„მოვა დრო და ადამიანი გაერიყება ციფრულ ცხოვრებას“ – ქართველი რეჟისორის გერმანული აღიარება

© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე ფილმის გადასაღებ პავილიონზე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე ფილმის გადასაღებ პავილიონზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დიუსელდორფში მცხოვრებ ქართველ რეჟისორს ბუბა გოგიბერიძეს გაგაცნობთ.
კინო მისთვის ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა და ბედნიერების მოპოვების საშუალებაა, წარმატება კი იმის გაცნობიერება, რომ შენი გული და გონება თავისუფლად გრძნობს თავს. საქართველოში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, თეატრის სცენაზე რამდენიმე როლიც ითამაშა. რადგან არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, პროფესიული განვითარებისთვის ევროპას მიაშურა. რეჟისორის პროფესიას დორტმუნდის გამოყენებითი ტექნიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში დაეუფლა.
ქართველი რეჟისორის ფილმებმა სხვადასხვა ფესტივალზე მალე მიიქცია ადგილობრივი პროფესიონალების ყურადღება. მისი ფილმის „არსად წავალ“ პრემიერა კი პრესტიჟულ Max Ophuls Preis-ის ფესტივალზე გაიმართა.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeბუბა გოგიბერიძე სპექტაკლში "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
ბუბა გოგიბერიძე სპექტაკლში ნეაპოლი  მილიონერთა ქალაქი
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
ბუბა გოგიბერიძე სპექტაკლში "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
- ბუბა, რადგან რეჟისორი ხართ, ასე გკითხავთ: როგორი იყო თქვენი ცხოვრების „ფილმი“, რომელიც ბავშვობით დაიწყო?
- ჩემი ბავშვობა უკავშირდება ბნელ 90-იანებს, როდესაც უშუქობა, სიცივე, შიმშილი და ბევრი უსამართლობა იყო. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დროს ან ეპოქას კარგიც არ ახლავს ხოლმე. კარგად მახსენდება ჩემს ოჯახში გამართული იმდროინდელი პოეზიის საღამოები, არ იყო ერთი დღეც, რომ არ გვესაუბრა გალაკტიონ ტაბიძეზე, მუხრან მაჭავარიანზე და მათი ლექსები არ წაგვეკითხა. ასეთი მომენტები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მეზობლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ და ერთი მეორეს გვერდში ვედექით.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeბუბა გოგიბერიძე მეუღლესთან, ნათია კიკოშვილთან ერთად
ბუბა გოგიბერიძე მეუღლესთან, ნათია კიკოშვილთან ერთად
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
ბუბა გოგიბერიძე მეუღლესთან, ნათია კიკოშვილთან ერთად
- ეთანხმებით აზრს, რომ იმ დროში, როცა ტექნოლოგიები არ იყო განვითარებული, ურთიერთობები უფრო თბილი და ბუნებრივი იყო?
- ჩემი აზრით, ტექნოლოგიური განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვითარდება, პირიქით, მან შეიძლება ამ დროს დეგრადაციაც განიცადოს, ბუნებრივ ურთიერთობებს დაშორდეს, რაც მომავალში, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. მე ვფიქრობ, მოვა დრო და ადამიანი გაერიყება ციფრულ ცხოვრებას და ვირტუალური ქსელიდან ისევ ბუნებრივ ურთიერთობებს დაუბრუნდება, ჩემთვის ეს ძალიან თვალში საცემია. ხალხმა დღეს სხვისი ცხოვრებით ცხოვრება დაიწყო და ონლაინ სამყაროში ზედმეტად გადაინაცვლა. მე მქონდა რადიკალურად განსხვავებული ბავშვობა, სადაც ადამიანური დამოკიდებულებები იყო, რაც ახლანდელ ბავშვებს ძალიან აკლიათ.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
- თეატრის სამყაროსთან პირველი შეხება როგორ გახსოვთ?
