ნახევრად წაშლილი ეპიტაფიით შთაგონებული ლექსი და „თოვლიან ხეს შეფარებული ბეღურები“

© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძე
ჯული ფოფხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ბავშვობაში, როცა სახლის კედლები მოხატა, იმდენად ლამაზი გამოუვიდა, რომ ამ თავნებობისთვის მისი დასჯა არავის უცდია, პირიქით, ეს ხატვის გამართლებულ მცდელობად ჩაუთვალეს.
წლების მერე, პროფესიით ფილოლოგმა სანამ წერა დაიწყო, მანამდე ხატვის სურვილი და მოთხოვნილება გამოავლინა. დღეს სათქმელს ორივე ფორმას კარგად არგებს. უკვე გამოსცა კიდეც ნოველების პირველი კრებული სახელად „ლურჯი კესანები“. სამომავლოდ, გამოფენის და წიგნის პრეზენტაციის მოწყობას ერთად აპირებს. დანარჩენს ჯული ფოფხაძის ნაამბობიდან შეიტყობთ.
- ქალბატონო ჯული, მხატვრობის პირველი მცდელობა თქვენთვისაც ბავშვობას უკავშირდება?
- ასე გამოდის. მახსოვს, სკოლაში სწავლის დროს, ოთახის კედლები მოვხატე. ცნობისმოყვარე მეზობლები მის სანახავად შემოდიოდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. იმ ნახატების ცქერით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. მოგვიანებით ჩემი „კედლის შემოქმედება“ ბინის რემონტს შეეწირა. შემდეგ იყო დიზაინერობის მცდელობა, ვხატავდი ესკიზებს, ჟურნალებიდან ვიხაზავდი თარგებს და თექვსმეტი წლის ასაკში ჩემი შეკერილი კაბით თავს ვიწონებდი. ჩემი ერთ-ერთი გატაცება მოდელობა იყო. მესამე კლასში ვსწავლობდი, როდესაც საახალწლო ღონისძიებაზე, უფროსკლასელების ნამუშევრების წარსადგენად, მოდელად ამირჩიეს. დღემდე კარგად მახსოვს კაბა, რომლითაც იმ ჩვენებაზე გამოვედი.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძე
ჯული ფოფხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძე
- სკოლის შემდეგ თუ გქონდათ შემოთავაზება?
- დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ მქონდა შემოთავაზება, მაშინდელი მოდელების სახლიდან, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ რატომღაც, მოდელის საქმიანობას არასერიოზულად აღიქვამდნენ და ჩემი სამოდელო კარიერა ჩანასახშივე ჩაქრა. უფრო გვიან, შვილის გაჩენის შემდეგ, ქარგვამ გამიტაცა. არასოდეს მიმუშავია შაბლონებზე, ფანქრით ტილოზე გადამქონდა ნახატები და ძაფებით ვაფერადებდი. თეთრად გათენებული ღამეების სანაცვლოდ უამრავი ნაქარგი დამიგროვდა. ჩემი პირველი ნახატი თეატრალური ნიღბები იყო.
- შთაგონების წყარო თეატრისადმი სიყვარული გახდა?
- დიახ, ასეც იყო. მომავალ პროფესიად მსახიობობა ავირჩიე, თუმცა არ გამიმართლა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, რამდენიმე წელი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კანცელარიაში ვმუშაობდი. ეს იყო უბედნიერესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბატონი რობერტ სტურუა მაშინ „მეფე ლირს“ დგამდა. რეჟისორს მოწიწებით ვთხოვე, რომ რეპეტიციას დავესწრები მეთქი და ისიც დამთანხმდა. სცენის ახლოს ლოჟაში ჩუმად ვიჯექი და მონუსხული ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ იცვლებოდა თითოეული დეტალი, მოქმედება, სცენა, ვაკვირდებოდი მხატვარ-დეკორატორების მუშაობას. თეატრი ხომ სინთეზური ხელოვნებაა და აქ პოეზია, მუსიკა თუ მხატვრობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ასე დაიბადა, ჩემს თვალწინ „მეფე ლირი“. ჩემი სტუდენტობის წლები იმ შავ-ბნელ 90-იანებს დაემთხვა და ჩემს მოგონებებსაც ამიტომ გასდევს რუხი ფონი.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი
ჯული ფოფხაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძის ნახატი
- თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმ წლებშიც იქნებოდა გამონათებების მსგავსი ამბები...
