პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
პროკურატურის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ 21 ოქტომბერს მასმედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს.
ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა, იგი გეგმავდა მისი გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც საუბრობს, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამის უკან.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
სააკაშვილი ხელისუფლებას: კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში"
სააკაშვილის ადვოკატებმა კი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მობილური ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერის გავრცელება პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევად შეაფასეს.
პროკურატურის განმარტებით, მასმედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას, ადვოკატებს ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქმის მასალებთან ერთად გადაეცათ.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება მიიჩნევს, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება პროკურატურის დისკრედიტაციასა და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას ემსახურება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.
ყველა ახალი ამბავი
0