშევარი
- სოცქსელებში პროფილზე ამოტანილი გაქვთ ქრისტოფერ ნოლანის ფილმიდან „ინტერსტელარი“ ფრაზა: "ნუ შეაბიჯებ მორჩილად ბნელ და მიმზიდველ ღამეში, სიბერემ ვერ უნდა შეძლოს შენში ნაპერწკლის ჩაქრობა“. ფილმი სამყაროს გადარჩენის თემაზეა, გიფიქრიათ ამაზე?
- ფილმ ''ინტერსტელარის'' ნახვის დროს რაღაც ახალი ემოციები გამიჩნდა, ჩემთვის უცნობი და საინტერესო ფაქტების ვიზუალიზაცია დავინახე, მაგრამ ყველაზე მეტად ამ სიტყვების შინაარსმა მომხიბლა. ჩემთვის ისინი მოტივატორი გახდა. ამიტომ, რომ არ დამავიწყდეს, ხშირად მინდა, რომ მათ ვხედავდე. შეუცნობელ თემაზეც ხშირად ვხატავ ხოლმე. მაქვს ნახატები: „იქს საუკუნე'', „სხვა სამყარო'', ''დაკარგული ცივილიზაცია'' „ფერისცვალება''. ამ ნახატებში ვერ მოვიაზრებ ვერც წარსულს, ვერც აწმყოს. აქ რაღაც ისეთია, რაც მნახველმა თვითონ უნდა აღიქვას - საკუთარი წარმოდგენით შეაფასოს. ამ თემაზე მუშაობა იმიტომ მიყვარს, რომ სრულ თავისუფლებას ვგრძნობ, ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ალბათ ამიტომაც არ მინდა დროის ჩარჩოში მოქცევა... რაც შეეხება გადარჩენას, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს - ერთმანეთის, საქმის, სწავლის, სიახლეებისკენ სწრაფვის სიყვარული...
ყველა ახალი ამბავი
0