„ეს პირადია" – სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
კვირას, საღამოს ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მასთან შეუთანხმებლად ვრცელდება, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.
ორშაბათს, დილით სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ თემით უტრირება არ ღირს... იგი ძალიან აღშფოთებულია, რომ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა", – განაცხადა გვარამიამ.

კვირას, საღამოს ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს უკვე უჭირს საუბარი და გადაადგილება. გარდა ამისა, მას სისხლის დაავადება - თალასემია აქვს.
„ჩვენ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი არც განგვიხილია. მან გარკვევით განაცხადა, რომ ეს ბრძოლა ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასიალიამ.
ბრძოლაში სააკაშვილის მომხრეები ხელისუფლებიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ჩამოშორებას გულისხმობენ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი სამშობლოში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა და მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ სისტემატურად მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
„30 ოქტომბრამდე ცოცხლად მივაღწევ": სააკაშვილის მორიგი მიმართვა
გასულ კვირაში ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ შიმშილობის მერვე დღეს სააკაშვილს 12 კგ-ზე მეტი ჰქონდა დაკლებული. ამასთან, როგორც სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0