მოკლული ანასტასია შატალოვას შვილი მამას გადაეცა: მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება
21:50 22.10.2021 (განახლებულია: 12:56 23.10.2021)
© photo: Sputnik / Alexander ImedashviliПатрульная полиция
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ დღეს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა შატალოვას ადვოკატი პაატა შავაძე. მისი განცხადებით, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან ბავშვის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო შატალოვას ოჯახის სურვილია, რომ ბავშვი მათ მეურვეობაში დარჩეს.
„ეს ყოვლად დაუშვებელია. მამა არის ბრალდებული ბავშვისა და ქალბატონის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბრალი აქვს წარდგენილი ამ ადამიანს. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დამცავი ორდერის გაცემის საკითხს, სადაც განმცხადებლები არიან ანასტასია შატალოვა და მისი შვილი. არაერთი საჩივარია წარდგენილი და ორდერი გაცემული. ისმის კითხვა: რა სამართლებრივი საშუალება გამოძებნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, რომელმაც ასე უაპელაციოდ გადასცა ბავშვი მამას?!" — ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულს, ანასტასია შატალოვას ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ქალის მკვლელობა შეკვეთილი იყო, თუმცა თავს იკავებენ კონკრეტულ ვერსიებზე საუბრისგან.
„სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს. არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია. მინდა დამკვეთს მივმართო – მას აუცილებლად დააკავებენ. მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება", — განაცხადა ანასტასია შატალოვას მამამ სერგეი შატალოვმა.
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა 17–18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ ბავშვის მეურვეობის საკითხზე სასამართლო დავა ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს ადრეც ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა და ქალისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით საქმე მორიგებით დასრულდა და დედას შვილი დაუბრუნეს.