როგორი იქნება „თბილისობა 2021“: რას გეგმავს მერია

© photo: Sputnikთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. წელს „თბილისობის" დღესასწაული მოკრძალებულად გაიმართება, ტრადიციული ღონისძიებებიდან მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია და საშემოდგომო ნობათის გარე ვაჭრობა გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, წელს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ონლაინ-კონცერტი არ გაიმართება. ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ბათუმში 8 ოქტომბერს ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რამაც ცხრა ადამიანის, მათ შორის, სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. 12 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

„მოხდა ტრაგედია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ოჯახების დახმარება. თბილისი ყოველთვის დგას იმათ გვერდით, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი გაუქმდა, ჩვენ არ დავარღვევთ თბილისურ ტრადიციას და წელს „საპატიო თბილისელებს“ დავაჯილდოვებთ“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, 23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათის გარე ვაჭრობაც გაიმართება, რისთვისაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გამოიყოფა სპეციალური ადგილები.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
თბილისი დგას ბათუმის გვერდით: კალაძე თბილისობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
სადღესასწაულო ბაზრობა მოეწყობა ჩუღურეთში, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორიაზე; გლდანში ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიღმის მასივში სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში გეგეშიძის ბაღში.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
შარშან „თბილისობის" დღესასწაული, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ–რეჟიმში კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით შემოიფარგლა.
ყველა ახალი ამბავი
0