ლომჯარია: საპატიმროებში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის №17 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, ცხადყოფს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
14 ოქტომბერს რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულების სასადილოში ხანძარი შუადღისას გაჩნდა, რა დროსაც სასადილოში მსჯავრდებულთა უმეტესობა უკვე აღარ იმყოფებოდა – ხანძარმა სასადილოში მყოფი ორი პატიმარი იმსხვერპლა, რომლებიც დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.
„დაწესებულების დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი… არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმური თუ არაგეგმური მონიტორინგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, აუცილებელია პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს ევაკუაციის გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მექანიზმი.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ხანძარი რუსთავის ციხეში: ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი
სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0