- რა თქმა უნდა იმ დროშიც იყო პატარ-პატარა სიხარულები. ერთმა შემთხვევამ საოცარი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ბატონმა თენგიზ სანიკიძემ, რომელიც გრამატიკის საფუძვლებს გვიკითხავდა, სტუდენტებს ძველქართული სიტყვები ჩაგვაწერინა და გვთხოვა მათი გამოყენებით პატარა მოთხრობა ან ჩანახატი დაგვეწერა. მეორე დღეს, დაწერილები გაერთიანებულ ლექციაზე წაგვაკითხა. სხვებთან ერთად მეც წარვადგინე ჩანახატი, რომელშიც 22 ჩაწერილი სიტყვა მქონდა გამოყენებული. კითხვა რომ დავამთავრე, ბატონი თენგიზი მომიახლოვდა და მითხრა, თუ შეგიძლია ეგ ჩანახატი მაჩუქეო, არც დავფიქრებულვარ, რვეული ისე გავუწოდე. დღის ბოლოს დერეფანში დამინახა, თავისთან მიხმო და მითხრა: შენი ნაშრომი კიდევ ერთხელ წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ, აუცილებლად უნდა წერო, დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად გამოგივაო. სიხარულისაგან მთელი ღამე არ მიძინია, მას შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ სულ მეწერა და არც გავჩერებულვარ. სტუდენტობის წლებმა ზოგადად ბევრი რამ მასწავლა, უფრო მეტად კი, პოეზიის მიმართ ინტერესი და სიყვარული გამიღვივა.
© courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძე
ჯული ფოფხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძე
- წლების შემდეგ ყველაფერი პირველ კრებულში აისახა...
- საკუთარი ლექსების და ნოველების კრებული ერთი წლის წინ დავბეჭდე. კრებულს ერთ-ერთი ნოველის სახელწოდება „ლურჯი კესანები“ ჰქვია. მასში შესულია როგორც სტუდენტობისდროინდელი ლექსები, ასევე ბოლო თვეებში დაწერილიც. რაც შეეხება ნოველებს, რამდენიმე წლის წინ დავიწყე წერა. ისინი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი წიგნის კითხვის დროს ბევრი იტირეს, ე.ი. ფუჭად არ მიშრომია. გამოფენის სურვილი მაქვს, ნახატებთან ერთად ნაქარგებსაც თუ ჩავთვლით, ალბათ ისინი საკმარისი იქნება გამოფენისთვის. თუმცა, ვფიქრობ, გამოფენის და წიგნის პრეზენტაციის მოწყობა ერთად უფრო საინტერესო იქნება, მანამდე კი დასახატი კიდევ ბევრი მაქვს. ჩემს რამდენიმე ლექსს მინდა, რომ ნახატი მივუძღვნა. მხატვრობაც ხომ პოეზიაა, ტილოზე ფერებად გამოსახული.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი
ჯული ფოფხაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძის ნახატი
- რომელია ლექსი-ამბავი, რომელიც გულწრფელმა ემოციამ დაგაწერინათ?
- მოკლედ ერთ ზაფხულს მეგობრის სოფელში ვისვენებდი, რომლის შორიახლოს ძველისძველი სასაფლაო იყო. ასეთი ადგილები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩემში, იდუმალებით მოცული ქვადქცეული სამყარო, ათას საიდუმლოს რომ ინახავს. ნახევრად წაშლილი ეს ეპიტაფია ძლივს ამოვიკითხე და სულით ხორცამდე შემძრა. ლექსი-ამბავი შეიძლება ვუწოდო ლექსს „ეპიტაფია“, რომლის დაწერა სწორედ იმ ძველი საფლავის ქვაზე ამოკითხულმა წარწერამ შთამაგონა: „ჰოი შენ! დაო ნინუცი, გაუხარელო მზისაო, შენგან შეკრული მზითევი, ვაი, შეიქნა სხვისაო“.
- ანუ ამ ერთ სტროფზე ააგეთ თქვენი ლექსი?
- დიახ, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ეს ამბავი ლექსად მეთქვა, თანაც, შევეცადე სტილიც დაცული ყოფილიყო:
„რას ღაღადებენ ლოდები მდუმარე საფლავისაო,
რა საიდუმლოს ინახავს წარწერა ცივი ქვისაო:
„ჰოი! შენ დაო ნინუცი! გაუხარელო მზისაო,
შენგან შეკრული მზითევი ვაი! შეიქნა სხვისაო.“
სად გაიყოლე ნეტავი დარდი საყვარელ ძმისაო,
უდროდ შეიქნა ბეჩავი მომსწრე ამ შავი დღისაო;
შენი უმანკო სხეული ვერ ნახავს ნათელს მზისაო,
საფლავზე სატრფო ეული მდუღარე ცრემლებს ღვრისაო;
ვის უსახსოვრე საკინძე სპეტაკი პერანგისაო,
საგულეს უწვავს საუნჯე, ვით ალი კელაპტრისაო;
ცრემლით აუგე ანდერძი ამ სოფლის მოჭორილსაო,
მოჰგავდი ცაში აფრენილს ანგელოზს ბოჭორმისაო;
დრო სამუდამოდ გაჩერდა ამქვეყნად შენი მზისაო,
საუკუნეებს დარჩება წარწერა ცივი ქვისაო:
„ჰოი! შენ დაო ნინუცი! გაუხარელო მზისაო,
შენგან შეკრული მზითევი ვაი, შეიქნა სხვისაო.“
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი
ჯული ფოფხაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძის ნახატი
- თქვენი რომელიმე ნახატის მიხედვით თუ დაგიწერიათ ლექსი?
