გონებამახვილური გამოსავალი რთული მდგომარეობიდან: სახალისო ისტორიული ფაქტები

© Pixabay / Tumisuევრიკა!
ევრიკა! - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! თვით ყველაზე უიმედო, მოუგვარებელ, აბურდულ, უთავბოლო საქმესა და ჩახლართულ-ჩამარყუჟებულ ვითარებაშიც კი გონიერი ადამიანი მაინც პოულობს გამოსავალს.
მაგალითად გამოდგება გენიალური ალექსანდრე მაკედონელის მიერ გორდიას კვანძის გახსნა. კერძოდ, ანტიკურ ქალაქ გორდიონში, ფრიგიის მეფეთა სასახლეში ინახებოდა ეტლი, რომლის ხელნები (რვილები) შეკრული იყო თასმის მრავალნასკვოვანი, თავბოლოუჩინარი კვანძით. ალექსანდრე მაკედონელამდე უამრავმა ადამიანმა უშედეგოდ სცადა ამ კვანძის გახსნა. მაკედონელს კი დიდხანს არ უფიქრია — ხმლით შუაზე გაკვეთა იგი და საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ დიდ თავსატეხს.
საბედნიეროდ (თუ საუბედუროდ) მსგავსი სიტუაციები მრავლად მოგვეძიება ისტორიის ფოლიანტებში.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
საინტერესო ფაქტები, ანუ იცით თუ არა, რომ...
***
პარიზის მთავარეპისკოპოსი მოლიერს ერეტიკოსად მიიჩნევდა. როდესაც ფრანგი კომედიოგრაფი გარდაიცვალა, ეპისკოპოსმა სასტიკად აკრძალა პარიზის სასაფლაოზე მისი დაკრძალვა. საქმეში მეფე ჩაერია, რომელმაც ეპისკოპოსს ჰკითხა:
— რა სიღრმემდეა მიწა ნაკურთხი პარიზის მთავარ სასაფლაოზე?
— რვა ფუტზე მაინც.
— მაშ კარგი, — ღიმილით მიუგო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, — ვბრძანებ, მოლიერისთვის თორმეტი ფუტის სიღრმის საფლავი გათხარონ.
მეფის გამჭრიახობამ მოლიერის ცხედარი იხსნა იმისგან, რომ საერთოდ დაუმარხავი დაეტოვებინათ.
კითხვის ნიშანი ლაბირინთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები
***
არისტოტელეს გადმოცემით, ძველი ბერძნული დასახლება იტალიაში — სიბარისი ფლეიტის დაკვრას შეეწირა.
სიბარისელების ერთ-ერთი გართობა ყოფილა ის, რომ ცხენებს ფლეიტის მელოდიის თანხლებით აცეკვებდნენ. ეს ფაქტი კარგად გამოიყენეს სიბარისელთა მტრებმა კროტონელებმა. კერძოდ, ომის დროს, როდესაც ცხენებზე ამხედრებული სიბარისელები შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ, კროტონელებმა ფლეიტაზე დაკვრა დაიწყეს, ცხენები აცეკვდნენ და შეტევა ჩაიშალა. კროტონელებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს. არადა, სიბარისელებს გაცილებით მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული მეომრები ჰყავდათ.
***
ანტიფრანგულად განწყობილ ინგლისში ჩასული ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი ერთხელ ბრბოს ალყაში მოექცა, რომელიც შეძახილებით — „სიკვდილი ფრანგს, ჩამოვახრჩოთ!“ — ანგარიშსწორებით ემუქრებოდა მას.
ვოლტერი არ დაიბნა და ბრბოს მიმართა:
— ინგლისელებო, თქვენ ჩემი დასჯა გინდათ, რადგან ფრანგი ვარ, მაგრამ მე ხომ ისედაც დასჯილი ვარ იმით, რომ ინგლისელად არ დავიბადე?!
და ვოლტერი ცოცხალი დატოვეს.
წიგნები და სასკოლო მერხი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2020
გაიცანით საინტერესო ისტორიის სიტყვები: მცირე განმარტებითი ლექსიკონი
***
ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსი ანტუან პარმანტიე საფრანგეთ–პრუსიის ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მან რამდენიმე თვე გაატარა. პრუსიელები პატიმრებს ძირითადად კარტოფილით კვებავდნენ, რომელიც საფრანგეთში საერთოდ არ იყო გავრცელებული.