- ამ სამყაროსთან პირველი შეხება თოჯინების თეატრიდან დამამახსოვრდა. მაშინ იქ სკოლიდან ხშირად მივყავდით ხოლმე. მახსოვს, როცა ჩემ წინ ჯადოსნური სამყარო გადაიშალა, ბავშვები გაოცებული ვუყურებდით. 90-იანებში ჩვენთვის ეს საოცარი სანახაობა იყო. დღეს გაცილებით უკეთესი ეფექტებით შეგიძლია ყველაფრის ნახვა, მაგრამ მაშინ ეს გრანდიოზული გვეჩვენებოდა. 2001 წლისთვის, როდესაც პირველად მივედი რუსთაველის თეატრში, ბატონი ჟანრი ლოლაშვილი ლუარსაბ თათქარიძეს თამაშობდა. ეს იყო ჩემთვის პირველი გააზრებული სპექტაკლი, როცა რეალურად აღვიქვი, თუ რას წარმოადგენდა თეატრი. მერე იყო თავისუფალი თეატრი, სადაც ახალგაზრდები ხშირად დავდიოდით. მახსოვს სპექტაკლები „ჯინსების თაობა“ და „კომედიანტები“, სადაც მთავარ როლს ნიკო გომელაური თამაშობდა.
- ერთ დღესაც თეატრალურ ინსტიტუტში აღმოჩნდით...
- დიახ, ერთ დღესაც ამ სამყაროს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტამდე მიმიყვანა და იქ ჩავაბარე. ეს გადაწყვეტილება ჩემი ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბებია-ბაბუა ისტორიკოსები იყვნენ, მამა - ფრანგულის სპეციალისტი, დედას კერვა ეხერხებოდა და საინტერესო სამოსს ქმნიდა. სხვათა შორის, ოჯახი, გაკვირვების მიუხედავად, ჩემ გადაწვეტილებას ძალიან კარგად შეხვდა და ყველა მხარში დამიდგა. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
- თეატრალურზე სწავლის დროს რომელი რეჟისორის ჯგუფში მოხვდით?
- მე ვიყავი სანდრო მრევლიშვილის ჯგუფში, თეატრშიც მან წამიყვანა, თავიდან მეტეხის თეატრი ჰქონდა, შემდეგ „გლობუსი“. პირველი ხელფასიც მან მომცა, თუ არ ვცდები, 66 ლარი იყო. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი და ის ხელფასი არასოდეს დამავიწყდება. „ჰამლეტში“ ძალიან პატარა როლი მქონდა, ჰამლეტის მეგობარს, გილდესტენს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. მეტყველებას უნიჭიერესი ქალბატონი და საოცარი პედაგოგი თამილა ლასხიშვილი გვასწავლიდა. შემდეგ მოვიდა მეორე რეჟისორი შოთა კობიძე, ასევე ძალიან კარგი პედაგოგი და ადამიანი, რომლის დროსაც თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. რამდენიმე ხანი ვაკის სარდაფში (ახლანდელ ილიაუნის თეატრში) ვთამაშობდი სპექტაკლში „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი".
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
- გერმანიაში რატომ გადაწყვიტეთ გადასვლა?
- ყოველთვის მინდოდა ქვეყნიდან გასვლა და რაღაც ახლის შეცნობა. დიდი გეგმები არასოდეს მქონია, იმიტომ რომ არ ვიცოდი უცხოეთში კონკრეტულად რა უნდა მეკეთებინა. ვიცოდი მარტო ის, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან სწავლა მინდოდა. მერე აღმოჩნდა, რომ გოგო, რომელიც მიყვარდა, გერმანიაში მიდიოდა და ვთქვი, მეც ავდგები და წავალ–მეთქი. მოგვიანებით გადავწყვიტე რეჟისურა მესწავლა, რადგან ვთვლი, რომ ეს საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ ადამიანებამდე შენი სათქმელი მიიტანო. დასაწყისში გერმანიაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, რადგან ენა არ ვიცოდი. ფაქტობრივად, ერთი წელი ენას ვსწავლობდი. ვმუშაობდი იმიტომ, რომ ბინის ქირა მეხადა. ვინც ეს არ იცის, ალბათ ადვილი ეჩვენება ყველაფერი, სინამდვილეში ძალიან რთულია, მაგრამ თუ მიზანი გაქვს და გინდა რაღაც გააკეთო, აუცილებლად მიაღწევ, შეუძლებელი არაფერია.
© courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
- როგორც ჩანს, მიაღწიეთ კიდეც, რადგან თქვენმა ფილმებმა ადგილობრივ ფესტივალებზე ყურადღება მიიქცია...
- მანამდე ჩავაბარე დორტმუნდის გამოყენებითი ტექნიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რისთვისაც სამი ტური გადავლახე. პირველად დავალებას გაძლევენ, რომ სამწუთიანი ფილმი გადაიღო, შემდეგ კონკრეტულ თემაზე უნდა დაწერო პატარა ნოველა, რომელსაც პერსპექტივაში ფილმად გადაღების შესაძლებლობა აქვს. მესამე ტური გასაუბრებაა, რომლის დროსაც კითხვებს გისვამენ და შენს ზოგად განათლებას ამოწმებენ. მეორე სემესტრში გადავიღე ფილმი, სადაც მოქმედება 1943 წელს, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება გერმანელების სახლში, სადაც ორი მოხუცი შვილთან ერთად ცხოვრობს. ამას რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeბუბა გოგიბერიძის ფილმის "არსად წავალ" პოსტერი
ბუბა გოგიბერიძის ფილმის არსად წავალ პოსტერი
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
ბუბა გოგიბერიძის ფილმის "არსად წავალ" პოსტერი
-თქვენი ერთი ნამუშევრის პრემიერა პრესტიჟულ კინოფესტივალზე შედგა, რომელ ფილმზეა საუბარი?
- ეს იყო ჩემი საბაკალავრო ნამუშევარი, ფილმი „არსად წავალ“, რომლის პრემიერაც Max Ophuls Preis-ის 42-ე ფესტივალზე შედგა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, სადაც ადვილად ვერ ხვდებიან. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ფილმის პრემიერა სწორედ აქ შედგა. ამას გარდა, ფილმი, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება, ავსტრიაშიც ვაჩვენეთ და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი გადაღების დროს ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ფილმი საქართველოში, ბათუმის ფესტივალზეც აჩვენეს. იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებელი მას თბილისის ფესტივალზეც იხილავს. ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება სრულმეტრაჟიან ფილმს, რომლის სცენარზე მუშაობა შემდეგ წელს მინდა დავიწყო. მერე ის ადგილობრივ კინოდაფინანსებისა და საქართველოს კინოცენტრშიც გავგზავნო. ეს იქნება ქართულ-გერმანული ამბავი და ვნახოთ, რა გამოვა. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeკადრი ფილმიდან "არსად წავალ"
კადრი ფილმიდან არსად წავალ
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
კადრი ფილმიდან "არსად წავალ"
- რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა შეუდგა წარმატებისკენ მიმავალ გზას?
- მე არ ვიცი რამდენად წარმატებული ვარ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ დასაწყისში ვარ. სულ ახლახან აღმოვაჩინე ის, რისი კეთების სურვილიც მთელი ცხოვრება მაქვს. კინო არის ის, რითიც შემიძლია ხალხთან ურთიერთობა და ბედნიერების მოპოვება. წარმატება კი იმის გაცნობიერებაა, რომ შენი გული და გონება თავისუფლად გრძნობს თავს, მთავარი ესაა ცხოვრებაში. არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი უკვე ვიცი, რადგან ძალიან დიდი და ძნელი პროცესია. ყველას ვურჩევ, რასაც გული უკარნახებს, ის აკეთოს. ყველაფერს არამატერიალურად, ცოტა ფილოსოფიურადაც უნდა შევხედოთ და სამყაროში საკუთარი თავი და ადგილი ვიპოვოთ...
ყველა ახალი ამბავი
0