სააკაშვილი: მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება... თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე

© photo: SputnikМихаил Саакашвили
Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მიიღოს ექიმების დახმარება. ამის შესახებ ნათქვამია პოლიტიკოსის წერილში, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა გაავრცელა.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-20 დღეა შიმშილობს. გუშინ იგი ექიმების კონსილიუმმა მოინახულა, რომელმაც მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა, თუმცა ამისთვის თავად პოლიტიკოსის თანხმობაც არის საჭირო.

„სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ექს-პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ. ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით – შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე“, – დაწერა სააკაშვილმა.
 მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
„ვივამედში“ სააკაშვილისთვის მეხუთე სართულს ამზადებენ: მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლები ამ წუთებში კლინიკაში ცალკე სართულს ამზადებენ სააკაშვილისთვის, რომელიც ოთხშაბათს შეიძლება რუსთავის №12 პენიტეციური დაწესებულებიდან გადაიყვანონ.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0