საეკლესიო კალენდარი: 12 ოქტომბერი

CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedralწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი
წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა.
ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა.
მცირე ხნის შემდეგ გერმანემ მონაზვნად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო.
დრონით გადაღებული ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 11 ოქტომბერი
ერთხელ ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.
ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.
სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.
ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო.
ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.
წმიდა მოწამე კვირიაკე განდეგილი
ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა.
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 10 ოქტომბერი
წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა.
ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (ხს. 4 მარტს) გაგზავნა. წმიდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღასრულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმიდანი, რომ დიდმარხვაში თან გაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და „მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა“. სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.
მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ ოცდაშვიდი წლის წმიდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში წმიდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმიდანს „მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ“ და ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმიდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი თვრამეტი წლის მანძილზე აღასრულებდა. წმიდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში ოცდაათი წელი დაჰყო.
როცა წმიდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. ხუთი წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმიდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა.
ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა.
მცხეთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 9 ოქტომბერი
სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. (+556)
წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია
წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. (IV)
ღირსი თეოფანე მოწყალე
ღირსი თეოფანე სირიის ქალაქ ღაზაში მოღვაწეობდა. წმიდანი კეთილი და გულმოწყალე იყო, მთელი ქონება მან მოყვასის მსახურებას შეალია, თვითონ კი სრულიად გაღატაკდა. ნეტარს ჯანის სიმრთელეც წაერთვა და სენმა გატანჯა: სხეული უშუპდებოდა, ულპებოდა და ყარდა. იგი დიდსულოვნად ითმენდა ტკივილს და ყველაფრისთვის მხურვალედ მადლობდა უფალს. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი განიწმიდა წყლულებისა და ჩირქისგან და კეთილსურნელოვანი მაკურნებელი მირონიც გადმოსდინდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0