პირველად მასტერსის მეოთხედფინალში! – ბასილაშვილმა ხაჩანოვს ორ სეტში სძლია

© AFP 2024 / VAUGHN RIDLEYნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ბასილაშვილმა მერვედფინალურ ეტაპზე მატჩში ფავორიტად მიჩნეული რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე მსოფლიოს მესამე ნომერს სტეფანოს ციციპასს გაეჯიბრება.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36-ე АТР-ს რეიტინგში) ინდიან ველსის მასტერსზე მორიგი შეხვედრა მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
29 წლის ბასილაშვილმა, რომელიც მასტერსზე 29-ე ნომრად არის განთესილი, მერვედფინალურ ეტაპზე რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 24-ე ნომრად განთესილი ხაჩანოვი შეხვედრის ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მისი დამარცხება დამაჯერებლად, ორ სეტში მოახერხა.
ბასილაშვილმა შეხვედრა ბრეიკით დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკის შესრულება მალევე მოახერხა, გეიმში ანგარიში 2:2 გახადა და სეტში დაბრუნდა. ხაჩანოვმა საკუთარი მოწოდება გაჭირვებით მოიგო და წინ გავიდა, თუმცა ნიკოლოზმა ზედიზედ სამ გეიმში ყველა გათამაშებაში იმარჯვა, მან კიდევ ერთხელ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და სეტებში დაწინაურდა (6:4).
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის მერვედფინალშია
მეორე სეტის მიმდინარეობისას ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა (8:6) და საბოლოო ანგარიში – 6:4, 7:6 დააფიქსირა.
ქართველსა და რუს ჩოგბურთელს შორის დაპირისპირება საათი და 57 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა შეხვედრაში ოთხი ეისი მოაწოდა, ორმაგი შეცდომა კი მხოლოდ ორჯერ დაუშვა. საკუთარ ჩაწოდებებზე ანალოგიური მაჩვენებელი დააფიქსირა კარენ ხაჩანოვმაც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი კარიერის განმავლობაში მასტერსის ტურნირზე მეოთხედფინალში პირველად გავიდა, სადაც ის ახლა ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ციციპასმა, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, მერვედფინალურ ეტაპზე ავსტრალიელი ალექს დე მინორი დიდი გაჭირვებით, სამ სეტში დაამარცხა. მსგავსად ბასილაშვილის წინა შეხვედრისა, მატჩის ფავორიტად ამ შემთხვევაშიც ციციპასი მოიაზრება, ქართულ-ბერძნული დაპირისპირება კი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.
ინდიან ველსის მასტერსი უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს, ტურნირის საპრიზო ფონდი 9.146.125 დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გასვლით 175 ათასი დოლარი უკვე გამოიმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0