ანასტასია შატალოვას მკვლელობა: მოსკოვმა საქართველოს სამართლებრივი დახმარება სთხოვა

© Sputnik / STRINGERშვეიცარიის საელჩო საქართველოში
შვეიცარიის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
რუსეთის საკონსულო განყოფილების თანამშრომლები მუდმივ კავშირზე არიან გარდაცვლილის მამასთან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას გამოუგზავნა ნოტა თხოვნით, გაუწიოს მას სამართლებრივი დახმარება რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია.
შატალოვა 17-18 ოქტომბრის ღამეს საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. თვითმხილველების თქმით, ქალს შვიდი ტყვია ესროლეს.

„(რუსეთის ფედერაციის) ინტერესთა სექციამ გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაუწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საქმეში“, – ციტირებს РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან გარდაცვლილის მამასთან, რომელიც თბილისშია ჩამოსული.
„საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება ყველა საჭირო ზომა საქართველოში მყოფი გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ შორის მისი არასრულწლოვანი ვაჟის, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ინტერესთა სექცია სამძიმარს უცხადებს ანასტასია შატალოვას ოჯახსა და მის ახლობლებს”, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა.
ესენი არიან: ბექა ლატარია, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან ესროლა შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე. ლევან რაჯაევი, რომელსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. მისი ბინის ჩხრეკისას დააკავეს მისი მეგობარი ბიძინა ხასია, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებისას მან პოლიციელების მისამართით აივნიდან ხელყუმბარა ისროლა.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც 25 წლის ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
გუშინ ჩხრეკა ბერიძის სახლშიც ჩატარდა, სამართალდამცველებმა ბერიძის ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები ამოიღეს. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
ყველა ახალი ამბავი
0