პენიტენციური სამსახური: რუსთავის ციხეში ბუნტი არ არის

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსახანძრო მანქანა რუსთავის ციხესთან
სახანძრო მანქანა რუსთავის ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
პენიტენციურ დაწესებულებას ხანძრის გამო არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან დაშორებულია, ხანძარი დღეს, 14:20 საათზე გაჩნდა.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ N17 დაწესებულება სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან მოშორებით მდებარეობს და სხვა შენობებს საფრთხე არ ემუქრება.
„N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ხანძარი რუსთავის ციხეში — ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
 - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
ხანძარი რუსთავის ციხეში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აალების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
ამასთან, პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტის შესახებ.

„ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. მათივე ცნობით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარებას.
პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, აცხადებენ უწყებაში.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0