ევროპარლამენტარები: „სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურ დევნაზე კითხვებს ბადებს“

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში
ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, რაზეც პასუხისმგებლობა მთავრობას და მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ეკისრება.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტის ხუთი დეპუტატი აწერს ხელს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა, ის თბილისში 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და არ აპირებს მის შეწყვეტას მანამ, სანამ ციხიდან არ გამოვა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს, ასევე იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად.

„ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან და სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, რაზეც პასუხისმგებლობა მთავრობას და მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ეკისრება.
„ისინი არჩევანის წინაშე დგანან – გააგრძელონ უარყოფითი შედეგები, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, ვიდრე სააკაშვილი ციხეშია, ან დააბრუნონ თავიანთი ფოკუსი კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის სამართლის სტანდარტების დაცვისკენ, რომელიც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი: მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის>>>
აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლებასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მხრიდან პირველი არ არის. ორი დღის წინ 70-ზე მეტმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლიაიენს და ევროპარლამენტის სპიკერს დავიდ–მარია სასოლის ღია წერილით მიმართეს. მათი განცხადებით, სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს და თავისუფალი იყოს იმ დრომდე, „სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე“.
გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის დეპუტატების წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება და ყველა დამნაშავე, მათ შორის სააკაშვილი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
სააკაშვილის დაკავება
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0