- დიახ, მაქვს ასეთი, ეს არის „ზამთარი“. ეს ლექსი ისევე როგორც ნახატი, გულგრილს ვერავის ტოვებს. ყველასთვის ახლობელია შეგრძნება „ტყე და ტყის პირას პატარა ოდა, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა...“ ეს სურათი, თითქოს სადღაც, ღრმა ბავშვობაში მინახავს და მის გახსენებაზე უსაშველო ნოსტალგიას განვიცდი.
„ამ მოგონებას ვეღარ დავიშლი,
მართობდა ცეცხლში ტკაცუნი შეშის,
ვიცი საღერღელს ფუჭად ავიშლი,
რომ მონატრება ჭკუიდან შემშლის“...
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი
ჯული ფოფხაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძის ნახატი
- ლექსი ტკივილს უფრო მოყვება ხოლმე თუ სიხარულს?
- ერთი ლექსი მოყვა დედის გარდაცვალებას, რაც ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა. დღემდე ვერ ვარქმევ სახელს იმ მდგომარეობას, რაშიც მისი გარდაცვალების დროს აღმოვჩნდი. ივლისის საშინელი ხვატი იდგა, მე ბავშვთან ერთად სოფელში ვიყავი. ერთ დღესაც, დედისთვის დაბადების დღის მისალოცად თბილისში ვბრუნდებოდი, როცა ეს შემზარავი ამბავი გავიგე. წლების მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც შორს იყო წასული და მის დაბრუნებას ველოდი. ლექსი გვიან მოვიდა, მაშინ, როცა მონატრება გაუსაძლისი გახდა.
პეშვით მიღვივებდი მარცვალს, სანთლად მენთებოდი ბნელში,
შენგან სამუდამოდ დამრჩა, თუ რამ სიკეთეა ჩემში.
სულში ჩამისახლდი თითქოს, ხმა თან გამუდმებით მდევდა,
შენი - არ გაცივდე შვილო, შენი -გენაცვალოს დედა!
ღამეს მითენებდი თავთან, არ ჩამომვარდნოდა ბეწვი,
როგორ მენატრები ახლა, როგორ მაკლიხარ და მეწვი.
თეთრად დაგტყობოდა თმებზე გულში დაფარული სევდა,
რას არ გავიღებდი, ერთხელ, კიდევ დამეძახა- დედა!
არგამოღვიძებას ვცდილობ, როცა ტკბილ სიზმარში გხედავ,
ისევ -არ გაცივდე შვილო, ისევ- გენაცვალოს დედა...
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი
ჯული ფოფხაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ჯული ფოფხაძის ნახატი
- შეგიძლიათ ახლა სიტყვების: პანდემია, მალე, ქალი, სიზმარი- გამოყენებით პატარა ჩანახატი დაწეროთ?
- შევეცდები... შესვენების დრო გამოვიყენე და დავწერე მოკლედ, „ქვემეხები როცა ქუხან, მუზები სდუმანო ნათქვამია, ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა, მუზები ახლა ისე ახმაურდნენ, როგორც არასდროს. პანდემიის დროს, განსაკუთრებით ქალი გააქტიურდა, მკაცრი რეგულაციებით შეზღუდულმა, სულიერება ამოაფრქვია, ჯინივით ბოთლიდან გამოათავისუფლა მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ლამაზი გრძნობა თუ დიდი ტკივილი და ტილოზე გადმოღვარა. ყველაფერი ცუდი წარმავალია, პანდემიაც ცუდი სიზმარივით გაივლის, დარჩება მხოლოდ ხელქმნილი სილამაზე. ჩვენ ახლა თოვლიან ხეს შეფარებულ ბეღურას ვგავართ, რომელიც შორეთს გაჰყურებს იმედით, რომ მალე გაზაფხული მოვა.
ყველა ახალი ამბავი
0