ტყვეობიდან გათავისუფლებულმა პარმანტიემ გადაწყვიტა სამშობლოშიც დაენერგა ეს მეტად სასარგებლო და ადვილად მოსავლელი მცენარე, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ფრანგებმა თავიდანვე აითვალწუნეს კარტოფილი და უარს ამბობდნენ მის მოყვანაზე.
მაშინ ფრანგმა ბოტანიკოსმა ხერხს მიმართა. 1787 წელს მან საფრანგეთის მეფისგან მიიღო ნებართვა, რომ კარტოფილი დაეთესა ერთ მეტად უნაყოფო ველზე. ამასთან პარმანტიემ მეფესთან აუდიენციისას იმასაც მიაღწია, რომ ხსენებული ველისა და კარტოფილის დასაცავად არმიის ნაწილები გამოყვეს.
ასე რომ, კარტოფილის მინდორს მუნდირებში გამოწყობილი და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები იცავდნენ, ოღონდ მხოლოდ დღისით, ღამით კი დაცვა იხსნებოდა.
ყოველივე ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ფრანგი გლეხები ღამღამობით მალულად შეესეოდნენ ხოლმე მინდორს, კარტოფილს ამოჩიჩქნიდნენ და თავიანთ ბოსტნებში გადასარგავად მიჰქონდათ.
ასე გავრცელდა კარტოფილი საფრანგეთში.
ლიტერატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
მეტყველებაში დამკვიდრებული ფრაზა-გამოთქმები: ისტორია და მნიშვნელობა
***
ლუი მეთხუთმეტის მეფობის დროს პარიზში მოდაში შემოვიდა კაბრიოლეტის ტიპის ეკიპაჟები, რომელთა მართვასაც ძალა, განსაკუთრებული ცოდნა, ძალა და მოხერხება ესაჭიროებოდა. კაბრიოლეტებზე „ამხედრებული“ ქალბატონების მიზეზით მაშინ ძალიან იმატა პარიზის ქუჩებში საგზაო უბედურმა შემთხვევებმა. რა აღარ გააკეთეს, კანონიც კი გამოსცეს, რომელიც საერთოდ უკრძალავდა მანდილოსნებს კაბრიოლეტის მართვას, მაგრამ ყველაფერი უშედეგო გამოდგა.
მაშინ ძალაში შევიდა მეტად გონებამახვილური კანონი „კაბრიოლეტების მართვის მსურველ მანდილოსანთათვის ზღვრული ასაკის“ შესახებ, რომელიც კაბრიოლეტის მართვის უფლებას მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალებს აძლევდა.
კანონის გამოცემიდან ორი დღის შემდეგ კაბრიოლეტის კოფოზე ერთ ქალსაც ვერ ნახავდით. პარიზელ ქალბატონებს არ სურდათ საჯაროდ იმის დაფიქსირება, რომ ისინი 30 წელს იყვნენ გადაცილებული.
***
ცნობილი მწერალი ფრანსუა რაბლე იმდენად დიდ მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდა, რომ ქალაქ ლიონიდან პარიზში წასასვლელი ფულიც არ ჰქონდა. სასტუმროში მყოფმა მწერალმა სამ პატარა პარკში შაქრის ფხვნილი ჩაყარა და ზედ დააწერა: „საწამლავი მეფისათვის“, „საწამლავი დედოფლისათვის“, „საწამლავი უფლისწულისთვის“. ეს პარკები დამლაგებელმა ნახა და შეშინებულმა სასტუმროს მეპატრონეს აცნობა. რაბლე დაიჭირეს და ბადრაგის თანხლებით პარიზში გაამგზავრეს. დაკითხვისას მან პროკურორს თავისი გასაჭირისა და ოინის ამბავი გაუმხილა და სიმართლის დასამტკიცებლად პირში ერთ-ერთი პარკის შიგთავსი ჩაიყარა.
პროკურორმა მატყუარა რაბლე იმით დასაჯა, რომ ბადრაგის თანხლებით ისევ ლიონში დააბრუნა.
ყველა ახალი ამბავი
0