ღარიბაშვილი: სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სხვა დაწესებულება გამორიცხულია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
როდის მოხდება სააკაშვილის ციხის სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ერთადერთი დაწესებულება, სადაც მას გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება. სააკაშვილის ადვოკატებმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტის შესაძლო ჰოსპიტალიზაცია გააპროტესტეს.

„ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს გამორიცხულია", – განაცხადა პრემიერმა.

როგორც გუშინ იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი პაციენტის გადაყვანა მოხდება სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
აქცია ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ინფორმაცია
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში, მაგრამ 2020 წლის 5 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მისი ნაწილი გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში. ამ დროისთვის უცნობია, დაწესებულების რომელ ნაწილში გადაიყვანენ სააკაშვილს.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. 20 ოქტომბერს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ყველა ახალი ამბავი
0