ჟენევის მოლაპარაკებები – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ჟენევის დისკუსიების მორიგი, 54-ე რაუნდი საქართველოსა და რუსეთს შორის რამე განსაკუთრებული შედეგით არ დასრულებულა – მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს, თუმცა დათანხმდნენ, რომ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.

„ადგილზე არსებული ზოგადი უსაფრთხოების სიტუაცია შეფასდა როგორც შედარებით სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ გადაუჭრელ საკითხებზე, მათ შორის მიმდინარე დაკავებებზე, გაუჩინარებულ პირთა საქმეებზე, თავისუფალი გადაადგილებისა და საზღვარგარეთ მგზავრობის შეზღუდვაზე, COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებაზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე“, – აღნიშნულია მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეფასებაში.

დისკუსიების დროს ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილებული იყო დღის წესრიგის საკვანძო პუნქტზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებს ეხება.
განხილვის თემა იყო ასევე შეხვედრები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მათ შორის ზაფხულში ერთობლივი ძალისხმევა წყლის გამოყენების საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრებიც.
„თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ენგურის ხიდსა და საბერიო-ფახულანის გადასასვლელ პუნქტებზე შეზღუდვების მოხსნას და გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის მოწოდებით გამოვიდნენ, კერძოდ, ოძისის გადასასვლელ პუნქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეიძლება ნოემბერში გაიმართოს
ასევე აღნიშნულია, რომ, მიუხედავად სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული ჩართულობისა, დევნილებისა და ლტოლვილების ძირითად საკითხზე დისკუსია ვერ გაიმართა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ დისკუსიები დატოვა, ამის გამო ჩაიშალა რაუნდი.
თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს, გაააქტიურონ ძალისხმევა მხარეებს შორის ნდობის დასამყარებლად.
საქართველოს პოზიცია
მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა დელეგაციამ აღშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯების გამო, მათ შორის: ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა.
ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ქართული დელეგაციის წევრებმა კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის შუამავლობით მოეწერა ხელი. ამის არგუმენტად მოყვანილი იყო ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები. ეს ყველაფერი, როგორც ქართული მხარე აღნიშნავს, უშუალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა
უყურადღებოდ არ დარჩენილა ასევე საქართველოს მოქალაქეების ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაკავების პრაქტიკა და რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.
ასევე დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობის საკითხი.
საქართველო და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები კატეგორიულად აცხადებენ, რომ აუცილებელია გამშვები პუნქტების გახსნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
კვლავ შეუძლებელი გახდა დისკუსია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ. „საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პოზიცია
რუსეთი აღნიშნავს ჟენევის დისკუსიების უალტერნატივობას, რასაც მოლაპარაკებების ყველა მონაწილე ეთანხმება. ესაა უნიკალური პლატფორმა, რომელიც თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი და ინკლუზიური დიალოგის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, აცხადებს რუსული მხარე.
რუსული დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ აუცილებელია ყურადღების ფოკუსირება იურიდიული ძალის მქონე შეთანხმების დადების მიმართულებით მუშაობაზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
„ამ ამოცანის იმპერატიულობა იზრდება თბილისის ნატოში ჩართვის მხრივ დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რასაც უშუალოდ ქართულ ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები მოწმობს, მათ შორის ცოტა ხნის ალიანსის მიერ ჩატარებული მრავალეროვნული მანევრები „მტკიცე სული - 2021“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
ღარიბაშვილმა რუსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პირობა დაასახელა
ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, „სიტუაცია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–სამხრეთოსურ სასაზღვრო ტერიტორიაზე შედარებით სტაბილურია“.
„რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით რუსული მხარე გამოდის წინადადებით, დაიწყოს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსულმა დელეგაციამ ცალკე გაამახვილა ყურადღება „საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“.
რუსეთის საგარეო უწყებამ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თაობაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს განსახილველად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0