„სრული ბოდვაა“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვეს პროვოკაციებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებები ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მომზადების შესახებ ემსახურება პანიკის დათესვას მოახლოებული არჩევნების წინ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იგეგმება იმიტირებული ბუნტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. ადვოკატი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და ყველა ზომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
„გვესმის მათი პანიკის დათესვის მიზეზი. გასაგებია, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ერთი კვირა დაძაბული გვექნება. ძალიან ბევრ აბსურდულ, პანიკის შემცველ ბრიფინგს მოვისმენთ, მაგრამ, მოსახლეობას მინდა, სიმშვიდისკენ მოვუწოდო. მშვიდად ვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გვარამიას განცხადებაზე საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ცხადად აჩვენებს იმას, რაზეა წამსვლელი „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ მოქმედებდნენ ისინი თავიანთი მმართველობის პერიოდში.
„ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს?! ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანა მოხდება მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პაციენტების მართვისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0